“ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, როცა აზერბაიჯანი და სომხეთი გახდნენ დასავლეთის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს”, – ამბობს გიორგი ბადრიძე, დიპლომატი და საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში. 

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო დეკლარაციით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოაწერეს ხელი? რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? – ამ საკითხებზე “ბათუმელები”  გიორგი ბადრიძეს ესაუბრა: 

გიორგი ბადრიძე
  • ბატონო გიორგი, რა  იცვლება სამხრეთ კავკასიაში თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციით? რა იცვლება საქართველოსთვის, რომელიც ამ პროცესში არც უხსენებია არავის? 

ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ საქართველო ყოველთვის განიხილებოდა მთლიანად კავკასიის და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის გასაღებად, რადგან აქ გადიოდა სომხეთის და აზერბიჯანის დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზები.

ამას გარდა, საქართველომ თავის დროზე აზერბაიჯანთან ერთად იტვირთა დასავლეთის დაკავშირება ცენტრალურ აზიასთან. ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის ენერგომატარებლებს, ასევე, სხვა ტვირთებს, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აზერბიჯანმა, მაგალითად, საქართველოს გავლით თურქეთთან და დასავლურ ბაზრებთან კავშირის მეშვეობით, 90-იანი წლების კოლაფსიდან მოახერხა შეექმნა წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო, მან შეცვალა ძალთა თანაფარდობა წარსულში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სომხეთთან და შეიარაღებული ძალების მეშვეობით თავისი ტერიტორიებული მთლიანობის აღდგენა შეძლო.

დღეს საქართველოს ამგვარი ფუნქცია უკვე დიდი კითხვის ქვეშ დგება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მივესალმები სამშვიდობო პროცესს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, მე ამას ვურჩევდი ორივე ქვეყანას, როგორც ადგილობრივ, ისე დასავლურ პრესაში – მოვუწოდებდი აზერბაიჯანს ესარგებლა შესაძლებლობით და გადაედგა ნაბიჯები სომხეთთან საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.

გიორგი ბადრიძე

  • შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია კონფლიქტი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის? 

ვიდრე რუსეთი დაკავებულია სხვა მიმართულებაზე, მისი მთავარი ბერკეტი – კონფლიქტი, აუცილებლად უნდა იქნას მოგვარებული, რადგან კონფლიქტი არის მთავარი, რაც რუსეთს აძლევდა სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესაძლებლობას.

დღეს ამ კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისთვის გადაიდგა ნაბიჯი. დეკლარაცია თავისთავად საბოლოო მოგვარების ბოლო წერტილი არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მხარეები უნდა შეთანმხმდნენ საზღვრის ურთიერთაღიარებაზე, ასევე, ყველაზე უფრო მგრძნობიარე და რთულ საკითხებზე-  ესაა იძულებით გააადგილებულ პირთა, ლტოლვილთა ბედი, როგორც აზერბაიჯანში, ისე ყარაბაღში, სომხეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაზე უფრო რთულად მოსაგვარებელი საკითხია. აზერბაიჯანი სომხების უკან დაბრუნების სანაცვლოდ დააყენებს საკითხს იმ აზერბაიჯანელების დაბრუნებაზე, რომლებიც სომხეთის ტერიტორიიდან თავის დროზე იქნენ განდევნილი.

ასე რომ, საბოლოო მოგვარებამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

საქართველოს კუთხიდან თუ შევხადავთ ამ პროცესს: თავად ფაქტი, რომ საქართველო ამ პროცესში არანაირი ფორმით ნახსენები არ არის და აზერბაიჯანი ამიერიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდეება არამხოლოდ ნახიჩევანს, არამედ თურქეთს, და მათ შორის, განავითარებს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანს, ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს.

  • ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო კარგავს თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას? 

საქართველომ ამ ფუნქციის დაკარგვა დაიწყო ჯერ კიდევ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პერსპექტივის გაჩენამდე. ეს მოხდა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად: ივანიშვილი თავიდანვე აცხადებდა, რომ საქართველო არ უნდა ატარებდეს რაიმე საერთაშორისო ფუნქციას, რომ ეს არის პატარა სოფელი და ის არავის არ უნდა აინტერესებდეს.

შემდეგ რატომღაც გამოაცხადა ივანიშვილმა, რომ აი, ჩვენ შეგვრჩება დემოკრატიის სრული ძირის გამოთხრა და დიქტატურის დამყარება,  იმიტომ რომ ვიღაცისთვის საერთაშორისო და სატრანზიტო ფუნქცია არის შეუცვლელი.

ვხედავთ, რომ შეუცვლელი არ არის საქართველო.

სამშვიდობო მოლაპარაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათ შორის, ისეთი, რომელიც საქართველოს ჩართულობით დამატებით სატრანსპორტო მარშრუტს შექმნიდა – მხოლოდ მისასალმებელი იყო, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთს აღარ ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაზე გავლენა კონფლიქტებით. ის, რომ ტვირთების რაღაც ნაწილი შეიძლება წასულიყო საქართველოს გვერდის ავლით, ეს არ იქნებოდა ძალაინ დიდი ფასი ამისთვის, მაგრამ დღეს საქართველო მთლიანად შეიძლება ამოვარდეს საშუალო დერეფნის ცნებიდან და იქცეს ერთგვარ ჩიხად – ჩრდილო კავკასიის გაგრძელებად.

ეს საშიშროება არის შედეგი მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის რეჟიმი.

  • ჩრდილო კავკასიის გაგრძელებად შეიძლება იქცეს საქართველო – ეს მოლოდინი გაქვთ? 

სრულიად. მიუხედავად იმისა, რომ „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცეს და ვიზიტები გაცვალეს –  სანდო პარტნიორად საქართველოს აღარ აღიქვამს არც სომხეთი და არც – აზერბაიჯანი.

  • მაგრამ დემოკრატიულ ღირებულებებსა და ინსტიტუციების გაძლიერებაზე არც ალიევია ორიენტირებული 

აბსოლუტურად არ არის ეს დაკავშირებული დემოკრატიასთან. ეს არის კავშირში იმასთან, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის დაკვირვებით, ივანიშვილი დღეს იქცევა რუსეთისთვის მისაღებად. რუსეთისთვის კი, სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაკარგვა სრულიად მიუღებელია. სომხეთი და აზერბაიჯანი ტრიალდებიან რუსეთიდან დასავლეთისკენ, რაც რუსეთს მიაჩნია თავის დანაკარგად – ის ქმნის რისკს, რომ შეიძლება გამოიყენოს საქართველო ორივესთვის [სომხეთი, აზერბაიჯანი] დასავლეთისკენ მიმავალი გზის მოსაჭრელად.

დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული – პრორუსული რეჟიმი საქართველოში არც სომხეთს აწყობს და არც – აზერბაიჯანს. განსაკუთრებით ახლა, რადგან სომხეთისთვის ამგვარ გარიგებაზე წასვლა ძალიან რთულია: ფაშინიანს ძალიან დიდ ფასად უჯდება ეს, რუსეთი ეცდება ყველანაირად, გააქტიუროს მისი საწინააღმდეგო პრორუსული, ნაციონალისტური ძალები სომხეთში

  • რა ჩანს ამ გადასახედიდან – შეიძლება მომავალ არჩევნებზე, ანუ 2026 წლის გაზაფხულზე პრორუსული ძალები დაბრუნდნენ სომხეთის მთავრობაში? 

[ეს შეიძლება მოხდეს] მაგალითად, გიუმრიში – ყველაზე დიდ ქალაქში ერევნის შემდეგ. პრორუსულმა კანდიდატმა ბოლო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა თუ ფაშინიანი შეძლებს ამ შეთანხმების იმგვარად ბოლომდე მიყვანას, რომ ამისგან სომხეთმა რეალური სარგებელი მიიღოს, მას ექნება შესაძლებლობა, მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს.

გარანტირებულად შეიძლება ითქვას ის, რომ რუსეთი ეცდება, ფაშინიანის ჩამოგდებით და დამარცხებით ჩაშალოს ეს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის.

აქ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა, მათ შორის, გამოიყენოს საქართველოს ფაქტორი სომხეთის, ან გნებავთ აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

  • როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველო? გულისხმობთ შესაძლო სამხედრო ესკალაციას და იმას, რომ, მაგალითად, იგივე გიუმრის ბაზა რუსეთმა საქართველოს გავლით მოამარაგოს, რადგან მას სომხეთთან საზღვარი არ აქვს? 

პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს კონფლიქტის პოტენციალი, რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანს აქამდე თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, რადგან ორივესთვის საქართველო იყო ერთადერთი გასასვლელი მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზებზე. დღეს თუ საქართველოს ალტერნატივა გაუჩნდა ორივეს, კონფლიქტის შესაძლებლობა უფრო მაღალია. მათ არც ახლა ენდომებათ ეს კონფლიქტი, მაგრამ რუსეთისთვის შეუძლებელი არ იქნება მისი პროვოცირების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა შეიძლება ვიხილოთ.

მაგალითისთვის ავიღოთ: არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან საქართველოს საზღვარი შეთანხმებული არ არის. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც საზღვრის მიღმა ჰყავს უზარმაზარი რაოდენობის ეთნიკური უმცირესობა საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, კონფლიქტის გაჩაღება არც ისე რთულია.

  • თანაც რუსეთის გამოცდილებიდან გამომდინარე?

დიახ. იგივე აფხაზეთის ომი როგორ დაიწყო? „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას აბრალებს პირდაპირ და ღიად, რომ დაიწყო ომი რუსეთთან, მართალია, თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ასე ამბობენ, მაგრამ არ ახსენებს იმას, რომ ტექნიკურად ჩვენი შეიარაღებული ძალები რომ შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ომის დაწყებად ეს იქნა მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რუსეთი ორივე მხარეს ომის გაჩაღებისკენ აქტიურად უბიძგებდა. კიტოვანი, რომელმაც ეს ნაბიჯი პრაქტიკულად გადადგა, შემდეგ წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა…

კონფლიქტის გაჩაღება რუსეთისთვის არ არის უცხო. დარწმუნებული ვარ, რომ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამგვარი რეალობის წინაშე არ დავდგეთ. ვამბობ იმას, რაც არის რუსეთის ინტერესში.

  • პუტინს ხვდება ტრამპი 15 აგვისტოს. რა მოლოდინი გაქვთ? იქნება შეხვედრის თემა სამხრეთ კავკასია და შესაბამისად საქართველო?  

არ ვარ დარწმუნებული, რომ სამხრეთ კავკასიას ვინმე ახსენებს საერთოდ ამ შეხვედრაზე. ტრამპი მოქმედებს გარიგებიდან გარიგებამდე და რაიმე სტრატეგიული ხედვა მას არ დაუფიქსირებია. საქართველოს აქტიურად უნდა ემოქმედა იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ამ შუა დერეფნის, სამშვიდობო გარიგების ნაწილი, როგორც მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ იმის გამო, რომ მის მოქმედ დე ფაქტო რეჟიმს არჩეული აქვს ყველა საერთაშორისო პროცესიდან თვითნეიტრალიზაციის გეზი… შესაბამისად ჩვენ არ აღმოვჩნდით ამ პროცესის ნაწილი.

ლაპარაკია სწორედ სამშვიდობო და ეკონომიკურ გარიგებაზე და არა ომში ჩართვაზე – ზუსტად იმის საპირისპიროზე, რასაც დასავლეთს აბრალებს ივანიშვილის რეჟიმი. ივანიშვილის რეჟიმმა თავისი არჩევანით დატოვეს საქართველოს ამ პროცესის გარეთ.

არა მგონია, რომ ტრამპის და პუტინის საუბარში საქართველომ რაიმე ადგილი დაიკავოს – არც კავკასიამ, რადგან ტრამპი არ დაეკითხება უკვე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პუტინს არაფერს. ტრამპი თვლის, რომ მან მიაღწია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რაღაც გარიგებას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე ალიევი და ფაშიანიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ომი გადაიტანა ორივე ქვეყანამ, აშკარა იყო, ადრე თუ გვიან შეთანხმება დაიდებოდა, მაგრამ ტრამპმა გააფორმა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, როცა აზერბაიჯანი და სომხეთი გახდნენ დასავლეთის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს. სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, განავითარონ სტრატეგიული, ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან საქართველოს გვერდის ავლით. არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანი მილსადენებს ამოყრის საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველო თვითონ არ აქტიურობს საკუთარი როლის შესანარჩუნებლად და გასავითარებლად, ეს როლი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

  • ტრამპის ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ რამ განაპირობა, რა არის აშშ-ის მოტივაცია, რომელმაც 99 წლით მიიღო ექსკლუზიური უფლება სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანზე?

ტრამპს აქვს ორი ინტერესი და ორივე არის მისი ბუნებრიდან გამომდინარე სრულიად აშკარა: პრველი არის ის, რომ ათქმევინა ორი ქვეყნის ლიდერს, თქვენ იმსახურებთ ნობელის პრემიასო, ჩვენ ორივე ხელს მოვაწერთ თქვენს წარდგინებაზეო. ტრამპმა პირადი გამარჯვება მიიღო იმით, რომ ორი ქვეყანა, რომელიც კონფლიქტს მდგომარეობაში იყო სამი ათეული წლის განმავლობაში, დასვა თეთრ სახლში და ხელი მოაწერინა სამშვიდობო დეკლარაციას.

ტრამპს ზოგადად გარიგებების დადება ძალიან უყვარს.

მეორეა წმინდა კომერციული შესაძლებლობა: ეკონომიკური მოგება იმის შედეგად, რომ აი, ამ ახალ დერეფანში შეერთებული შტატები იღებს ექსკლუზიურ უფლებას, გახდეს მისი განმავითარებელი. ასე რომ, ერთის მხრივ, ეს არის პოლიტიკური გამარჯვება ტრამპისთვის, როგორც მშვიდობის მყოფელის, მეორეა შეერთებული შტატებისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენა.

ის, რომ ამას ჰქონდეს სტრატეგიული ცვლილების ხასიათი მთელი სამხრეთ კავკასიითვის – აუცილებელი სულაც არ არის. საქართველოს რომ გამოეჩინა ინიციატივა და გამხდარიყავი ამ გარიგების შემადგენელი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ლიდერიც იჯდებოდა თეთრ სახლში, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის ინტერესები არ ემთხვევა და არც არასდროს ემთხვეოდა საქართველოს გრძლევადიან, ეროვნულ ინტერესებს.

  • ამასობაში რა ბედი ელის გიუმრის, ანუ რუსულ ბაზას სომხეთში? 

გიუმრის ბაზიდან რუსების მოშორება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს არც შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანმა ყარაბაღიდან რუსები გაისტუმრა ბევრად ადრე, ვიდრე ეს გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო. როგორც კი, სომხეთი გაიმყარებს უსაფრთხოებას – სომხეთს, პირველ რიგში,  გარანტია სჭირდება იმაზე, რომ აზერბაიჯანისგან იყოს დაცული და თუ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება ექნება, მაშინ რუსების იქ ყოფნას არანაირი ფუქნცია არ ექნება. ამ შემთხვევაში გიუმრის ბაზის საბოლოო დახურვა ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს არის გათვალისწინებული 49-წლიანი შეთანხმებით.

  • ამ შემთხვევაში სომხეთი საზღვარს გახსნის თურქეთთანაც? 

აუცილებლად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთის და სომხეთის საზღვარი ჩაკეტილი იყო 3 ათეული წლის განმავლობაში, იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. თურქეთს მანამდე ჰქონდა კიდეც მცდელობა, აღედგინა ურთიერთობები, თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება, მაგრამ შეჩერდა აზერბაიჯანის დაჟინების შედეგად.

  • ბოლოს ისევ საქართველოს გამოსავალზე მინდა გკითხოთ: თქვენ ახსენეთ ჩიხი და ის, რომ ჩრდილო კავკასიის გაგრძელება ვხდებით. არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს? 

ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს სრულიად უიმედოდ დაკარგული აქვს ევროინტეგრაციის და დასავლური უსაფრთხოების გარანტიები. სანამ ეს რეჟიმია, საქართველო არასდროს არ გახდება ევროკავშირის წევრი, ის ვერ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან და რეალურად უკვე კარგავს თავის საერთაშორისო, ეკონომიკურ ფუნქციას.

ამგვარი რეჟიმის პირობებში, აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, უფრო მეტი მიზეზი ექნებათ, რომ აქტიურად განავითარონ საქართველოსგან ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის გავლით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ გამოიყენებენ ნავთობის და გაზის ექსპორტისთვის, მაგრამ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველო კარგავს.