სამხრეთ კავკასიის ამბები

ოლიმპიადაზე ოცნებიდან ისლამურ თამაშებამდე

4 მაისი, 2017 • 3528
ოლიმპიადაზე ოცნებიდან ისლამურ თამაშებამდე

2017 წლის 12 -დან 22 მაისამდე აზერბაიჯანის დედაქალაქში ისლამური სოლიდარობის თამაშები გაიმართება. ბაქო კვლავ მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. ისლამურ თამაშებში მონაწილეობას ისლამური ქვეყნები მიიღებენ.

[gray_box]რა არის ისლამური თამაშები?[/gray_box]

პირველი ისლამური თამაშები 2005 წელს საუდის არაბეთში ჩატარდა. 2009 წლის აპრილში იგივე ღონისძიება ირანშიც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გაუქმდა ირანსა და არაბულ ქვეყნებს შორის სპარსეთის ყურის სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. 2013 წლის სექტემბერში ისლამური თამაშები ინდონეზიის ქალაქ პეკანბარუში ჩატარდა.

წელს ბაქოში ისლამური სოლიდარობის სპორტული ფედერაციის 57 ქვეყნის წევრებს ოთხი კონტინენტიდან ელოდებიან. მედლების მოსაპოვებლად სპორტის 20 სახეობაში 270 შეჯიბრი გაიმართება.

[red_box]რაში სჭირდება აზერბაიჯანს ისლამური თამაშები?[/red_box]

ქვეყნებისა და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, ისლამური თამაშები უდავოდ მსოფლიო მნიშვნელობის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისლამური თამაშები არ არის არც ოლიმპიადა, არც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და არც “ევროვიზიის” კონკურსი, რომელიც აზერბაიჯანში 2012 წელს გაიმართა. ისლამური თამაშები არც 2015 წელს ბაქოში ჩატარებულ ევროპულ თამაშებს ჰგავს.

ისლამური სოლიდარობის თამაშების შესახებ არც ის ევროპელი ჩინოვნიკები საუბრობენ, რომლებიც, როგორც წესი, მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარებამდე აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვასა და პოლიტიმატიმრების შესახებ ახსენებენ ხოლმე.

აზერბაიჯანში მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარება არის რგოლი ერთი მთლიანი ჯაჭვისა, რომელსაც “ოლიმპიადაზე ოცნება” ჰქვია. ქვეყანამ ორჯერ წარადგინა ბაქოს კანდიდატურა 2016 და 2020 წლებში საზაფხულო ოლიმპიადის გამართვის ადგილმდებარეობის კონკურსზე. მისი ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის იმედი ბოლო წუთამდე ჰქონდა. იმ პერიოდში შეიქმნა ოპერაციული კომიტეტიც, რომლსაც “ბაქო-2020” – ის პრეზენტაცია უნდა მოემზადებინა. ამისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კომპანია Helios Partners-იც მიიწვია. ეს კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა ფიონჩანგი-2018-ისა [სამხრეთ კორეა] და რუსეთში 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პროექტების მომზადებაში. ამის მიუხედავად, ბაქო კონკურსს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

ბაქოსთვის უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების გამოცდილების უქონლობა იყო. აზერბაიჯანს მანამდე კი ჰქონდა ორთაბძოლებსა და მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ჩატარების გამოცდილება, თუმცა ოლიმპიური თამაშების მასშტაბებს ეს ღონისძიებები ვერ შეედრებოდა.

სწორედ მაშინ ბაქომ ამ თვალსაზრისით გამოცდილების დაგროვება გადაწყვიტა. არ გასულა ერთი წელიწადიც და 2012 წლის 8 დეკემბერს ევროპული ოლიმპიური კომიტეტის 41-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც რომში გაიმართა, პირველი ევროპული თამაშების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის გამართვაც აზერბაიჯანს ანდეს. თავად ევროპული თამაშების ჩატარების იდეა და მისი აზერბაიჯანისთვის შეთავაზება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს, პატრიკ ჰიკის ეკუთვნის, რომელიც არცთუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. 2016 წელს, რიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დროს, ის დააპატიმრეს “შავ ბაზარზე” ბილეთების გაყიდვის ორგანიზების ბრალდებით. რამდენიმე თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 24 ივლისს, ისლამური სოლიდარობის სპორტული ფედერაციის [The Islamic Solidarity Sports Federation (ISSF)] მორიგ გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2017 წელს თამაშები სწორედ ბაქოში უნდა გამართულიყო.

ერთი წლის შემდეგ ბაქომ კიდევ ერთი სასიხარული შეტყობინება მიიღო. 2014 წლის 19 სექტემბერს ბაქო შეიყვანეს იმ 13 ქალაქს შორის, სადაც 2020 წელს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება – სამ თამაშს უმასპინძლებს.

ამავე პერიოდიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და 2015 წლის დასაწყისში 50 აშშ დოლარზე ნაკლები გახდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო აზერბაიჯანშიც, რომელიც “ნავთობის მახათზე” ზის, ეკონომიკური კრიზისი და მანათის დევალვაცია დაიწყო.

ევროპული თამაშების მთლიანმა ბიუჯეტმა 1,12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, დამოუკიდებელი ეკონომისტების გათვლით, აღნიშნულ თამაშებზე დაახლოებით 3,55 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. რა დივიდენები მოუტანა ბაქოს ევროპული თამაშების ჩატარებამ, რთული ასახსნელია. თუმცა ეს დივიდენდი ნამდვილად არ ასახულა ფულად ეკვივალენტში.

[blue_box]რამდენი უჯდება აზერბაიჯანს ისლამური თამაშები?[/blue_box]

ისლამური თამაშების მომზადების დროს საოპერაციო კომიტეტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ  ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება და ისლამურ თამაშებზე ის სპორტული არენები იქნება გამოყენებული, რომლებიც ევროპული თამაშების დროს აშენდა ან ექსპლუატაციაში შევიდა.

აზერბაიჯანის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს ჩანაწერი, რომ “ისლამურ თამაშებთან და ფორმულა-1-თან დაკავშირებით” 317 მილიონ 300 ათასი მანათის (189 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფა იგეგმება. თუმცა ისლამური თამაშებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული თანხა მითითებული არ არის.

ორი მასშტაბური სპორტული მოვლენის საოპერაციო კომიტეტები, რა თქმა უნდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ერთი ამბობს, რომ მეორეს მეტი ბიუჯეტი აქვს, მეორე კი ამბობს, რომ პირველს აქვს უფრო მეტი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისლამური თამაშების დანახარჯები არ არის დიდი. ისეთი მასშტაბური პიარ -კამპანია, როგორც ევროპული თამაშების დროს არსებობდა, ახლა არ შეიმჩნევა.

ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო დახარჯული. მხოლოდ ლედი გაგას, რომელმაც შოუ დადგა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამჯერად, რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობის ბიუჯეტზე საუბარიც ზედმეტია. “ბაქო-2017”-ის კორპორატიული დირექტორის, ელჩინ საფაროვის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა ცერემონიის გახსნაზე ან დახურვაზე არ იგეგმება. ფორმულა-1-ზე კი სამი “ვარსკვლავის” ჩამოყვანაა გათვალისწინებული. მათ შორის, როგორც განაცხადეს, თურქული ესტრადის მომღერალი ტარკანი ჩამოვა, რომელსაც 500 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

ყველა ზემოთ ნახსენები მასშტაბური ღონისძიება ბაქოში დიდი ფულის პერიოდში დაიგეგმა. საეჭვოა, რომ აზერბაიჯანს, ნავთობის ამჟამინდელი ფასის პირობებში, მსგავსი მასშტაბისა და დანახარჯების ღონისძიების ჩატარების ვალდებულება ეკისრა. თუმცა ქვეყანა უკან ვეღარ დაიხევს და უარს ვეღარ იტყვის აღნიშნული სპორტული ღონისძიების ჩატარებაზე. ყველაფერთან ერთად, უარის თქმა აზერბაიჯანის იმიჯსაც დააზარალებდა. ამიტომაც ისლამური თამაშები მკაცრი ეკონომიკის რეჟიმში გაიმართება. ასეთ პირობებში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე აზერბაიჯანი ჯერჯერობით ვერ იოცნებებს.

[blue_box]უნდა ელოდოს თუ არა ქვეყანა ტურისტებს?[/blue_box]

წლების განმავლობაში ბაქო ირანელ ტურისტების სტუმრობას შეჩვეული იყო, თუმცა ბოლო ორმა წელმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ მომხიბვლელია არაბული ქვეყნების ტურისტებისთვისაც. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით წელიწადის თბილ პერიოდში იზრდება. ისლამური თამაშები მაისში იმართება და შესაძლოა, ეს მოვლენა არაბი ტურისტებისთვის დამატებითი სტიმულიც გახდეს აზერბაიჯანის მოსანახულებლად.

მეორე მხრივ, ისლამური თამაშების სტრანსლირება, უკვე არსებული შეთანხმებების საფუძველზე, მსოფლიოს 35 ქვეყანაში მოხდება. ძირითადად- არაბული ქვეყნებში, ასევე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც ამ თამაშებში მონაწილეობენ. შესაბამისად,  იმედს ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებზეც ამყარებენ.

ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანს ისლამური თამაშების ჩატარებით ცალსახად გაუმართლა. თუმცა რამდენიმე დადებითი გამოხმაურება ქვეყნის შესახებ უდავოდ ჩაიყრება აზერბაიჯანის იმიჯის ყულაბაში.

ოფიციალურ ბაქოს მოსწონს მსოფლიო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობას კი ის, რომ აზერბაიჯანის სახელი სხვა ქვეყნების ახალ ამბებსა და ვიდეორგოლებში ხვდება.

ილუსტრაცია: ისლამური თამაშების სიმბოლო

ილუსტრაცია: ისლამური თამაშების სიმბოლო

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი