სამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი ეხმაურება კრემლის სამხედრო შეთანხმებას სოხუმთან

1 დეკემბერი, 2015 • 1316
თბილისი ეხმაურება კრემლის სამხედრო შეთანხმებას სოხუმთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2015 წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმს შორის სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტის გაფორმებას, კერძოდ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმებას, განცხადებით პასუხობს.

“აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება”, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს”,- ნათქვამია განცხდებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს “ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ზემოხსენებული „შეთანხმება“ წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას და ამგვარად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.

“შეთანხმება ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების კუთხით დიდ პერსპექტივებს გვიხსნის. რა თქმა უნდა, არის ადრე მიღებული შეთახმებაც, მაგრამ იქ სრულად არ არის ასახული აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივი ქმედებები. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არ შეიძლება ამ შეთანხმების გარეშე შესრულდეს, ისეთი, როგორიცაა აფხაზეთის ჯარის მოდერნიზება, ფინანსირება და ა.შ”, – ამბობს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი, მერაბ ქიშმარია

მისი თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს რუსეთის ან აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. როგორც ქიშმარია ამბობს, აღნიშნული შეთანხმების წყალობითვე რუსულ ჯარში აფხაზი ოფიცრების სწავლებები იქნება შესაძლებელი.

მერაბ ქიშმარია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას შეუძლია აფხაზეთის გარეთ საომარ მოქმედებებში ჩართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი