სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში მონაწილეობა მიიღო “თავდაცვის სამინისტროს” 33-ე წლისთავისა და სამშობლოს დამცველის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
ოსური მედიის თანახმად, ვიზიტის დროს “სახელმწიფოს მეთაურმა” უწყებას გადასცა თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების პარტია, რომელიც “ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად”.
ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დროის მოთხოვნა და “საზღვრის” უსაფრთხოების უზრუნველყოფის გასაღებია.
„თანამედროვე ტექნოლოგიები საკვანძო როლს თამაშობს ეროვნულ უსაფრთხოებაში. გადაცემული დრონები ჩვენს ქვედანაყოფებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად შეასრულონ დაკისრებული ამოცანები, რაც გააუმჯობესებს რესპუბლიკაში მეთვალყურეობისა და საზღვრის დაცვის სისტემებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღჭურვილობა საიმედო ინსტრუმენტი იქნება ოსეთში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, – განაცხადა გაგლოევმა.

დრონები ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებსაც უჩვენეს.

იარაღის ქართველი ექსპერტის, გიგა ინაშვილის თანახმად, ეს ე.წ კამიკაძე დრონებია და რუსეთშია წარმოებული.
“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულმა რეჟიმმა დრონების ქვედანაყოფებს ახალი კამიკაძე FPV დრონები გადასცა. ამჯერად დრონები 20-25 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და 10-ინჩიანი (25.4 სანტიმეტრი) ფრთებითაა დაკომპლექტებული. დრონები ქარხნული წესით რუსეთშია წარმოებული. ასეთ დრონს ოპტიკური კაბელის ხვიასთან ერთად შეუძლია 1 ცალი 2 კგ-მდე წონის კუმულაციური ან მსხვრევადი მუხტის წაღება”, – წერს ინაშვილი.
