ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს | ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ

23 დეკემბერი, 2021 • 1689
ბიბილოვი კონკურენტებს იცილებს | ცხინვალში არჩევნებამდე ახალ რეგულაციებს იღებენ

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


სამხრეთ ოსეთის მოქმედ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანა სურს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს არასასურველი კანდიდატების გაცხრილვის საშუალებას მისცემს. თუმცა მოსკოველმა კურატორმა უკვე აცნობა ცხინვალს, რომ ასეთი ცვლილებების წინააღმდეგია.

ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ახალი შემადგენლობა პირველად 24 აგვისტოს შეიკრიბა, 19 ნოემბერს კი საკანონმდებლო ორგანოში უკვე რამდენიმე კანონში ცვლილებების პაკეტი შეიტანა. ეს კანონებია: “მოქალაქეების საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ” და “პრეზიდენტის არჩევნების შესახებ”.

ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადება სურვილის შემთხვევაში პოტენციური კანდიდატების გაცხრილვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის გადამწყვეტი ხმის მქონე თხუთმეტი წევრიდან შვიდს პრეზიდენტი ნიშნავს. კიდევ შვიდს – საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, ერთს – თავმჯდომარეს ისევ პრეზიდენტი წარადგენს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.

პარლამენტში პროსაპრეზიდენტო უმრავლესობის გათვალისწინებით კი, ცესკოს 15 წევრიდან 11 პრეზიდენტს დაექვემდებარება.

თუკი გავითვალისწინებთ პრეზიდენტის ჩვევას – ყველას და ყველაფრის კონტროლი- არც ზემოთ ნახსენები საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნებოდა მის გარეშე. ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ სწორედ ის იყო ამ ცვლილებების მთავარი დამკვეთი.

მაგალითად, კანონში “პრეზიდენტის არჩევნების” შესახებ შედის ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შეზღუდვებს უწესებს. უწინ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებოდათ მხოლოდ მეორე მოქალაქეობის ან სხვა ქვეყანაში [რუსეთის გარდა] ბინადრობის მოწმობის მქონე კანდიდატებს. ასევე, პირებს, რომლებიც ვერ ფლობდნენ სახელმწიფო ენას ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ აღიარებული. ცალკეა გაწერილი შეზღუდვები ნასამართლევი პირებისთვის, ასევე პირებისთვის, რომლებიც ამჟამად იხდიან სასჯელს. მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები და ა.შ.

ახალი შესწორებებით კი, დარეგისტირებას ვერ შეძლებენ მოქალაქეები, ვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული კოდექსის 20.3 და 20.29 მუხლებით, ასევე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე დამოკიდებული, ტოქსიკომანიით შეპყრობილი, ასევე ქრონიკული და მწვავე ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები.

დამკვირვებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები იძლევა მისი ბოროტად გამოყენების ფართო არეალს. მაგალითად, რუსეთის ადმინისტრაციული კოდექსის ზემოთ მოყვანილი მუხლები ითვალისწინებს სასჯელს ნაცისტური და ექსტრემისტული ატრიბუტიკის დემონსტრირებასა და მის წარმოება-გავრცელებაზე.

პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფმა სასამართლომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა კი შეიძლება “საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი ცვლილების საფუძველად” მიიჩნიოს. ეს მშვენიერი საბაბია იმისთვის, რომ პოტენციური კონკურენტი რამდენიმე დღე-ღამით გამოამწყვდიონ ციხეში კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე.

გაუგებარია ისიც, ვინ და როგორ გამოავლენს, არის თუ არა კანდიდატი ალკოჰოლდამოკიდებული ან ფსიქიკური პრობლემების მქონე. მაგალითად, რუსული პრაქტიკის შესაბამისად, ნარკოლოგიურში აღრიცხვაზე ადამიანის დაყენება იძულებითაც შეიძლება, მისი ნებართვის გარეშე. მეტიც, ამის გაკეთება მისთვის შეტყობინების გარეშეც შეიძლება და როდესაც ადამიანი მივა საჭირო ცნობის ასაღებად ნარკოლოგიურში, ან მართვის მოწმობისთვის, იქ შეიძლება სიურპრიზი დახვდეს.

ახალი მოთხოვნები პროვოკაციებისთვის რიგ შესაძლებლობებს ხსნის და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი კანდიდატის “მოხსნაა” შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა დასჭირვებოდა ვინმეს მსგავსი კრიტერიუმების შეტანა, მაშინ, როდესაც მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

აქვე გავიხსენოთ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, როდესაც მაჟორიტარი კანდიდატების დიდ ნაწილს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე. მათთვის ოფიციალურ გაზეთში გამოაქვეყნეს კანდიდატების მიერ თითქოს არასწორად შევსებული ბლანკები და, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარი მიიღეს. ყველამ, ვინც შეეცადა ეს ფაქტი უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინა, წააგო.

გავიხსენოთ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, როდესაც გამარჯვებულ ალა ჯიოევას უზენაესმა სასამართლომ სასწრაფო წესით მომზადებული ორასი საჩივრის საფუძველზე შედეგები გაუუქმა.

ასე მუშაობს ეს სისტემა.

ცესკოს კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება არის კანდიდატის მუდმივი საცხოვრებლის კრიტერიუმი.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არყოფნა ჩაითვალოს საპატიოდ ანაზღაურებადი შვებულების, სწავლის და ავადმყოფობის შემთხვევაში, ასევე, მივლინების დროს, თუკი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ არის გაგზავნილი”, – ნათქვამია “პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში.

კანონმდებლობით კანდიდატისთვის აუცილებელი პირობაა მუდმივად ცხოვრება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანანსკნელი 10 წლის განმავლობაში.

საცხოვრებელი ითვლება მუდმივად, თუ პოტენციური კანდიდატი საპატიო მიზეზის გარეშე არ გასულა სამხრეთ ოსეთდან 93 დღეზე მეტი ხნით ერთი წლის განმავლობაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის, ვინც არ ჯდება კრიიტერიუმში, ცნობების გაყალბება ძალიან ადვილია და არც ისე ძვირი.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ფორმალური უკანონობაა. ის ზღუდავს იმ პრეტენდენტების უფლებებს, რომლებიც იძულებული არიან სამკურნალოდ გავიდნენ.

გარდა ამისა, ახალი პრეტენზიები კანდიდატების მიმართ არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ არ არის გაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ალკოჰოლიზმი და არც ხანგრძლივი მკურნალობა რუსეთში.

დამკვირვებლები დარწმუნებული არიან, რომ ეს სიახლეები კონკრეტულ კანდიდატს [ან რამდენიმეს] არის მორგებული, რათა მათი არჩევნებში მონაწილეობა შეზღუდონ. დღეს ყველა შესაძლო პრეტენდენტის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, სწავლობენ არა მხოლოდ მათ რეიტინგებს, არამედ დიაგნოზებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და სწავლას, საცხოვრებელ ადგილს.

ეს უკანასკნელი კრიტერიუმი ირკვევა რუსი მესაზღვრეებისადმი მიმართვებით. მიუხედავად პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონისა, ეს უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკაა.
თუმცა პრობლემა ის არის, რომ ამ ცვლილებების მისაღებად სულ ცოტა დრო რჩება, ცესკოს მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არც საპარლამენტო კომიტეტებში განხილულა. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობდით საარჩევნო კამპანია 10-30 იანვრის შუალედში უნდა დაიწყოს. პარლამენტს ცვლილებების განხილვა უშუალოდ კამპანიის დაწყებადე მოუწევს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი ტონია, რომელსაც სამხრეთ ოსეთის კანონმდელობა უშვებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელმა იგორ მასლოვმა ცხინვალს მოუწოდა, ვენეციის კომისიის მიერ 2002 წელს მიღებული “არჩევნების გამართვისას სარეკომენდაციო ნორმებით” იხელმძღვანელონ – ანუ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა შეახსენა და არა ნორმების ხშირი ცვლილება.

კურატორის შფოთვა სავსებით გასაგებია. ანატოლი ბიბილოვი ხშირად ვერ ამჩნევს, რომ “ზედმეტი მოსდის”, რითაც პოლიტიკურ სიტუაციას აფეთქების ზღვარზე აყენებს. კურატორის ამოცანა კი არჩევნების ისე უზრუნველყოფაა, რომ მდგომარეობა კრიზისამდე არ მივიდეს.

თუ ბიბილოვი დარჩენილი დღეების განმავლობაში მაინც გადაწყვეტს ცვლილებების მიღებას, ერთადერთი არგუმენტი რჩება – საპარლამენტო ოპოზიცია. აღნიშნული კანონების მიღება მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ მას მხარს დაუჭერს დეპუტატთა ⅔. ოპოზიციას, რომელსაც 40% მანდატი აქვს პარლამენტში, მარტივად შეუძლია დაბლოკოს ცვლილებები, თუკი პრეზიდენტი მათ ერთიანობის დაშლას ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი