სამხრეთ კავკასიის ამბები

“მზად ვარ, ხელი მოვაწერო რუსეთის სამშვიდობო მისიის 15-20 წლით განთავსებაზე დოკუმენტს”

29 ოქტომბერი, 2022 • 1210
“მზად ვარ, ხელი მოვაწერო რუსეთის სამშვიდობო მისიის 15-20 წლით განთავსებაზე დოკუმენტს”

“ოფიციალურად ვაცხადებ, მზად ვარ, სოჭში ხელი მოვაწერო დოკუმენტს, არცახში [მთიანი-ყარაბაღი] რუსი სამშვიდობოების განთავსების ვადის 15-20 წლით გახანგრძლივებაზე. ვთავაზობ რუსეთის პრეზიდენტს, მსგავსი წინადადება წამოაყენოს, თუ საჭიროა, მე წამოვაყენებ და მან მხარი დამიჭიროს. მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს “- ამის შესახებ სომხეთი პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მმართველი პარტიის “სამოქალაქო თანხმობის” ყრილობაზე განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ არაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  სამშვიდობო მისიას და უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებს სტეპანაკერტი მხოლოდ რუსეთის სახით ხედავს.

რუსეთის სამშვიდობო მისია 2000-მდე სამხედრო შემადგენლობით, რომელთა მიმართაც სომხეთში საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება იზრდება, მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე 5 წლით განთავსდა.

რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის ცნება სომხურ საზოგადოებაში სადისკუსიო მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანმა დაიკავა რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სოფლები ფარუხი და ხცაბერდი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში 31 ოქტომბერს შეხვდება. პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში, ასტანაში 14 ოქტომბერს გამართული დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სხდომის დროს მიიწვია. ამ ეტაპზე, უცნობია, მოაწერენ თუ არა ხელს მხარეები სოჭის შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტს. უცნობია, ამ ეტაპზე ბაქოს პოზიციაც ფაშინიანის აღნიშნული განცხადების შემდეგ.

დსთ-ის სამიტამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართა. ოთხმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი