სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის მეოთხე რუსულ ბაზაზე განთავსებულ სამხედრო ტექნიკასა და კონტრაქტით მომუშავე სამხედრო პირებს უკრაინაში გზავნიან.
უკრაინაში სამხედროთა გამგზავრების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა ამას ადასტურებს.
“ჩვენი ბიჭები უკრაინაში მიდიან იმ ნაცისტების დასასრულებლად, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ. მათ ძლიერი მოტივაცია აქვთ. ბევრს გავესაუბრე. ჩვენი ბიჭების გამო შური უნდა იძიონ”, – ვრცელდება ედუარდ კოკოითის, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტისა და ოპოზიციონერის სიტყვები სოციალურ ქსელებში.
ადგილობრივები წერენ, რომ სამხედრო პირები, რომლებიც უკრაინაში გაემგზავრნენ, რუსულ მეოთხე ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ. სამხედროების უკრაინაში გაგზავნის გამო საზოგადოების ნაწილმა შეშფოთებაც გამოთქვა და დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაადანაშაულა მათთვის შექმნილი საფრთხის გამო.
უკვე 21-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.