საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს სომხეთში, დემოკრატიული და საგარეო-პოლიტიკური პროგრესის პარალელურად, ადამიანის უფლებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შენარჩუნდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთმა გააძლიერა კავშირები დასავლეთთან – იანვარში აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი, მარტში კი პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. აგვისტოში სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც რეგიონული კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
თუმცა Amnesty International მიუთითებს, რომ ქვეყნის შიგნით კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხის მდგომარეობა. მათთვის პრობლემური იყო გრძელვადიან საცხოვრებელზე წვდომა, დასაქმება და სოციალური მხარდაჭერა.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად მედიის თავისუფლების რეიტინგში გარკვეული გაუმჯობესებისა, სომხეთში მედია კვლავ პოლარიზებულია, ჟურნალისტების უსაფრთხოება კი პრობლემად რჩება. ანგარიშში საუბარია ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლო დავების ზრდაზე, მათ შორის ე.წ. SLAPP სარჩელებზე, რომლებიც კრიტიკული ხმების დასაშინებლად გამოიყენება. მხოლოდ აპრილიდან ივნისამდე ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ 29 საქმე აღიძრა შეურაცხყოფისა და ცილისწამების ბრალდებით.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა პოლიციის ქმედებებსაც. Amnesty წერს, რომ საპროტესტო აქციების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებები კვლავ სერიოზული პრობლემაა, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ძირითადად დემონსტრანტებს ეკისრებოდათ და არა სამართალდამცველებს.
ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს ახალ კანონმდებლობას, რომელმაც პოლიციას მისცა წვდომა სათვალთვალო კამერების პირდაპირ ეთერზე და სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების შესაძლებლობაზე. Amnesty-ის შეფასებით, ეს ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის რისკებს.
ცალკე ხაზგასმულია საპატიმროებში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად დაკავებულთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული რეფორმებისა, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ციხეების გადატვირთულობის, ცუდი პირობებისა და წამების შემთხვევებზე არასაკმარისი რეაგირების გამო.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთში კვლავ მოუგვარებელია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის საკითხიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლება ლგბტი აქტივისტების დაცვის უუნარობისთვის გააკრიტიკა, ხოლო თანასწორობის შესახებ კანონპროექტი კვლავ განხილვის ეტაპზე დარჩა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
