სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რეფერენდუმი აღარ ჩატარდება

31 მაისი, 2022 • 2255
ცხინვალში რეფერენდუმი აღარ ჩატარდება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღარ გაიმართება რეფერენდუმი, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი.

გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მიიღო, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმი  აღარ გაიმართება მასზე წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობის გათვალისწინებითა და მისი ჩატარების ცალმხრივი, რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო.

გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი მას შემდეგ დანიშნა, რაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა.

რუსეთთან შეერთება მისი საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

გაგლოევის თანახმად, გაგრძელდება კონსულტაციები რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე.

მანამდე ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული არ ჰქონდა.

ცხინვალში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსტანტინე ზატულინმა, დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ gazeta.ru-სთან განაცხადა, რომ პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ახლა კავკასიაში. ცხადია, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი მეზობელ საქართველოში ემოციების ნაკადის პროვიცირებას გამოიწვევს. ამჟამად ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გვაქვს უკრაინაში და, ვფიქრობ, საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ გვიღირს“, – განაცხადა ზატულინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი