სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ნავთობის სექტორიდან სხვა სფეროების განვითარებაზე გადადის

4 აპრილი, 2016 • 2555
აზერბაიჯანი ნავთობის სექტორიდან სხვა სფეროების განვითარებაზე გადადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ეკონომიკის ძირითადი სექტორების განვითარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ ძირითადი მიზანი არის მზადება ეკონომიკის განვითარების ახალი სტრატეგიისთვის, რომელმაც უნდა მოიცვას ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, საექსპორტო მიმართულებით არანავთობსექტორის ეკონომიკური განვითარება და ადამიანური კაპიტალის ეფექტური გამოყენება.

ნავთობზე ფასების ვარდნამ და შემოსავლების მყისიერმა შემცირებამ აზერბაიჯანში შექმნა ქვეყნის ეკონომიკური მოდელის გადახედვის გარდაუვალი ვითარება, რომელიც არანავთობსექტორის განვითარებისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ მრავალრიცხოვანი განცხადებების მიუხედავად, ნავთობსექტორიდან შემოსულ აშშ დოლარზე იყო დამოკიდებული.

პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 11 მარტს ტელეკომპანია Euronews -თან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მთავარ მიზნად ისახავს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ნავთობის ფასებზე.

“მრავალი წელია ეკონომიკის დივერსიფიკაციზე ვმუშაობთ, თუმცა ამჟამად, ამ პერიოდში, როდესაც ნავთობზე ფასები ძალიან დაბალია, ეს ჩვენთვის ძირითადი პრიორიტეტი გახდა”, – განაცხადა ალიევმა.

არსებითად, ეს განკარგულება აზერბაიჯანში ეკონომიკური რეფორმების ახალი ეტაპის დასაწყისია.

რეფორმას უხელმძღვანელებს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ნატიგ ამიროვი.

ჯგუფმა ექვსი თვის განმავლობაში ალიევის უნდა წარუდგინოს 2016-2020 წლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროექტი და ღონისძიებების გეგმა. გრძელვადიანი გეგმა კი 2025 წლამდე უნდა დაიწეროს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული ეკონომიკის რვა პრიორიტეტულ სექტორს: ნავთობი და გაზი [ქიმიური წარმოების ჩათვლით], სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება, მძიმე მრეწველობა და მანქანათმშენებლობა, მომსახურების სექტორი – სპეციალიზირებული ტურიზმი, ლოგისტიკა და ვაჭრობა, სოციალური სექტორი – ბინები მისაღებ ფასად, პროფესიული ტრენინგები, როგორც კომპლექსური საკითხი.

“თითოეული ამ მიმართულებისთვის მომზადებული იქნება მიზნობრივი პროგრამა. თუმცა კონკრეტულად რამის თქმა  მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თავად ეს პროგრამები მომზადდება”, – ამბობს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დამოუკიდებელი ექსპერტი ოკტაი ახვერდიევი.

აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, მაგალითად, ნედლი ნავთობისა და ნავთობროდუქტის წილმა აზერბაიჯანის ექსპორტში 2015 წლისთვის 84,19% შეადგინა [77,61% – ნედლი ნავთობი და 6,58%- ნავთობროდუქტი]. 2016 წლის პირველი ორი თვის შედეგებით ეს მონაცემი უმნიშვნელოდ შემცირდა – 81,02%.

ნავთობსაქაჩი; აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ნავთობსაქაჩი; აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ნავთობთან შედარებით ბუნებრივი აირის წილი მიზერულია – 1,76%, თუმცა 2016 წლის ორ თვეში 3,66%- ით გაიზარდა.

“ამჟამად მთავარ სირთულეს დრო წარმოადგენს. თუ აზერბაიჯანი გადაწყვეტს, სერიოზულად განავითაროს არანავთობსექტორები, ეს დიდ დროს წაიღებს. დრო კი არ იცდის, რამდენადაც შემოსავლები მკვეთრად ეცემა. გარდა ამისა, არანავთობსექტორის განვითარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებზე, საჭიროა სტრუქტურული რეფორმები, ბიზნესისთვის კეთილსაიმედო გარემო. თუ ამ მიმართლებებით დაიწყება მუშაობა, აზერბაიჯანი გარკვეულ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ გვაქვს სექტორები, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ”, – ამბობს ეკონომისტი, ნატიგ ჯაფარლი.

საჭიროა ინვესტირება განათლებაში

განათლების სფეროსა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების საჭიროებასა და აუცილებლობაში დარწმუნებულია აზერ მეხტიევი, ფონდის “ეკონომიკური ინიციატივების ხელშეწყობა” ხელმძღვანელი.

“ნავთობიდან მაღალი შემოსავლები აზერბაიჯანს საშუალებას აძლევდა ეკონომიკის ისეთი მოდელი შეექმნა, რომელიც ნავთობის ფასებზე არ იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა, სამწუხაროდ, არსებული შესაძლებლობები ხელიდან გაშვებულია. რაიმე ახალი მოდელის ფუნდამენტიც კი არ იყო შექმნილი. ამჟამად ქვეყანა კრიზისში იმყოფება, შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. ასეთი სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში”.

მისი თქმით, მრავალგზის განცხადებების მიუხედავად, პრაქტიკაში განათლების დონე იკლებს.

“პირველ რიგში, მომწიფდა რეფორმის დრო განათლების სფეროში, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული უმაღლესი განათლებით. უნდა შეიქმნას განათლების სისტემა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს შეესაბამება. ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ნავთობის სფეროდან შემოსავლებზე არ იქნება დამოკიდებული, სათავეში სწორედ განათლებული ადამიანები უნდა ჩაუდგნენ. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში განათლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ შეიმჩნევა. ამიტომაც შეიქმნა ეკონომიკური მოდელი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ნავთობზე.”

აზერ მეხტიევი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ასევე უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების შესაბამისი ინსტიტუციური გარემო”

“ამას საფუძვლად უდევს კანონები, რომელთა წინაშეც ყველა თანასწორი უნდა იყოს. სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ასევე უნდა არსებობდეს საკუთრების ხელყოფის საწინააღმდეგო გარანტიები, სახელმწიფოს მიერ მოწოდებული გამჭვირვალე ანგარიშები. ეს არის ელემენტარული საფუძველი იმისა, საიდანაც უნდა დავიწყოთ”.

აგრარული სექტორი

არანავთობსექტორის განვითარებაზე საუბრისას, პირველ რიგში, საუბარია სოფლის მეურნეობის სფეროზე, სადაც აზერბაიჯანს პოტენციალი აქვს. თუმცა ეს პოტენციალი ძალიან სუსტად გამოიყენება.

აზერბაიჯანიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის წილმა 2015 წელს 2,73% [311,9 მილიონი აშშ დოლარი] შეადგინა. ნავთობის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საექსპორტო მაჩვენებელია.

2016 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანიდან ხილისა და ბოსტნეულის 28,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი.

2015 წელს სოფლის მეურნეობის წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებისთვის 6,2% შეადგინა.

ამავე პერიოდში, 2015 წელს, აზერბაიჯანმა 979,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საკვები პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რამაც მთლიანი იმპორტის წილის 10,6% შეადგინა.

აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ აზერბაიჯანი დამოკიდებულია ისეთი საკვები პროდუქციის იმპორტზე, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, ხორბალი, რომლის 296,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, 2015 წელი აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის წლად იყო გამოცხადებული.

“საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებდა თითქმის ყველა რესპუბლიკას, ამიტომ ახლაც აგრარული სექტორის განვითარებით უნდა დავიწყოთ. ამისთვის საჭიროა, ფერმერებისთვის კეთილსაიმედო პირობები შეიქმნას. პირველ რიგში, ეს არის გრძელვადიანი კრედიტები დაბალი პროცენტით. მეორე, საჭიროა იმ ფერმერთა ლოგისტიკური მხარდაჭერა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით არიან დაკავებული. მესამე, საჭიროა ფერმერული მეურნეობების გაფართოება”, – ამბოს ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი.

ოფიციალური მონაცემით, აზერბაიჯანში 700 ათას ფერმერზე მეტია დარეგისტრირებული. ეს ის ხალხია, ვინც მიწას ფლობს და ამუშავებს. თუმცა მიწის ნაკვეთები იმდენად პატარაა, რომ მათზე მასიური წარმოება გლეხისთვის არ არის მომგებიანი.

“ამიტომაც მომავალში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს, რომ დიდ საწარმოებთან გაერთიანდნენ. შეღავათიანი კრედიტების საშუალებით მომავალში შესაძლებელი გახდება  სოფლის მეურნეობის იმ მიმართულებების სწრაფად განვითარება, რომლებიც ისტორიულად არსებობდა აზერბაიჯანში. პირველ რიგში, ეს არის ხილი და ბოსტნეული. მზად უნდა ვიყოთ კონკურენციისთვის. ეს უნდა იყოს გამართული სისტემა, სხვა შემთხვევაში აზერბაიჯანს არ ექნება ევროპულ საქონელზე მეტი შესაძლებლობები”, – ამბობს ჯაფარლი.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის პოტენციალზე ეკონომისტი ოკტავ ახვერდიევიც საუბრობს”

“ამა თუ იმ სექტორის შეფასებისას, შესაძლოა, ვისაუბროთ მის წილზე მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებისას. მშპ-ს ფორმირებაში სოფლის მეურნეობის წილს მხოლოდ 6-7% უკავია. თუმცა საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანი მარტო ერთ წელიწადში 2,5 მილიონ ტონა ყურძენს და 700-800 მილიონ ტონა ბამბას აწარმოებდა. მაშინ აზერბაიჯანს ბევრი რესურსი არ ჰქონდა და ამ წარმოებასაც მისთვის დიდი შემოსავალი შემოჰქონდა. სოფლის მეურნეობას შეუძლია უიშვიათესი როლი შეასრულოს და ნავთობსექტორის ალტერნატივა გახდეს. სოფლის მეურნეობაში ყველაფერი დასაწყებია ინსტიტუციური რეფორმებიდან. ანუ მსხვილი საწარმოების, მეურნეობების გახსნა. ინდივიდუალური ფერმერები არ არის გამოსავალი”.

ნავთობქიმიური წარმოება

აზერბაიჯანმა 2015 წელს 751,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტის ექსპორტი განახორციელა – მთლიანი ექსპორტის 6,58%. მათ შორის- 79,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქიმიური წარმოების პრუდუქტის, პლასტმასისა და სხვა პროდუქტის.

როგორც ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ამბობს, ნავთობქიმიური მიმართულებების განვითარება და შემდეგი ექსპორტი ნავთობნედლეულის ექპორტზე მომგებიანია.

“ნავთობქიმიური წარმოება ნავთობის სექტორზე არის დამოკიდებული, მაგრამ მომვალშიც კი შეგვიძლია ყაზახური ნავთობის შესყიდვა და მისი ექსპორტი უკვე განვითარებული ნავთობწარმოების სფეროს დახმარებით. ეს ბევრად მომგებიანია. თუმცა საქმე ის არის, რომ ნავთობქიმიური წარმოება მოითხოვს მსხვილ კაპიტალდაბანდებებს, რამდენადაც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიები. აზერბაიჯანს უკვე დიდი ხნის თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს მსოფლიოში მსხვილ ნავთობპროდუქციის მწარმოებლებთან იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შექმნას ასეთი საწარმოო კომპლექსები. როდესაც ამ მიმართულებით კაპიტალდაბანდებები განხორციელდება, მომავალში აზერბაიჯანი შეძლებს რეგიონის ნავთობორუდუქტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდეს”.

აქვე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში შექმნილია სუმგაიტის ქიმიური საწარმოს პარკი, რომლის რეზიდენტი ამჟამად 5 კომპანიაა – SOCAR Polimer, Azertexnolayn, AzerFloat, Azerbaijan Fibro Cement და SIKA.

კეროდ, კომპანია SOCAR Polymer პოლიეთილენის წარმოებისთვის აშენებს ქარხანას, ასევე – ქარხანას პოლიპროპილენის საწარმოებლად. ოფიციალური მონაცემით, მის მშენებლობაში განხორციელდა 750 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

პოლიპროპილენი საბაზო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება ფართო მოხმარების პრუდუქციაში, მაგალითად, შესაფუთი მასალების, ტექსტილის, საკანცელარიო საქონლის, ავტომობილების კომპონენტების, ელექტროხელსაწყოების და ა.შ. წარმოებაში. ყველა ეს მასალა დღეს აზერბაიჯანში სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ამ ქარხნების აშენების მიზანი კი იმპორტის ჩანაცვლებაა.

ტურიზმი

მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, მათ შორის ევროვიზია და ევროპული თამაშები ხელს უწყობს აზერბაიჯანის მიმართ ინტერესის ზრდას. ასევე, თანამედროვე დედაქალაქი და რეგიონების ბუნებრივი და ისტორიული მრავალფეროვნება სწორი პიარის შემთხვევაში ტურისტებს იზიდავს, მაგრამ არსებობს უარყოფითი ფაქტორები – ვიზის მიღება, ბილეთების ფასი, ძვირადღირებული სასტუმროებისა და ჰოსტელების მცირე რაოდენობა და მაღალი ფასები.

ოფიციალური მონაცემით, აზერბაიჯანს წელიწადში 2,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს, მათ შორის 700-800 ათასი რუსეთის მოქალაქეა.

მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი არც ისე მაღალია – 2,7%.

წლის დასაწყისიდან გარკვეული ძვრებია ავიაფრენების თვალსაზრისით. 2016 წლის მარტიდან თურქულმა ეკონომიურმა ავიაკომპანიამ Pegasus Airlines დაიწყო ფრენები რუსეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან გაბალას [რეგიონი აზრბაიჯანში] მიმართულებით.

ბილეთების ფასები საკმაოდ მიმზიდველია. მაგალითად, თურქეთიდან ფრენა მხოლოდ 38 ევრო ღირს, პრაღიდან, მილანიდან, რომიდან და ბერლინიდან- 73-78 ევრო.

27 მარტიდან ყოველკვირეული რეისები დაიწყო კომპანია Wizz Air-მაც. რეისი ბუდაპეშტი-ბაქო მხოლოდ 59,00 ევრო ღირს. ზაფხულის სეზონზე ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ტურისტული სექტორის სუსტ განვითარებას კონკურენციის არარსებობას უკავშირებს.

ბაქო, აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ბაქო, აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი