ნეტგაზეთი | “ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით” – დამკვირვებლები სომხეთის არჩევნებზე “ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით” – დამკვირვებლები სომხეთის არჩევნებზე – Netgazeti
RU | GE  

“ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით” – დამკვირვებლები სომხეთის არჩევნებზე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP), ევროპის საბჭოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, 9 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში “ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით ჩატარდა და ფართო საზოგადობრივი ნდობით სარგებლობდა, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა შემდგომი საარჩევნო რეფორმების გზით”.

“ღია პოლიტიკურმა დებატებმა, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხელი შეუწყო ცოცხალ კამპანიას, თუმცა იყო პროვოკაციული რიტორიკის შემაშფოთებელი შემთხვევები.  საარჩევნო ბოროტმოქმედების ზოგადად არარსებობამ, მათ შორის, ხმების ყიდვის და ამომრჩევლებზე ზეწოლის [არარსებობის]  ჩათვლით, შესაძლებელი გახადა ნამდვილი შეჯიბრი. კამპანიის სამართლიან დაფინანსებას ძირი გამოუთხარა რეგულირების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობამ. მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო. არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა და ყველა ეტაპზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ”, – ნათქვამია წინასწარ დასკვნაში.

არჩევნების წინასწარ შეფასებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის მაისში სომხეთმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაში, თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის დარჩენილი რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება კამპანიის დაფინანსების რეგულირებას და გასაჩივრების პროცედურების გამარტივებას. ასევე, სომხეთს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის წახალისებისკენ მოუწოდებს.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

“ჩვენ მივესალმებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფალი კამპანიის წარმოების საშუალება ჰქონდათ. შეერთებული შტატების პოზიცია ემთხვევა OSCE-ს დასკვნას, რომ არჩევნების პროცესი ფართო საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა და ფუნდამეტური თავისუფლებების პატივისცემით წარიმართა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შემდგომი არჩევნებისთვის ეუთო-ს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს წელი აღსანიშნავი იყო სომხეთისთვის.

“27 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს დემოკრატიისა და ინსტიტუტების  განვითარებას  სომხეთში და გააგრძელებს ამას. აშშ ელის სომხეთთან ორმხრივი  პარტნიორობის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაძლიერებას დემოკრატიული ინსტიტუებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების, კორუფციისთან ბრძოლის, ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა.

სადეპუტატო მანდატებისთვის 11 პოლიტიკური გაერთიანება, 2 ბლოკი და 9 პარტია იბრძოდა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,  2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი” ხმათა 70,43% დააგროვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.