კვირას, 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც 2017 წლიდან იკავებს ამ პოსტს.
დე ფაქტო არჩევნებში დარეგისტრირებულია მისი 4 კონკურენტი:
- ალექსანდრე პლიევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- ალან გაგლოევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი
- გარი მულდაროვი
- დიმიტრი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი
დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ ედუარდ კოკოითის, დავით სანაკოევსა და კიდევ 10 ადამიანს.
ამ თემაზე გირჩევთ:
ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს – ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ
პარალელურად, ცხინვალში დაწყებულია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით სააგიტაციო კამპანია.
როგორც ადგილობრივი დე ფაქტო სამთავრობო გამოცემა „რესი“ წერს, ცხინვალის ცენტრალურ ქუჩებში ახალი ბილბორდები გაჩნდა, წარწერით:
„ოსეთის მხარდასაჭერად! რუსეთის მხარდასჭერად! გაერთიანების მხარდასაჭერად“!
ცხინვალში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დროშებია გამოფენილი.
6 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცესკომ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით.
ბიბილოვი 2022 წლის 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას შეჰპირდა. თუმცა მსგავსი ინიციატივის შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდა.
„ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს“, – განაცხადა ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ.
საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს კვალდაკვალ, არც არჩევნებს და არც რეფენდუმს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.
შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შტატების ხელისუფლება არ აღიარებს „რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ“.