ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო იმ 15 საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირის საჩივართან დაკავშირებით, რომლებსაც ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „ხადიჯა ისმაილოვა და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, დასმულია საზოგადოებრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხი.

დოკუმენტში მოხსენიებულნი არიან ამჟამად Meydan TV-ის საქმეზე დაპატიმრებული ჟურნალისტი ულვია ალი, პოლიტიკური აქტივისტი ელგიზ გაჰრამანი, ჟურნალისტი მინეხანიმ ალიარლი, საზოგადოებრივი აქტივისტი ილჰამიზ გულიევი და სხვები.

2010-იანი წლებიდან აზერბაიჯანში არსებობს ქვეყნის დატოვების აკრძალვის მექანიზმი ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ. ეს მექანიზმი ძირითადად გამოიყენება ჟურნალისტების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების წინააღმდეგ.

ამჟამად პატიმრობაში მყოფ Meydan TV-ის ჟურნალისტებს, აინურ ელგიუნეშს (განბეროვა), აიტაჯ ტაპდიჯს (აჰმედოვა), ნატიგ ჯავადლის და AbzasMedia-ს დაპატიმრებულ მთავარ რედაქტორს სევინჯ ვაგიფგიზისაც 2015 წელს დაუწესდათ ქვეყნის დატოვების აკრძალვა. ეს შეზღუდვა დაახლოებით 4 წელი გაგრძელდა და 2019 წელს მოიხსნა.

ასევე, ჟურნალისტი ულვია ალი (გულიევა) 2025 წლის იანვარში „Meydan TV-ის საქმეზე“ მოწმის სტატუსით დაკითხეს, რის შემდეგაც მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ამ აკრძალვის შემდეგ, იმავე წლის მაისში, იგი დააპატიმრეს.

ბოლოს აზერ გასიმლის მეუღლეს, სამირა გასიმლისაც აეკრძალა ქვეყნის დატოვება. როცა ქვეყნიდან გამგზავრებას ცდილობდა, აეროპორტში შეიტყო, რომ აკრძალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო დაწესებული.