სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი პაციენტების ახლობლებისთვის თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი გაიხსნა

3 დეკემბერი, 2015 • 1651
აფხაზი პაციენტების ახლობლებისთვის თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (ΤΙΚΑ) აფხაზეთიდან თბილისში რეფერალური პროგრამის ფარგლებში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტების ოჯახის წევრებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.

ოფიციალური ცნობითვე, “ობიექტში განთავსებულია 2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე. თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო”.

ობიექტის გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი