სამხრეთ კავკასიის ამბები

“არ გვინდა საქართველოს რუსული მომავალი” – გალელები რუსულ კანონზე

14 მაისი, 2024 •
“არ გვინდა საქართველოს რუსული მომავალი” – გალელები რუსულ კანონზე

იმ დროს, როდესაც თავად აფხაზეთშიც კი ჯერ არ მიუღიათ კანონი “არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“, რომელსაც წლების განმავლობაში მოსკოვი სოხუმისგან პირდაპირ და ირიბად მოითხოვს, გალი ახალი გამოწვევის წინაშე დგება  –  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იდენტური კანონის მიღება, გავლენას გალის მოსახლეობის კეთილდღეობაზეც იქონიებს. რას ფიქრობენ გალელები?

უკანასკნელი წლების განმავლობაში აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან. ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ სამართლებრივი დახმარების პროგრამები, განსაკუთრებით, გალის ეთნიკური ქართველებისთვის დიდი მხარდაჭერაა. შესაბამისად, საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება საფრთხის ქვეშ აყენებს ამ მხარდაჭერის შესაძლებლობას. თუმცა, გალელები, რომელთაც ვესაუბრეთ, კანონში უფრო მეტ საფრთხეს – საქართველოს რუსული მომავლის საფრთხეს ხედავენ. 

“თუ მიიღეს რუსული კანონი, ის დახმარება, რაც არასამთავრობოებისგან აქვს მოსახლეობას, გაქრება. იურიდიული დახმარებაც სრულიად მიუწვდომელი იქნება და მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველი დარჩება. აქ რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად,” – ამბობს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ა.გ ნეტგაზეთთან საუბარში. 

მისი აზრით, ამჟამინდელი მოვლენები საქართველოში, აჩვენებს, რომ “საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ბრმად არ ემორჩილება ზემდგომს, აქვს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია და თავის მოვალეობად მიიჩნევს, იბრძოლოს”.

“მომწონს ახალგაზრდების ასეთი შემართება. თუმცა, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტური მაქვს, რადგან პროტესტის დემოკრატიულ ფორმებს აზრი აქვს დემოკრატიული მთავრობის ხელში. რუსული კანონი დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. დაბრუნდება 30-იანი წლები ყველაზე საშინელი ფორმით, დავბუნდებით სსრკ-ში. ამ კანონით არ და ვერ გამოვლინდება ვერცერთი რუსეთის აგენტი, რადგან რუსები საქართველოში არანაირ ჰუმანიტარულ პროექტს არ აფინანსებენ, ისინი მხოლოდ ყიდულობენ. მთავრობის გეზი გარკვეულია და ხალხის სურვილიც ცხადია” – ამბობს გალელი მასწავლებელი.

ლ.ვ. სტუდენტია ოკუპირებული გალიდან. ის თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. სტუდენტი გვიყვება, რომ შარშან ამ დროსაც იდგა აქციაზე და ზუსტად იგივე კანონს აპროტესტებდა. 

“თითქოს დეჟა-ვუ მაქვს –  ერთი წლის შემდეგაც იმავე ადგილას, და კიდევ უფრო მეტ ადამიანთან ერთად ისევ ამ კანონპროექტს ვაპროტესტებთ. მდგომარეობა მძიმეა, მშვიდობიან აქტივისტებს არბევენ ,,კანონდამცველები“, უსწორდებიან ფიზიკურად თუ მორალურად, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ, სადარბაზოებთან ხვდებიან და სასტიკად უსწორდებიან – რუსეთის სახეს გვაჩვენებენ საქართველოში.

მეშინია, რომ მეც მომაკითხავენ, მეც გამისწორდებიან და ჩემს ოჯახსაც, მაგრამ ახლა შიშის დრო არ არის. ბეწვზე ქვეყნის, ერის მომავალი ჰკიდია და ჩვენ ეს ბრძოლა ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ.

რუსულ კანონზე რომ ვფიქრობ, თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე, კარგთან ვერაფერთან ვაკავშირებ. რუსული და კარგი ერთად არ არსებობს, არც არსებულა და ვერც იარსებებს, რუსეთიდან ყველაფერი ძალადობრივი და არაჯანსაღი მოდის. შეიქმნება ინფორმაციული ვაკუუმი, როგორც ეს რუსეთშია, გაქრება კრიტიკული მედია, ყველანაირი ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების უდიდეს ნაწილს იღებდა უცხოეთიდან. თუკი რამე ღირებული კეთდებოდა და იქმნებოდა, აღარ იარსებებს, პროგრესის ნაცვლად ყველა სფეროში მივიღებთ რეგრესს,” – ამბობს სტუდენტი გალის რაიონიდან ლ.ვ.

გალის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები მ.გ., რომელსაც უმაღლესი განათლება საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული და ამჟამად თბილისში მუშაობს, მიიჩნევს, რომ ის, რაც ამჟამად ქვეყანაში ხდება, არის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, რომელიც მოქალაქეებს ძვირად უჯდებათ. 

“სამომავლოდ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება გადადგება და ჩვენი, საზოგადოების ნება გაიმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საშინელი სცენარი განვითარდეს და ამ მოვლენებმა მწვავე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. საქართველოს კონსტიტუციურად აქვს ევროპული გეზი აღებული, ხოლო ეს კანონი სრულიად ანულირებს იმ დასავლურ ღირებულებებს, რომლისთვისაც მოქალაქეები იბრძოდნენ ეს კანონი შეუზღუდავს ახალგაზრდებს მიიღონ სხვა ქვეყნების დაფინანსება, მოიპოვონ გრანტები და გამოიყენონ გაცვლითი პროგრამები”. 

მ.გ.- ს თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია – საზოგადო პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

“ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გამჭვირვალობა კი შეიძლება სხვა კანონებით დარეგულირდეს და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც გვთავაზობს დღეს ხელისუფლება. უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული სახელმწიფოები, რომლისგანაც დაფინანსების მიღება უცხოურ აგენტად ჩაითვლება, კერძოდ ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი. . საქართველოს არ სჭირდება რუსული კანონები, და უნდა ვიბრძოლით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ პუტინის რუსეთის გუბერნიად არ იქცეს. დე ფაქტო რესპუბლიკაშიც ხალხმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ რუსული კანონი არ მიიღონ,” – ამბობს მ.გ.

2024 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს წარუდგინა კანონი “არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. 

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმეო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარონ უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პარტია “ქართულმა ოცნებამ” კვლავ წარადგინა პარლამენტში რუსული კანონი, რომელიც შარშან, 2023 წლის მარტში ქართველი ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად, უკან გაიწვიეს. 

რუსული კანონის წინააღმდეგ, უკვე რამდენიმე კვირაა, უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი