სამხრეთ კავკასიის ამბები

სამხედრო თუ მშვიდობის გზა – კონფლიქტების მოგვარების რომელ სტრატეგიას ვირჩევთ

11 მაისი, 2022 • 1813
სამხედრო თუ მშვიდობის გზა – კონფლიქტების მოგვარების რომელ სტრატეგიას ვირჩევთ

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი


უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსანდრ არესტოვიჩის განცხადებამ, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თბილისში, საზოგადოების დონეზე, კიდევ ერთხელ გაააქტიურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეოკუპაციის ანუ დაბრუნების საკითხი. ახალგაზრდებმა ოკუპირებული ტერიტორიების უბრანული განვითარების კონცეფციის შექმნაც გადაწყვიტეს, რადგან მიიჩნიეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, რაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს თავისთავად საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყვეტს.

ეს თემა 2020 წლის ყარაბაღის ომის დროსაც გაჩნდა, მაგრამ მაშინ სხვაგვარი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო და, შესაბამისად, ტერიტორიების დაბრუნების დისკუსია დიდხანს არ გაგრძელებულა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან თითქმის არასდროს გამქრალა. უბრალოდ, სხვადასხვა დროს, განსხვავებული მასშტაბითა და რაკურსით იჩენს ხოლმე თავს. კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, ქართულ საზოგადოებაში ორი ძირითადი შეხედულება ჩამოყალიბდა, რომლებიც ჰიპოთეტურ მსჯელობაშიც კი ცალმხრივ რეალობას ასახავს. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის კონტექსტში ამ საზოგადოებრივ განწყობებს პირობითი სახელები, დეოკუპაციის სამხედრო და მშვიდობის გზა შევურჩიე. 

დეოკუპაციის მილიტარისტული გზა

დეოკუპაციის მილიტარისტული გზა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში განახლდა, რომლის  მთავარი მახასიათებელი ტერიტორიების დაბრუნება და მოცემული გეოპოლიტიკური თუ რეგიონული მდგომარეობის გამოყენებაა. საქართველომ ის შანსები არ უნდა გაუშვას ხელიდან, რაც მას “ბუნებრივად მიეცა”. ზოგი ამას ისტორიულ ფანჯარას უწოდებს, რომელიც ხშირად არ დგება. ასეთი პოზიციის არგუმენტია, რომ რუსეთი ომშია ჩართული ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოსთან, უკრაინასთან, მას რესურსები სჭირდება და, შესაბამისად, არ ექნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დრო. საქართველომ კი ეს შანსი უნდა გამოიყენოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს ისედაც მოხდება, თუ/როცა რუსეთი უკრაინასთან ომში საბოლოოდ დამარცხდება. ამიტომ, დასაკარგი დრო არაა და ქვეყანამ დღესვე უნდა იმოქმედოს.

მოქმედებისთვის დეოკუპაციის გზა ტერიტორიალიზმის არგუმენტს გვთავაზობს, რომელიც საბოლოოდ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას – ტერიტორიული ერთიანობის აღდგენას. ამავე შეხედულების თანახმად, ამ მიზნის მიღწევას დომინოს პრინციპით მიჰყვება სხვა ისეთი მთავარი ამოცანების შესრულება, რასაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ორ ათწლეულზე მეტია ცდილობს: ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური განვითარება, საერთო კეთილდღეობა და ქვეყნის საბოლოო მოდერნიზაცია. მიზნები იმდენად წონიანია, რომ მისაღწევ საშულებად შესაძლოა ნებისმიერი გამოდგეს, მათ შორის, სამხედრო გზა. 

ამ არგუმენტის დადებითი მხარეები ეიფორიას ჰგავს, რომელიც ისე გაბრუებს, რომ ფიქრის გაგრძელება წარმოუდგენელი ხდება. როგორ შეიძლება საქართველომ 30- წლიანი ნანატრი ოცნებები აიხდინოს, ყველა ძირითად სახელმწიფო სტრატეგიასა და მიზანს მიაღწიოს და ამან ქვეყანას პრობლემა შეუქმნას? მართლაც, რთული წარმოსადგენია, თუმცა სირთულეს ის ხალხი უნდა შეეჭიდოს, ვისაც ეს პროფესიულად ევალება. 

სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება რადიკალური გამოსავალია ნებისმიერი ქვეყნისთვის. საქართველოს შემთხვევაში, ასეთი სცენარის დაშვებისას, უამრავი გარემოებაა ნაგულისხმევი, გაზვიადებული ან სურვილის გამოხატულება უფროა, ვიდრე სტრატეგიული და რაციონალური შეხედულება. გარემოებები შემდეგია:

  • უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთის ფედერაცია ძალაგამოფიტულია და მას არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის რესურსი;
  • რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გაიწვია, რაც სასურველ გარემოებას ქმნის;
  • რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება;
  • დამარცხებული რუსეთი შიგნიდანაც აუცილებლად შეიცვლება; 
  • შედეგად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დეოკუპაციის საკითხი თავისთავად დადგება, პრობლემა ავტომატურად მოგვარდება, საქართველო კი მზად უნდა იყოს ამისთვის;
  • თუ ახლა არა, მაშინ როდის უნდა გამოიყენოს საქართველომ გარემოებათა გამო მისთვის მოცემული შანსი?!

დეოკუპაციის გზის მთავარი არგუმენტი მოცემული დროა, რომელიც “ბედისწერის საჩუქარს”, “ზურგის ქარს” ჰგავს  და მისი არგამოყენება, შესაძლოა, ხელიდან გაშვებული შანსი იყოს ქვეყნისთვის. 

ასეთი პოზიცია ილუზორულ ფიქრებს წარმოშობს, რომელიც უგულებელყოფს ყველა არასასურველ გარემოებას. მაგალითად, რა მოხდება, თუ რუსეთი უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ შურისძიებისთვის, საკუთარი მარცხის შიდა პოლიტიკაში გასამართლებლად, სხვა ქვეყნებს აირჩევს მსხვერპლად? რა იწვევს იმ განცდას, რომ რუსეთის მარცხი ქვეყნის გარეთ აუცილებლად მის შინაგან ცვილებებს გამოიწვევს? რა არგუმენტი არსებობს ამ აზრის გასამყარებლად? და თუ რუსეთი დამარცხდა უკრაინასთან და შიგნიდანაც შეიცვალა (აღარ ექნება იმპერიული ზრახვები), ხოლო საქართველოსთვის ავტომატურად მოგვარდა ტერიტორიული კონფლიქტები/ტერიტორიული ერთიანობის საკითხი, რა საჭიროა დეოკუპაციისთვის სამხედრო გზა? რუსეთის მარცხისა და დასუსტების შემთხვევაში ხომ სამშვიდობო პოლიტიკის პერსპექტივები უფრო იზრდება?

თუ პრობლემის მილიტარისტული გზით მოგვარება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დასჯას დაისახავს მიზანდ, შეკითხვები კიდევ უფრო რთულ თემებს უნდა შეეხოს: როგორი იქნება თანაცხოვრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებთან? შიდა პოლიტიკაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სამხედრო გზით გადაჭრილი კონფლიქტის ახსნა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე სახელმწიფოსგან, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ აცხადებს, რომ დეოკუპაციის გზა მშვიდობიანი “ჩართულობისა და თანამშრომლობის” გზით არის შესაძლებელი, რადგან “აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია”.

მშვიდობის გზა

უკრაინის ომის კონტექსტში, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების საკითხი მშვიდობის გზის მომხრეებშიც გააქტიურდა. შედეგად, ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ საქართველომ ახლა უნდა აჩვენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ტერიტორიების დაბრუნებას სამხედრო გზით არ აპირებს. ეს ისედაც მოხდება, თუ/როცა რუსეთი ამ ომში დამარცხდება. ამიტომ, მოლაპარაკებისთვის მზადებაა საჭირო. 

ქართული სამშვიდობო პოლიტიკა ხშირად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს, საქართველოს მხრიდან მხოლოდ კომპრომისებია დასაშვები და არგუმენტებიც ძირითადად პოლიტიკური აქტივისტის მოსაზრებებს წააგავს: 

  • აფხაზებს და ოსებს მოვუხადოთ ბოდიში;
  • მშიბზია;
  •  შევთვაზოთ სოციალური, სამედიცინო და ეკონომიკური პროგრამები;
  • გავმართოთ დიალოგები და ავუხსნათ, რომ საქართველოსთვის მთავარი პრობლემა რუსეთია, ხოლო დანარჩენი მოგვარებადია;
  • ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის სარგებელი;
  • ოსებისა და აფხაზებისთვის თვითმყოფადობის (ენისა და კულტურის) შენარჩუნებისა და ხელშეწყობის დაპირების მიცემა;
  • ოკუპირებული ტერიტორიების ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავება;

მშვიდობის გზა ისეც გაიგება ხოლმე, თითქოს, საქართველომ მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური რესურსები უნდა შესთავაზოს კონფლიქტის მეორე მხარეს და ამგვარად დაიბრუნებს “ადამიანთა გულებს”. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ვერასდროს იქნება საკმარისი ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ ეკონომიკურად და სოციალურად საქართველოზე დამოკიდებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი პოლიტიკური პროექტის გარეშე მხოლოდ ნაწილობრივ გახდება საქართველოსთან ინტეგრირებული. და მეორე იმიტომ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არასახარბიელო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო მხოლოდ რომელიმე ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება დამატებით ბარიერს შექმნის მშვიდობიანი თანაცხოვრების გზაზე.

მშვიდობის კიდევ ერთი გაგებაა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ამით ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ახალი პერსპექტივის შეთავაზება. ამისთვის სახელმწიფომ ჯერ თავად უნდა მოაგვაროს საკუთარი პოლიტიკა სასამართლოს, ეკონომიკის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ეს უფრო პრაგმატული გზაა, თუმცა ბევრი პრობლემა აქვს იმ გაგებით, რომ განუსაზღვრელ დროზეა საუბარი, რაც საქართველოსთვის ნეგატიურად მუშაობს.

მშვიდობის გზის კიდევ ერთ გზად სახალხო დიპლომატია მიიჩნევა: ხალხთა შორის დიალოგები, საზოგადოებების დაახლოება და პირადი კონტაქტების გაჩენა, თუმცა, რა მასშტაბი აქვს ამ გზას იმ ფონზე, როცა ან იზღუდება ასეთი დიალოგები, ან მისი შედეგი იმედის მომცემი არაა. უფრო მეტიც, ეს შეხვედრები ძირითადად არაა საჯარო და ხშირად, დახურულ კარს მიღმა საუბარი გარეთ საპირისპირო ინტერპრეტაციებად ვრცელდება. შესაბამისად, ეს არასანდო გზაა.

მშვიდობის გზა, რომელსაც პოლიტიკური პროექტი არ ახლავს თან, იდეალისტურ, უტოპიურ მოლოდინებს ქმნის ქართველების, აფხაზებისა და ოსების სამშვიდობო ურთიერთობებში. დროში გახანგრძლივებული მშვიდობის გზა ფრუსტრაციასაც იწვევს სამივე მხარეს – საერთოდ თუ არის ამ გზით კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი. 

დასკვნა

უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ საქართველოს არ შეუძლია ომში ჩაერთოს ან მას არ სურს ტერიტორიების დაბრუნება, ცალსახად მიუღებელია. ომში ჩაბმული სახელმწიფოსგან ასეთი განცხადებები არ უნდა უკვირდეთ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას არ გააჩნია ომში ჩართვის ვალდებულება, ხოლო ადგილობრივ დონეზე არაერთხელ გამოჩნდა, რომ ომი საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

უფრო მეტიც, საქართველოს ოფიციალურად აქვს აღიარებული სამხედრო გზით კონფლიქტის გადაჭრაზე უარი. შესაბამისად, ერთადერთი სწორი რეაგირება უკრაინელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსების შეხედულებებზე განცხადებებით კინკლაობა კი არა, მკაფიო პოზიციის დაფიქსირება იქნებოდა, რათა კიდევ ერთხელ ახსნილიყო, თუ რატომ იქნება ომი წამგებიანი საქართველოსთვის, მოიტანს თუ არა ეს გრძელვადიან მშვიდობასა და ნდობის აღდგენას, და რომ გაცხადებულად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მდგარი სახელმწიფო ომს არ და ვერ დაიწყებს. ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებისთვის, მათ შორის ოსებისა და აფხაზებისთვის, იმის თქმა, რომ სხვა თუ არაფერი, საკუთარ მოქალაქეებთან, იმ ხალხთან, ვისაც საქართველო საკუთარ ნაწილად მიიჩნევს, ომს არ დაიწყებს, მკაფიო გზავნილი უნდა იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, დეოკუპაციის სამხედრო გზაზე მსჯელობა თეორიული დისკუსიაა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება აჩვენებს, რომ სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება საქართველოსთვის დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. 

ამასთან, გეოპოლიტიკურ სურათზე მსჯელობას აკლია რეგიონალური პერსპექტივა, რომელიც კავკასიაში, რუსეთისა და საქართველოს გარდა, სხვა აქტორებისგანაც შედგება, შესაბამისად, უფრო ფართო პერსპექტივაზე მსჯელობა აუცილებელია. ხოლო მშვიდობის გზა კი ზედმეტად ცალმხირვია, მას მეტი პრაგმატიზმი, პოლიტიკური პროექტის შემუშავება, კონკრეტული საკითხების დასმა და სავარაუდო გზების დასახვა ევალება, რომ მშვიდობის იდეამ ფრუსტრაციის ნაცვლად იმედი მოუტანოს იმ მხარეებს, რომლებიც სამი ათწლეულია მშვიდობის გზისგან სწორედ ამას ელიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი