სამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის იძულებითი „დამოუკიდებლობა“

20 ივნისი, 2016 • 2910
სამხრეთ ოსეთის იძულებითი „დამოუკიდებლობა“

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უკვე შვიდი წელიწადი გავიდა. მას შემდგომ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, სამხრეთ ოსეთში კვლავ დღის წესრიგს დაუბრუნდა თითქოსდა უპერსპექტივო მოსაზრება რუსეთთან მიერთების შესახებ.

რეფერენდუმის იდეა ცხინვალმა რამდენიმეჯერ გაახმიანა, ხოლო გაზაფხულზე, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლეონიდ თიბილოვმა ჩატარების თარიღად 2016 წლის ზაფხული დაასახელა. თუმცა კრემლთან შეთანხმებული რეფერენდუმი კვლავ გადაიდო, ამჯერად 2017 წლისთვის.

საეჭვოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებას მიეღო. როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებით არაა დაინტერესებული, მით უმეტეს, რომ საქართველოში მზარდი ევროსკეპტიციზმი რუსეთისათვის თითქოსდა ახალ პერსპექტივებს უნდა აჩენდეს (ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 24% ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერს მხარს, ხოლო 58%- ევროკავშირში).

სამხრეთოსური ნაციონალური პროექტი

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებს ხშირად ერთ კალათაში ათავსებენ, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. სხვადასხვაგვარია ოსებისა და აფხაზების მომავლის ხედვაც. თუ აფხაზები იმთავითვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობდნენ, ოსები პირიქით, ერთი სახელმწიფოდან მეორეში გაქცევას ლამობდნენ.

საქმე ის არის, რომ არსებობს მეორე, უფრო დიდი ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთის შემადგენლობაში. შედარებისათვის, ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა დაახლოებით 15-ჯერ აღემატება სამხრეთ ოსეთისას (ჩრდ. ოსეთი – შვიდასი ათასი, სამხრეთ ოსეთი – ოცდაათიდან ორმოცდაათ ათასამდე). ამიტომ სამხრეთელი ოსები ფიქრობენ, რომ ისინი ერთიან ოსურ სახელმწიფოში უკეთ დაცულნი იქნებიან. შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფო მათთვის განსაკუთრებულ ღირებულებას არასოდეს წარმოადგენდა და უფრო განიხილებოდა საქართველოდან რუსეთში „გადასვლის“ ინსტრუმენტად (ამ მხრივ ოსეთი წააგავს მგზავრს, რომელიც აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ზის).

საკითხის გააქტიურების მიზეზები

მიუხედავად გაერთიანების იდეის არსებობისა (რომელიც ჩრდ. ოსეთში დიდ ენთუზიაზმს არასოდეს იწვევდა!), 2008 წლის ივლისშიც კი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ცხინვალში  რთულად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ხოლო აღიარებისა და ამ მცირე წარმონაქმნის „დამოუკიდებლობის პროექტში“, რუსეთის მიერ უზარმაზარი ფინანსური რესურსების ინვესტიციის ფონზე (2008 წლიდან დღემდე რუსეთმა სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯა), საკუთარ სახელმწიფოზე უარის თქმა  სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ელიტას გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა.

ყველაფერი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შეცვალა. ცხინვალში კარგად ახსოვთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ასახვა შეიძლება პოვოს საერთაშორისო პოლიტიკურმა მოვლენებმა უშუალოდ მათ მომავალზე (აქ კოსოვოს შემთხვევას ვგულისხმობთ); შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა გარკვეული იმედები ხელახლა გააჩინა.

ამ ყველაფერს ლოკალური, შიდა სამხრეთოსური  სიუჟეტიც ემატება – 2017 წელს სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს; რაც საკითხს დამატებით სიმძაფრესა და აქტუალობას სძენს.

რთულია იმის თქმა, თუ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რა პროცენტია მომხრე რუსეთთან მიერთების. თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უმრავლესობაში არიან.  გასათვალისწინებელია კორუფციის (2008 წლიდან დღემდე დაახლოებით 27 მილიარდი რუსული რუბლი გაქრა), გადაუჭრელი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შედეგად დაგროვილი უკმაყოფილება, რაც ლოგიკურად  ტრანსფორმირდება იმედგაცრუებაში საკუთარი სახელმწიფოსა და პოლიტიკური ელიტის მიმართ. შედეგად, პარადიგმა რუსეთთან მიერთების  უალტერნატივობის თაობაზე სულ უფრო ძლიერდება.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩვენები და რეფერენდუმი

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიერთების საკითხი სულ უფრო მეტ შიდა პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს. სავარაუდოდ, კანდიდატებს შორის აზრთა ჭიდილი არა ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე იქნება, არამედ იმაზე, თუ ვინ შეძლებს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან უფრო მალე მიყვანას.  2014 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უკვე გამოკვეთა ეს ტენდენცია, როდესაც პარტიათა შორის დისკუსიები ძირითადად ამავე საკითზე დაიყვანებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა უკვე წამოიწყო საპრეზიდენტო კამპანია, როდესაც ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა რეფერენდუმის ჩატარების იდეით. რეფერენდუმის ინიცირების მცდელობა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს ბოლო ორი წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ჰქონდათ (მანამდე სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ რეფერენდუმები ჩატარდა 1992 წელსა და 2006 წელს).

მოსკოვში (31 მარტი, 2016) ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა,  ლეონიდ თიბილოვმა რეფენედუმის ჩატარების უფლება ისევ ითხოვა და ნაწილობრივი თანხმობაც მიიღო. რეფერენდუმის მეშვეობით, რომლის  გამართვაც  2016 ზაფხულში იგეგმებოდა, კონსტიტუციაში უნდა შესულიყო ცვლილება, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს მიანიჭებდა მანდატს, პარლამენტთან შეთანხმებით  რუსეთთან მიერთების პროცესი წამოეწყო.

ასე რომ, მიუხედავად ცხინვალის სურვილისა, ჩაეტარებინა რეფერენდუმი მიერთების შესახებ, მოსკოვმა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებაზე გასცა თანხმობა, რაც ამ რეფერენდუმის პოლიტიკურ წონას იმთავითვე მნიშვნელოვნად დაბლა სწევდა. მაისის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გადადების შესახებ გახდა ცნობილი, ამჯერად 2017 წლისთვის.

რუსეთის უარი სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე

საშუალოვადიან პერსპექტივაში (სულ მცირე შემდეგი 5 წელი) რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ანექსია დიდი ალბათობით არ მოხდება, რაც განპირობებულია ორი ძირითადი,  ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით (რაც არ უნდა საწყენი იყოს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტისთვის, ის გავლენას ვერც ერთზე ვერ მოახდენს): რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიეთობების ტიპითა და საქართველოს დასავლური დღის წესრიგის წარმატების ხარისხით.

საქართველო-რუსეთის განზომილება

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში მოვიდა ხელისუფლება (კოალიცია „ქართული ოცნება“), რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. ორმხრივი ძალისხმევის შედეგად ქართულ-რუსული ურთიერთობები ნაწილობრივ მართლაც მოწესრიგდა: აღდგა რეგულარული ავიარეისები, მოიხსნა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, გახშირდა კულტურულ-ჰუმანიტარული კონტაქტები, ხისტმა და აგრესიულმა რიტორიკამ გზა შედარებით შერბილებულს დაუთმო.

მიუხედავად იმისა, რომ  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები კვლავ უთანხმოების საგნად რჩება (არც რუსეთი აპირებს აღიარების წაღებას  და სამხედრო ბაზების გაყვანას, არც საქართველო ელევა ტერიტორიულ მთლიანობას), აქაც დაძაბულობის შკალამ მნიშვნელოვნად დაიწია.  

მართალია, ქართულ-რუსული ნორმალიზაციის შემოქმედი – კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია „ქართული ოცნება“დიდი ალბათობით შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტში ევროსკეპტიკურად განწყობილ ძალებსაც ვიხილავთ. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თუ მეტად არ დათბება, არც გაცივდება, მით უმეტეს, ნაკლებად სავარაუდოა მისი ადრინდელ ანტაგონიზმში გადაზრდა.

ამ პირობებში, როდესაც საქართველოში მოვლენები რუსეთისათვის სახარბიელოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მის საწინააღმდეგოდ არ ვითარდება, უცნაური იქნებოდა სამხრეთ ოსეთის დე იურე ანექსიაზე ფიქრი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა რუსეთის არსენალში ბევრი არც არაფერია დარჩენილი და ერთ-ერთის ანექსიის შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანს გავლენის ისედაც მცირერიცხოვან ბერკეტებს.

საქართველო-დასავლეთის განზომილება

საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მისი გამოხატულად პროდასავლური კურსი, არის ქართულ-რუსული ურთიერთობების ყველაზე რთული ნაწილი. თუ სადმე საქართველოს სახელმწიფო გამოირჩევა მემკვიდრეობითობით, ალბათ ზუსტადაც რომ საგარეო პოლიტიკაა.

ზოგადად გაბატონებულია მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის პოლიტიკა არაპროგნოზირებადი, ხშირად მოუქნელი და ხისტია. თუმცა ემპირია და დაკვირვება მის მოქმედებებზე, თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, საპირისპიროს ამტკიცებს (თუ არ ჩავთვლით სიხისტეს).  მართალია, რუსეთი საკუთარი ინტერესების დასაცავად, გავლენის სფეროს გაფართოების მიზნით და მეზობლებზე ზეწოლისათვის კონფლიქტებს ყველგან იყენებს, მაგრამ მეთოდები  მნიშვნელოვნად განსხვავდება და გარკვეული ლოგიკა გააჩნია(მიუხედავად იმისა, მოგვწონს ის ჩვენ თუ არა).

ამ ლოგიკის მიხედვით, უკრაინაში 2014 წელს, ხოლო საქართველოში 2008-ში, ადგილი ჰქონდა სტატუსკვოს შეცვლის მცდელობას.  რუსეთის აღქმით (აქ მთავარი აღქმაა და არა მისი ობიექტურობის ხარისხი), ორივე შემთხვევაში ცვლილება ხდებოდა მის საწინააღმდეგოდ და მისი ინტერესების საზიანოდ.

ის, რომ თეზა სტატუსკვოსთან დაკავშირებით მართებულია, 2014 წელს საქართველოსა და  ევროკაშირს შორის  ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან (Treaty for Alliance and Integration) და აფხაზეთთან (Treaty on Alliance and strategic Partnership) გაფორმებული “ხელშეკრულებებიც” ცხადყოფს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური გზა, მით უფრო გაიზრდება  სამხრეთ ოსეთის ანექსიის ალბათობაც.

თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო მდგომარეობას და დასავლეთის დამოკიდებულებას შემდგომ გაფართოებასთან (თანაბრად ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს), ნაკლებად სავარაუდოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო რომელიმე დასავლური სტრუქტურის წევრი გახდეს. შესაბამისად, საქართველოსთან ვაჭრობის თვალსაზრისით, რუსეთს სამხრეთ ოსეთის დღევანდელი პოლიტიკური სტატუსი სრულებით აკმაყოფილებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ადგილზე სიტუაციის კონტროლის ხარისხს: ცხინვალის ბიუჯეტის 92%-ს რუსეთის დახმარება შეადგენს; 2015 წლის მარტის ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სრუქტურების ეტაპობრივი ინტეგრაცია მოხდება რუსულთან; სხვა წარმონაქმნებისგან განსხვავებით, ცხინვალის მოსახლეობაცა და  პოლიტიკური ელიტაც მოსკოვისადმი სრულიად ლოიალურია.

დაბოლოს, რეფერენდუმის კიდევ ერთხელ გადადება რამოდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: ა) საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები რუსეთისათვის ფაქტორია, რომელიც იმოქმედებს მის შემდგომ პოლიტიკაზე; ბ) კრემლს არ სურს სამხრეთ ოსეთის არჩევნებმა საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს (რეფერენდუმის გამართვა არჩევნებთან ერთად იგეგმებოდა); გ) რუსეთი თავს არიდებს  დასავლეთთან ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად ადგილობრივი პოლიტიკოსების მცდელობისა, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთს იძულებით „დამოუკიდებლობაში“ ყოფნა კიდევ დიდ ხანს მოუწევს.  თუმცა ბოლო დროს მსოფლიოში პროცესები იმდენად დინამიკურად ვითარდება, რომ მოვლენათა სვლის ვერც ერთ სცენარს ხელაღებით ვერ გამოვრიცხავთ.

 

გიორგი კანაშვილი; კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი კანაშვილი; კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი