სამხრეთ კავკასიის ამბები

საპატრიარქო აკრიტიკებს კირილის მიერ გაგლოევისთვის გამარჯვების მილოცვას

16 მაისი, 2022 • 1566
საპატრიარქო აკრიტიკებს კირილის მიერ გაგლოევისთვის გამარჯვების მილოცვას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევისთის გაპრეზიდენტების მილოცვას და აკრიტიკებს მას.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე 13 მაისს გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი პრეზიდენტის მილოცვა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 16 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან:

  1. „რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე;
  2. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად“.

საპატრიარქოს განცხადებითვე, „სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, გაიმარჯვა ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოვმა. მან ხმების 53,67% [14 505 ხმა] მიიღო და მოქმედი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი