სამხრეთ კავკასიის ამბები

პატარა აფხაზური პარადოქსი

10 აპრილი, 2016 • 2315
პატარა აფხაზური პარადოქსი

2016 წლის დასაწყისში აფხაზეთის ჯანდაცვის კანონში შესწორება შეიტანეს – აბორტი აიკრძალა. პროექტის წინააღმდეგ ხმა ერთადერთმა დეპუტატმა ქალმა, ემა გამისონიამ და დეპუტატმა ახრა ბჟანიამ მისცეს, რომელიც, მართალია, ხელისუფლებაში მოსული მკვეთრად ნაციონალისტური ძალის წარმომადგენელია, მაგრამ ახლო წარსულით და მსოფლმხედველობით აფხაზეთის რეალობაში პროდემოკრატიულ, ასე თუ ისე ლიბერალურ ძალებს უკავშირდება.

შესწორების მომხრე და პარადოქსულად, მოწინააღმდეგეც გამოდის ჯანდაცვის მინისტრი, ანზორ გოოვი. მისი შეფასებები ამ დისკურსის ყველა ელემენტს და მხარეს შეიცავს, რომელიც, წესით, შესწორების მიღების წინ უნდა მომხდარიყო აფხაზურ საზოგადოებაში.

პრობლემა, ცხადია, ქალთა უფლებებს, ზოგადად, გენდერული საკითხების ხედვას უკავშირდება. ამის გარდა, აბორტის თემა რელიგიური რწმენის მიღმა დგას, ზოგად ეთიკურ საკითხებს მიეკუთვნება – ქალის უფლების ჭრილში ის სხვა ეთიკურ განზომილებასაც იძენს, რადგან ზრდასრულ პიროვნებას საკუთარ სხეულზე უფლებას უზღუდავს.

რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომელიც აფხაზეთში გენდერული თანასწორობის კვლევას ეხებოდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობის აზრით, აფხაზური საზოგადოება პატრიარქალურია, მაგრამ ამასთან, ზომიერად პატრიარქალური. ძლიერი, ამბიციური, გონიერი ქალები ამ საზოგადოებას მოსწონს, ჰყავს კიდეც ასეთები. ასევე, აფხაზური პატრიარქალურობა თავშეკავებულია, არაექსპრესიულობის და არარეპრესიულობის ნიშნებს ატარებს, “მაჩოიმზი” ვულგარულობად აღიქმება და ცუდ ტონად ითვლება – მისი გამჟღავნება უხერხულია, როგორც ქალი, ისე მამაკაცი თანამოსაუბრის წინაშე. ქალის აზრის, ქალის უფლების ასეთი უხეში უგულებელყოფის ტენდენცია თითქოს მის კულტურაში არ მოიძებნება.

მეტიც, კანონი ,,ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ “აფხაზეთში 2008 წელს იქნა მიღებული. შედარებისთვის სამხრეთ კავკასიის მონაცემების მოტანაც ღირს: ანალოგიური კანონი საქართველოში ორი წლის შემდეგ მიიღეს, სომხეთში – ხუთი წლის შემდეგ. რეგიონის დანარჩენ ორ არაღიარებულ რესპუბლიკაში მსგავსი კანონი არ არსებობს.

გენდერული კვოტირების პრინციპს გარკვეულწილად შეიცავს 2008 წელს მიღებული ამ კანონის მე-13 მუხლი, რომელიც სახელმწიფო კომისიებში რომელიმე სქესის წარმომადგენლების 60%-ზე მეტის ყოფნას კრძალავს. ესეც საინტერესო მომენტია.

ძალიან უხეშად თუ განვაზოგადებთ, აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრი ორ ბანაკად იყოფა. პირველი ვლადისლავ არძინბას მმართველობის ბოლო წლებთან დაკავშირებული წრეა. ჩვენს რეალობაზე თუ მოვახდენთ პროეცირებას, ე.წ. ეროვნულები , “ეროვნული ხელისუფლება”. მეორე- ბაღაფშის და ანქვაბის პერიოდთან დაკავშირებული ძალები, რომელთა გააქტიურება რესპუბლიკაში ასე თუ ისე პროდემოკრატიულ გავლენას უკავშირდება. გავლენას იკრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მეტიც, მათი საუკეთესო კადრები სახელისუფლებო წრეებში ან პარლამენტში ინაცვლებენ და ცდილობენ, სხვა საკითხებთან ერთად საკანონმდებლო პროცესზეც იქონიონ გავლენა.

პირველი ძალა, “ეროვნულები”, ქართული ანალოგია რომ მოვიშველიო, წლებს ითვლის – ვთქვათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ათ დაკარგულ წელიწადზე ლაპარაკობს. ამ “დაკარგულ წლებზე” მოდის სწორედ ზემოხსენებული კანონის მიღება.

პირველებს, რასაკვირველია, არ ესმით, რომ ცივილიზებული სამყაროს სამართლებრივ ნორმებთან მიახლოების მცდელობა იმ ძალების ,,ეროვნულობის“ გამოხატულება იყო, რომლებიც აფხაზეთს ტომობრივ ერთეულზე მეტ ღირებულებად მიიჩნევენ და თანამედროვე მსოფლიოსთან ერთ ენაზე სურთ საუბარი.

კანონის კომენტირებისას ოპოზიციური პარტიის ლიდერმა (იაკუბ ლაკობა, 2009 წლის 11 მარტი) აღნიშნა: ,, კანონში იურიდიული ტექნიკა მოიკოჭლებს: მასში ლაპარაკია მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის შესახებ. ეს შეუძლებელია. ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ თანასწორობის და თანასწორუფლებიანობის ცნებები. თანასწორობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. თანასწორუფლებიანობა კი ყველაფერში უნდა იყოს.. მაგრამ არც ფაქტობრივი, ბუნებით განპირობებული უთანასწორობა უნდა დავივიწყოთ.“

შემდეგ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რომელსაც, სხვათა შორის, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი ჰყავდა წარდგენილი, თანასწორუფლებიანობის განხორციელების გზებზე საუბრობს და აქ ნათელი ხდება, რომ საამისო ხერხად მას მხოლოდ ფინანსური ფონდები წარმოუდგენია. საკითხი საბავშვო ბაღების, გზების მოწყობამდე დაჰყავს, მეცნიერების დონის ამაღლებას უკავშირებს და ქალებს თავიანთი ტრადიციული როლების გაგრძელებას უსურვებს, ოღონდ ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოში.

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ოპოზიციონერის აზრია, მაგრამ მხოლოდ დამთხვევა ვერ იქნება, რომ ჯანდაცვის კანონში ეს შესწორება დასავლურ ღირებულებებთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ოპოზიციის მოსვლამ მოიტანა.

საინტერესოა, რომ აბორტების აკრძალვის ინციატორებს შორის აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგნელები და აფხაზეთში მოქმედი რუსული საეკლესიო ფონდები იყვნენ, მაგრამ საკითხზე მსჯელობისას საკმაოდ სუსტად გაისმოდა რელიგიური არგუმენტაცია.
კანონპორქტის განხილვის ინიციატორის, დეპუტატ ხარაზიას თქმით, ,,აბორტები ისედაც მცირერიცხოვანი ხალხის – აფხაზების ოდენობის ხელოვნურად შემცირებას უწყობს ხელს’’.

ძალა, რომელიც ახლაა მოსული აფხაზეთის ხელისუფლებაში და პარლამენტში უმრავლესობას შეადგენს, ,, თვითმყოფად ეროვნულ ნიადაგზე“ დგომით იწონებს თავს. ამ ავთენტური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რელიგიურიცაა, ოღონდ აქ არც ერთ აბრაამულ რელიგიაზე არაა საუბარი.

აფხაზების დიდ ნაწილს მოსწონს საუბარი უნიკალურ აფხაზურ რელიგიაზე, რომელიც ქრისტიანობაზე და ისლამზე ძველია, მაგრამ ამასთანავე არ არის წარმართული, რადგან მონოთეისტურია. მანამდეც კი, სანამ გახალხურებული და ამიტომ საკმაოდ პოპულარული ბოლშევიზმი წაშლიდა აფხაზური ქრისტიანობის დარჩენილ კვალს, ამავე მოქმედების ფაქტორი იყო ისლამის შემოსვლა, რომელმაც თავადაც ვერ დაიმკვიდრა იმ ფორმით თავი, რასაც მსოფლიოს მუსლიმთა უმეტესობა დებს ამ სიტყვაში, თუმცა ძველი ქრისტიანული ტრადიციის წაშლას, მის პაგანიზაციას შეუწყო ხელი. ამ დაჟინებაში აფხაზებს დიდად ეხმარებიან მეგობარი დიდ- პატარა რუსი მეცნიერები. მნიშვნელობა არ აქვს, რომ მსოფლიოს დანარჩენი (დიდი) ნაწილისთვის ეს გაუგებარი იქნება, რუსული მხარდაჭერა ხშირად სწორედ ისეთია, როგორიც ამ საზოგადოების დეზორიენტირებას, საკუთარ თავში გამოკეტვას და იმ სამყაროსგან იზოლირებას შეუწყობს ხელს, რომელსაც რუსული სახელმწიფო დაჟინებით აყენებს ,, ცივილიზაციური“ მოწინააღმდეგის როლში.

ზოგი რუსი სასულიერო პირი აღფრთოვანებას გამოხატავს ადამიანის უფლებაზე ამ ძალადობით. ,,რუსი ხალხის აღორძინება აფხაზეთიდან იწყება“, ამბობს დეკანოზი სმირნოვი. აფხაზეთს სრულებით არ აქვს ამნაირი პრეტენზია, ვგონებ, არც სურვილი. აბორტის საწინააღმდეგო შესწორების იმპულსი რომ რელიგიური კი არა, მწვავე დემოგრაფიული პრობლემა იყო, ამას ალბათ თავად აფხაზი დეპუტატებიც აღიარებენ. ბევრი სხვა, გაცილებით რეალისტური და ეფექტური ღონისძიება, რომელიც ქალებს ნამდვილ დახმარებას გაუწევდა, ხოლო აფხაზურ საზოგადოებაში სოციალურ ძვრას გამოიწვევდა, პარლამენტს განხილვის ღირსად არ ჩაუთვლია. აფხაზეთის საზოგადოება პოსფაქტუმ იწყებს ამ დისკუსიებს.
რაც უნდა წიგნიერი იყოს კონკრეტული ორგანიზაცია თუ პირი ადამიანის უფლებათა კუთხით, დემოგრაფიულმა პრობლემამ ისეთი მასშტაბები შეიძინა აფხაზეთში, რომ შესწორების მკვეთრად გაკრიტიკებას ბევრი ერიდება.

აფხაზებს პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ დამხმარე პროცესად მუჰაჯირთა შთამომავლების რეპატრიაცია მიაჩნიათ. რამდენიმე წლის წინ რეპატრიაციით დაკავებული ადამიანები აფხაზეთში გმირებად იქცნენ. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც დემოგრაფიულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ საუკუნენახევრის წინ საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი ადამიანების დაბრუნება ძლიერ ნაციონალურ სენტიმენტს იწვევს. მართალია, სულ ერთეული ოჯახები ბრუნდება, მაგრამ შესაძლოა ამ თემით ითამაშოს- თუ უკვე არ თამაშობს- რუსულმა მხარემ და საკითხის მოგვარების ბერკეტი ყველაზე პრიმიტიულ ნაციონალისტურ ძალებს ჩაუგდონ ხელში, რომელთა ავტორიტეტის წინაშე შემდეგ ბევრ დამსახურებულ, ზომიერ ადამიანს ექნება უნებლიეთ ქედი მოსახრელი. მეჩვენება, რომ უკვე იყო ამის ნიშნები.

სამწუხაროდ, არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა ტიპის დახმარება აქვთ განსაზღვრული კონფლქტში ჩართულ დასავლურ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებს, ან ქართულ სახელმწიფოს ამ კუთხით. ამგვარი დახმარება, რეპატრიაციის პროცესის წახალისებას ვგულისხმობ, იმაზე გაცილებით მაღალი ხარისხის ნდობასაც კი შობს, ვიდრე უფასო სამედიცინო დახმარებაა, ან სხვა ტიპის პოზიტიური ურთიერთქმედება, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ ხშირად არაფერი იცის.

ჯერერობით კი ეს სურათი იკვეთება- საზოგოდოება, რომელიც არც ტოტალიტარულია და არც თეოკრატიული, არც საამისო ტენდენციები აღენიშნება (პირიქით, მასში მთის სახალხო დემოკრატიის ნიშნებია), დემოგრაფიულ საკითხს რელიგიურ კვარცხლბეკზე ათავსებს და წარმმართველ დისკურსად აქცევს, რასაც სხვა პროცესები უნდა ,,მოერგოს“.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ის რეტრადიციონალიზაციაა – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამდევი სინდრომი, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ გაწყვეტილი ტრადიცია ისეთი სახით იწყებდა აღდგენას, როგორიც მას, შესაძლოა, არც არასდროს ჰქონია. ტერმინი კი პირველად, წლების წინ ერთ პოლონელ მიმომხილველთან შემხვდა, როცა პოლონური კათოლიციზმისა და ქალთა საკითხის შეჯახებაზე წერდა – რეტრადიციონალიზაცია, როგორც ქალის როლის მანამდე არნახული დაქვეითება ქვეყანაში, სადაც მას ყოველთვის უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა, ვიდრე უამრავ სხვა საზოგადოებაში. ნიშანდობლივია, რომ პოლონელი ავტორის ,,ინსპირაციაც“ 1999 წელს აბორტების სრული აკრძალვა იყო მის ქვეყანაში.

2007 წელს პოლონეთში დიდი სკანდალი მოჰყვა ორი შვილის დედისთვის აბორტზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაბამისი სამედიცინო ჩვენება ჰქონდა, თვალის ბადურა ეშლებოდა. მესამე მშობიარობის შემდეგ ალიცია ტიშიონცმა მხედველობა პრაქტიკულად დაკარგა. საკუთარ სახელმწიფოს მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩივლა. ახლანდელი გადასახედიდან ადვილია ამ ღონიძიების შეფასება: პოლონეთში 1999 წლის შემდეგ შობადობის მაჩვენებელმა ზრდის მაგიერ კლება განაგრძო და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი, მთლიანობაში კი 90-იანების დასაწყისის მაჩვენებელს აღარც დასწევია. მაშასადამე, პროცესზე ბევრი სხვა ფაქტორი და მიზეზი ზემოქმედებდა, აბორტის აკრძალვამ მხოლოდ ოფიციალური დაწესებულებებიდან განდევნა ეს სამედიცინო ოპერაცია, პოლონეთში ადამიანის უფლებების სფერო კი სამარცხვინოდ აზარალა.

ამ ფონზე ძალიან საინტერესო მომენტი იკვეთება: ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აფხაზურ სივრცეში განაცხადა, რომ ,, ვაშლის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ერთი ნაყოფი“ და საკითხის მხრავალმხრივი ეთიკური განხილვის დისკურსი- და თან საკმაოდ ხმამაღლა- შემოიტანა, არქიმნადრიტი დოროფეი დბარი იყო, აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის ( დამოუკიდებელი საეკლესიო დაჯგუფება, რომელსაც სათავეში განსწავლული ადამიანები უდგანან და რომელიც ქართული და რუსული მართლმადიდებული ეკლესიების გავლენას ერთნაირად ეწინააღმდეგება) მამამთავარი, ადამიანი, რომლის სახელსაც აფხაზეთში ქრისტიანობის აღორძინებას უკავშირებენ.

დოროფეი დბარმა თავიდან გამოთქვა თავისი, როგორც სასაულიერო პირის აზრი აბორტის შესახებ, ,,როგორც ყველა კეთილგონიერი ადამიანი და ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის წინააღმდეგი ვარ.. აბორტი ამ ქვეყანაზე მოვლენის უფლებას ართმევს ახალ, განუმეორებელ პიროვნებას .. მაგრამ სწორედ ადამიანური ბუნების, ოჯახისა და ქორწინების ამ ქრისტიანული გაგების გამო ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებელია აბორტის აკრძალვის დაკავშირება დემოგრაფიულ პრობლემასთან”,”ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ქალი საინტერესოა როგორც პიროვნება, და არა როგორც შვილოსნობის უნარის მქონე მანქანა“, წერს მეორეგან დოროფეი დბარი და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპა აბორტების სტატისტიკის მხრივ ბევრად უსწრებს წინ დასავლეთ ევროპას. ამ ქვეყნებში აბორტების დაბალი მაჩვენებელი კი იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია სქესობრივი ურთიერთობების რეგულირების წესების შესახებ. “აფხაზურ საზოგადოებაში სქესობრივი ურთიერთობის პრობლემას ჩვენი ხალხის ეთიკური ნორმები აღრმავებს იმით, რომ სექსის საკითხებზე მსჯელობას ტაბუს ადებს. ამ საკითხებზე მსჯელობა არ გვესმის უფროს კლასებში, უნივერსიტეტებში”.

საინტერესო შედარების საშუალება გვეძლევა: ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ ნასაზრდოები ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც ქართული საზოგადოების დეგრადაციისათვის ცდა არ დაუკლია. მეორე მხრივ, მცირე, უძალო დაჯგუფება, რომელსაც ერთნაირად უპირისპირდება ქართული, აფხაზური და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიები, მისი ძალა აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის მზარდი მხარდაჭერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მალე პარადოქსული სურათი ვიხილოთ: ევროსტრუქტურების მხარდაჭერის მქონე ქართულ სახელმწიფოს, რომელშიც რელიგიური ფანატიზმი მხოლოდ ძალებს იკრებს, აზრის თავისუფლებით, შესაძლოა, აფხაზურმა საზოგადოებამ გაუსწროს – მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რუსული რეაქციული წრეების გავლენის ამარაა მიტოვებული, თვით ამ უხერხული აბორტსაწინააღმდეგო შესწორების მიუხედავად. და გარკვეული თვალსაზრისით კვლავ მტკიცდება ის, რაც უკვე ბევრჯერ გამოსცადა: რელიგიური ორგანიზაციები მხოლოდ იხრწნებიან სახელმწიფო მხარდაჭერისგან, ცოცხალი რწმენა, მისი საუკეთესო გამოვლინება კი შეჭირვებაში ჩანს და ძლიერდება.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი