სამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ უნდა იავადმყოფოთ აზერბაიჯანში

22 ნოემბერი, 2016 • 2178
რატომ არ უნდა იავადმყოფოთ აზერბაიჯანში

პირველად აზერბაიჯანელ ექიმებთან შეხება ათი წლის წინ მომიწია. საბედნიეროდ, ბავშვობაში ჯანმრთელი ვიყავი. მოგვიანებითაც არ ვუჩიოდი ჯანმრთელობის პრობლემებს. შეიძლება ითქვას, ექიმებთან ჩვენი გზები ძალიან იშვიათად იკვეთებოდა. თუმცა 10 წლის წინ დედაჩემს შაქრიანი დიაბეტი აღმოუჩინეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ქვეყანაში ყველა დიაბეტის მქონე მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს და ადგილობრივ პოლიკლინიკებში ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა მიიღოს. პრობლემა სწორედ აქედან დაიწყო.

მაშინ ჯერ კიდევ, როგორც ჟურნალისტი, ჩვენი ხელისუფლების შავ სიაში არ ვყოფილვარ და საკმაოდ პრესტიჟულ მედიაჰოლდინგთან ვთანამშრომლობდი. ერთ დღეს დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ექიმმა უარი თქვა მისთვის საჭირო მედიკამენტის გაცემაზე და აფთიაქში ყიდვა ურჩია. მაშინვე ვივარაუდეთ, რომ პოლიკლინიკის ექიმები ამ მედიკამენტებს ადგილობრივ აფთიაქებში ჰყიდიან.

ჯანდაცვის სფეროზე მომუშავე კოლეგას ვთხოვე გამოეძიებია ეს თემა. სტატიის შემდეგ ადგილობრივი პოლიკლინიკის ექიმმა დედაჩემი გამოიძახა და უსაყვედურა, რომ ხმაურის ატეხვას და პრესაში დაბეზღებას, შეეძლო მისთვის დაერეკა და დახმარება ეთხოვა. საჭირო წამლები მაშინვე მისცეს.

ექვსი თუ შვიდი თვის შემდეგ იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით- ექიმმა ისევ უარი უთხრა კანონით გათვალისწინებული წამლის გაცემაზე. იმ მომენტში მეგობრებთან ვიყავი და დედასთან ტელეფონზე საუბრის დროს ცნობილმა ჟურნალისტმა აზერბაიჯანში, ჩემმა კოლეგამ, რომელიც იქვე იყო, ტელეფონი გამომართვა და დედაჩემს ექიმის ნომერი სთხოვა. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაშივე დაურეკა ექიმს და თავი წარუდგინა. უთხრა, რომ თუ საჭირო წამლებს დედაჩემს არ მისცემდნენ, გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდოდა პოლიკლინიკაში და კანონდარღვევაზე რეპორტაჟს გააკეთებდა. პოლიკლინიკამ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უპრობლემოდ მისცა წამლები, რომელიც პაციენტს კანონით ეკუთვნოდა. შემდეგ ისევ შეწყვიტა.

უკანანსკნელი 10 წლის განმავლობაში დედაჩემმა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გამოიცვალა პოლიკლინიკა, თუმცა პრობლემა არ აღმოფხვრილა. წამლების ყიდვა ძირითადად საკუთარი ჯიბიდან გვიწევს. როდესაც ამის შესახებ ჩემი ნაცნობი დეპუტატები, ჟურნალისტები, იურისტები იგებენ და ცდილობენ პრობლემის გადაჭრას, მაშინვე აძლევენ დედას წამლებს, შემდეგ კი ისევ წყვეტენ.

ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მეორე სირთულე მაშინ გადავიტანე, როდესაც მამას კიბო დაუდგინეს. რამდენიმე მძიმე და ძვირადღირებული ოპერაციის, ქიმიო და რადიოთერაპიის პროცედურების შემდეგ მისი ორგანიზმი დასუსტდა. ჩემმა ნაცნობმა მამისთვის აზერბაიჯანის ერთ-ერთი სანატორიუმის ლუქს ნომრის საგზურები გვაჩუქა. ჩამოსვლისთანავე აღმოვაჩინეთ, რომ “ლუქს კორპუსი” ორი ნაწილისგან შედგება. ერთ ოთახში ძველი, საბჭოთა, ნესტიანი და ობმოკიდებელი კედლებია, მეორე ნაწილი გარემონტებულია- ტელევიზორით, ახალი ავეჯით. ჩვენ რატომღაც ძველ ნაწილში განგვათავსეს. რა თქმა უნდა, გავაპროტესტე, რომ ლუქს კორპუსზე გვქონდა საგზურები, რაზეც მთავარმა ექთანმა გამომიცხადა, რომ კარგი ნომრებისთვის დამატებით უნდა გადავუხადოთ. ამ დროს დამატებითი ღირებულებისთვის ქვითარსაც არ მოგვცემდნენ. მოგვიანებით სხვა ექთნისგან გავიგეთ, რომ ამ გზით “ფული კეთდება, რადგან ცხოვრება ყველას უნდა”.

18-დღიანი ცხოვრების შემდეგ ე.წ. ლუქს კლასის სანატორიუმში აბსოლუტურად ყველა პროცედურის საფასური გადაგვახდევინეს, რომელიც ისედაც შედიოდა საგზურის საფასურში.

მესამე ისტორიაც დედაჩემს უკავშირდება. შარდის ბუშტში პოლიპი აღმოუჩინეს და სასწრაფო ოპერაცია გვირჩიეს – თუ დაუყოვნებლივ არ გაკეთდებოდა ოპერაციას, წარმონაქმნი ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეოდა. ამჯერად გადავწყვიტე, არ გამემეორებინა წინა შეცდომები და დედა თბილისში ჩამოვიყვანე. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიპი კი არა, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება აქვს. თბილისში ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს. წინასწარ შეთანხმებული საფასური სალაროშივე გადავიხადეთ, მივიღეთ ქვითარი და წარმატებით დავტოვეთ კლინიკა. ფული ექთანსაც კი არ მოუთხოვია. დედას გულიც კი დასწყდა რომ ასეთი კარგი მოვლის სანაცვლოდ ექთნებმა ფული არ გამოართვეს.

ყველაზე საზარელი შემთხვევა მაინც ჩემს სამი წლის ძმისშვილს შეემთხვა. ბავშვმა ეზოში თამაშის დროს ფეხი მოიტეხა. ჩემმა ძმამ სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა და ექიმს უთხრა, რომ სანამ ფულის მოსატანად წავიდოდა, ექიმს ყველა საჭირო პროცედურა ჩაეტარებინა. ექიმმა გამოუცხადა, რომ თითსაც არ გაანძრევს, სანამ ფულს არ მისცემენ. სამი წლის ბავშვი ფეხის საშინელი ტკივილით ალოდინეს.

მოკლედ მოვყევი რამდენიმე ისტორია, რომელიც უშუალოდ მე გადამხდა. თუმცა ჩემს ქვეყანაში ყოველდღიურად ასობით ასეთი შემთხვევა ხდება და მათი ნაწილი ტრაგედიით მთავრდება. საქმე არა მხოლოდ ის არის, რომ აზერბაიჯანში მკურნალობა ფაქტიურად ფასიანი და ძალიან ძვირადღირებულია.  არ არსებობს სამედიცინო დაზღვევა, ტოტალური კორუფციისა და უკანონობის გარემოში ბევრ დიაგნოზს არასწორად სვამენ და მკურნალობა დიაგნოზთან შეუთავსებელია.

ადგილობრივი ექიმების მიმართ უნდობლობა ადამიანებს აიძულებს, საზღვარგარეთ წავიდნენ სამკურნალოდ. გამონაკლისის გარეშე მინისტრები და მაღალჩინოსნები, პრეზიდენტის ოჯახის ჩათვლით, სამკურნალოდ მხოლოდ ევროპაში ან აშშ-ში მიდიან, ნაკლები შეძლების მქონენი კი, ირანში ან საქართველოში.

ერთხელ ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა თანამედროვე აზერბაიჯანელმა მწერალმა სეიმურ ბაიჯანმა სვეტი დაწერა, სადაც ადგილობრივ ექიმებს აკრიტიკებდა. როგორ ფიქრობთ, როგორი იყო ჰიპოკრატეს მიმდევართა რეაქცია? ფეისბუკში ექიმების ჯგუფში გამოაქვეყნეს პოსტი იმის თაობაზე, რომ  თუ ბაიჯანი დაუყოვნებლივ არ მოუხდიდა ბოდიშს აზერბაიჯანელ ექიმებს, მიყენებული შეურაცხყოფისთვის დაიჭერდნენ და სცემდნენ.

ძალიან მინდოდა, პრობლემების გარდა, რაღაც პოზიტიურიც დამეწერა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ასეთი  საერთოდ ვერაფერი ვიპოვე. კორუფცია საზოგადოების ყველა სფეროში ყველაზე ჰუმანური სფეროს წარმომადგენლებსაც კი ურგძნობ ყასაბებად აქცევს.

13335787_892841254178393_3701810673496049463_n
გიუნელ მევლუდი არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი