სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორია ქართველი აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში?

14 თებერვალი, 2022 • 12776
როგორია ქართველი აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში?

ავტორი: დავით ჯიშკარიანი, თბილისი


2022 წლის აგვისტოში 30 წელი გავა აფხაზეთში ომის დაწყებიდან.  საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც პროფესიული ინტერესი ან პირადი გამოცდილება არ აკავშირებს ამ მხარესთან, იქ განვითარებულ პროცესებზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ომმა აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა, იდენტობა, პოლიტიკური ელიტა, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. საბჭოთა „რივიერა“ წარსულში დარჩა. გარდაქმნა შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, ისტორიის სწავლებას, სახელმძღვანელოებს და მეხსიერების კულტურას. 

მსოფლიოში ოფიციალური ისტორია, რომელიც სკოლაში ისწავლება, პოლიტიკური პროექტია. მას კონკრეტული მიზანი გააჩნია, რომ აღზარდოს, აწარმოოს ამა თუ იმ ტიპის ადამიანი.  მსგავსი წარსული კი სახელმწიფოს, ერის, ხალხის ტრავმებსა და ჰეროიზაციაზე შენდება. ამ მიდგომისაგან არც პოსტკონფლიქტური საზოგადოებები და მათ  მიერ დაწერილი ისტორიაა გამონაკლისი.  ეს მახასიათებელი აქვს საქართველოს, აფხაზეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის და სხვა ისტორიოგრაფიებსაც. ხშირად ნარატივის შექმნისას  ყველა მხარეს გააჩნია იდენტური დოკუმენტური მასალა და ისტორიული წყაროები.

ნაციონალური ისტორიოგრაფიის შექმნა არა “სხვებისათვის”, არამედ “საკუთარი” საზოგადოების მობილიზაციისათვისაა საჭირო. მისი მიზანი სრულიად არ გახლავთ წარსულის ისტორიციზმის საშუალებით ანალიზი, როდესაც შემეცნება მკაცრად მეცნიერულ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაშენებული.  აქ მთავარია, ნარატივმა მოახერხოს საზოგადოების გაერთიანება წარსულის ერთიანი ხედვის ირგვლივ.

ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოში დაცული მეხსიერება კი საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მოქმედებს. ეს არის ისტორიის ის სავალდებულო ვერსია, რომელსაც ყველა მოქალაქე სკოლაში ისმენს, უკეთეს შემთხვევაში კი, სწავლობს. ამიტომ უცნაური არ უნდა იყოს ის, რომ კონფლიქტები,  რომლებსაც ეთნიკური ხასიათიც აქვთ,  წარსულის ინტერპრეტაციითა და მის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებების კონფრონტაციით იწყება.

წარსულის აღქმაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი გამოცდილება. როდესაც ისტორია არა წიგნებსა და დოკუმენტებშია წაკითხული, არამედ საკუთარი თვალითაა ნანახი.  ჩვენს შემთხვევაში კი  შემცირდა თაობის რაოდენობა, რომელსაც აფხაზეთში, როგორც სოციალურ და პოლიტიკურ ერთეულში, ცხოვრების გამოცდილება ჰქოდა. ასპარეზზე გამოციდა ომის ნარატივში გაზრდილი თაობა. ომი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ორ დღეს, მისი დაწყების თარიღს, 14 აგვისტოს, და სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ახსოვთ, სრულიად განსხვავებულადაა ინტერპრეტირებული აფხაზების მეხსიერებაში.  ზოგადად, წარსულის მიმართ მეხსიერება ორივე საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებულია და სხვადასხვა მხარესაა მიმართული.

1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზეთში ისტორიის ინტერპრეტაციაც ახლებურად დაიწყო. უფრო მეტად ჩაკეტილი და ეთნოცენტრისტული გახდა. ისტორიაზე ხშირად აკეთებენ კომენტარებს  ხელისუფლების უმაღლესი პირები და მისით მანიპულირებენ.  წარსული და მისი ინტერპრეტაცია პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. აფხაზეთის ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოს (О.Х. Бгажба, С.З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времен до наших дней. 2015)  მთავარი მიზანი კი ისაა, რომ აჩვენოს, აფხაზეთი საქართველოსგან განყენებული პოლიტიკური ერთეული რომ იყო, დამოუკიდებლად არსებობდა და ქართველები  ამ ტერიტორიაზე მისულები არიან. 

ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალშისაცემი  XIX საუკუნეში განვითარებული მოვლენების აღწერისას ხდება.  1877-1878 წლების   მუჰაჯირობის მორიგი  ტალღის განხილვისას, რომელიც  ტრაგიკული მოვლენაა აფხაზებისათვის,  რუსეთ-თურქეთის ომს ნაკლები დრო და ადგილი ეთმობა ტექსტში. ეს მოვლენები იმგვარადაა აღწერილი, თითქოს ამ ომში უმთავრესი აქტორები ქართველები ყოფილიყვნენ:

„ქართველ-მეგრელებმა აფხაზეთში ითამაშეს კაზაკების როლი. უჭერდნენ რა მხარს რუსეთის სამეფოს კავკასიელ ხალხთა, მათ შორის აფხაზთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1917-1864). მაშინ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,  … შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სამხედრო წარმატების შედეგებით XIX საუკუნეში ისარგებლა საქართველომ. ცდუნება  სისხლისაგან დაცლილი აფხაზეთის დაუფლებისა იმდენად დიდი იყო, რომ გოგებაშვილმა (იგულისხმება იაკობ გოგებაშვილი დ.ჯ.) გამოიყენა ფორმულა, რომ მეგრელების მიერ აფხაზეთის კოლონიზაციას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვსო“. (გვ.271)

აღნიშნულ თავში მიგრირებულ მოსახლეობად მხოლოდ ქართველები არიან დასახელებული. სხვა ჯგუფები- ბერძნები, სომხები, რუსები და დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები- ნახსენები არ არის.   წიგნი იმგვარადაა შედგენილი, რომ XIX-XX საუკუნეებში აფხაზეთში მომხდარ უმთავრეს მოვლენად ქართველთა მიგრაცია და ეთნიკური კომპოზიციის ცვლილებაა მიჩნეული. 

„ამასთან დაკავშირებით მალე დაიწყო აფხაზეთის ქალაქებში სასწავლებლების გახსნა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან დაპატიჟეს პედაგოგები, რათა ესწავლებინათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ღონისძიებამ გამოიწვია მოსული ქართული მოსახლეობის  ახალი დინება  მხოლოდ 1939-1959 წლების პერიოდში რაოდენობა გაიზარდა 66257 ადამიანით, ხოლო აფხაზების რაოდენობა- მხოლოდ 4996 ადამიანით.“ (გვ.366-367)

ლოკალურ მოვლენადაა მიჩნეული საკავშირო მნიშვნელობის დეპორტაციები. მაგალითად, 1949 წლის ბერძნების, სომხების და თურქეთის ქვეშევრდომთა დეპორტაცია იმგვარადაა ინტერპრეტირებული, რომ ეს იყო აფხაზეთში დემოგრაფიული ცვლილებისკენ მიმართული.  ცალკე ადგილი კი ეთმობა სტალინისა და ბერიას მმართველობას, ოღონდ ამ შემთხვევაში მათი ქართველობას უსვამენ ხაზს.

„აფხაზპპერესელენსტორის არსებობის დროს, 1937 წლიდან 1953 წლამდე, ბევრი რესურსი დაიხარჯა სახლების შენებაზე, მეურნეობის გამართვაზე, გადასახლებებზე. ეს იყო დამღუპველი მოსალეობისათვის. აგრეთვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავდა აფხაზეთის ძირძველი, ავტოქტონი მოსახლეობის ასიმილირებას. ამან დაარღვია ეკოლოგიური თანასწორობა, ბალანსი. რაღაც დონეზე უნდა ვუთანგრძნოთ გადმოსახლებულებს, ჩასახლებულებს, რომლებსაც არ უნდოდათ გადმოსახლება, და ეს ყველაფერი იყო სტალინურ-ბერიული პოლიტიკის ნაწილი. სხვათა შორის, ბევრი მათგანი იყო „მეხუთე კოლონა“ აფხაზი ხალხის დიდი სამამულო ომის დროს“

აფხაზურ ისტორიაში არ არის მეხსიერება ისეთი ბრძოლების შესახებ, როგორიცაა დიდგორი, ბასიანი, არც ხრესილია და არც 1924 წლის შეთქმულება. აქ ყველაზე დიდი ომი, რომელიც დეტალურადაა წარმოდგენილი, 1992-1993 წლების ომია. მას ჰქვია აფხაზი ხალხის სამამულო ომი  ქართველი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე დიდი და წმინდაა.

აფხაზებისათვის ეს ომი ნაციის შემქმნელი კონფლიქტია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საკითხი გადაფაროს. ნარტივის მიხედვით, მასში მონაწილე პირები ყველა გმირია. ესაა გამარჯვებულის მეხსიერება, როდესაც მასზე დიდ მეტოქესთან მოიგო ომი, ამ ომში გამარჯვებულ ხალხს კი, რასაკვირველია, საკუთარი გმირები უნდა ჰყავდეს. ისინი, ვინც ამ გამარჯვების არქიტექტორები არიან. უპირველესად ეს ვლადისლავ არძინბაა, მერე კი, სხვა დანარჩენები.  რაც მთავარია, ამ ომმა მოიტანა სანუკვარი ოცნება –  ქართველები აღარ არიან აფხაზეთში (გალის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს ისტორიოგრაფები ძირითადად მეგრელებად მოიხსენიებენ) და ის საქართველოს მმართველობისგან დაიხსნა.

აფხაზეთის სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში არსებული ნარატივით ქართველები დეჰუმანიზებული არიან და სწორედ მათთან ბრძოლაა აფხაზეთის ისტორიის უმთავრესი მიზანი, რომელიც წარსულში კი არ დარჩა, არამედ დღემდე გრძელდება.

P.S ეს არის პირველი ნაწილი იმ წერილებისა, რომლებიც ეხება აფხაზეთში ისტორიის აღქმას და იქ არსებულ მეხსიერების კულტურას. იმედია, ეს სურათი დაეხმარება საქართველოს საზოგადოებას, ადეკვატურად გააცნობიეროს აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური რეალობა. ავტორი აგრეთვე იმედს იტოვებს (თუმცა აბსოლუტურად არ სჯერა ამის), რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ელიტები მძიმე რეალობას თვალს გაუსწორებენ და შექმნილ სიტუაციას შესაბამისად შეაფასებენ.  ამ ნარატივით გაზრდილი ახალგაზრდა თაობა აფხაზეთში ნამდვილად არ მიიჩნევს ქართველებს დებად და ძმებად, თუნდაც, არაფრისმომცემ და უშედეგო რიტორიკის ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი