სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მსგავსად ყარაბაღშიც საკონსტიტუციო ცვლილებები სურთ

31 მარტი, 2016 • 1963
სომხეთის მსგავსად ყარაბაღშიც საკონსტიტუციო ცვლილებები სურთ

მთიანი ყარაბაღის პოლიტიკურ წრეებში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დისკუსიები იწყება. აღნიშნული საკითხის განხილვაში მოქალაქეები ჩართული არ არიან.

კანონის უზენაესობის პრინციპების რეალიზაციის მექანიზმების სრულყოფის, სახელისუფლებო შტოების უფლებამოსილებების ბალანსისთვის, საზოგადოებრივი მართვის ეფექტურობის გაზრდისა და ყარაბაღის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების წინადადების გათვალისწინებით, 21 მარტს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბაკო სააკიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყარაბაღის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშვე კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

კომისია ვალდებულია, 2016 წლის 1 მაისამდე პრეზიდენტს წარუდგინოს საკონსტიტუციო ცვლილებების კონცეფცია, რის შემდეგაც, მისი მოწონების შემთხვევაში, 2016 წლის 10 სექტემბრამდე ცვლილებების შემუშავების პროცესი საბოლოო სახეს მიიღებს.

23 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წინადადებით ყარაბაღში პოლიტიკურმა პარტიებმა პრეზიდენტს წერილობით მიმართეს. ეს პარტიებია- “თავისუფალი სამშობლო”,”არწახის დემოკრატიული პარტია”, “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკციუტუნი”, “მოძრაობა 88”, “ეროვნული აღორძინება, მთიანი ყარაბაღის კომუნისტური პარტია”, “პარტია არმენაკანი”, “არწახის რესპუბლიკური პარტია”.

2015 წლის 6 დეკემბერს სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მალევე პროცესმა ყარაბაღში გადაინაცვლა, სადაც საკონსტიტუციო ცლილებების შესახებ დიდი ხანია საუბრობდნენ, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები, კონსულტაციების ჩათვლით, ამასთან დაკავშირებით აქამდე გადადგმული არ ყოფილა.

2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყარაბაღში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო, ემსჯელათ სომხეთის რესპუბლიკაში გატარებულ საკონსტიტუციო ცვლლილებების შესახებ. ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ  სპეციალისტები სომხეთიდან.

მთიან ყარაბაღში კონსულტაციები ოფიციალურად 4 თებერვალს დაიწყო. ეროვნულ კრებაში შეხვდნენ ყარაბაღში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, სადაც კონსულტაციების დაწყება განიხილეს.

ჯერჯერობით  უცნობია, როგორი იქნება ამ ცვლილებების პაკეტი და კონკრეტულად რომელ სფეროებს შეეხება.

პოლიტიკურ წრეებში ინტენსიურად განიხილება მხოლოდ ერთი საკითხი – საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა.

ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ძალას არ დაუფიქსირებია საკუთარი შეხედულება . საპარლამენტო უმრავლესობის პარტია “თავისუფალი სამშობლოს” განცხადებაში ნათქვამია, რომ “სახელმწიფოს უფრო ეფექტური მართვისთვის ინსტიტუციური ცვლილებების საჭიროება მომწიფდა”.

კერძოდ, პოლიტიკური პარტიების როლის გაზრდა ქვეყნის მართვაში, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფილი ფორმირება, დემოკრატიულ ინსტიტუტებად გადაქცევა და ა.შ. დროში გაიწელა აღნიშნული საკითხის განხილვა, პარტიის პრეზიდიუმზე მიღებული იყო მიმართვა ხალხისადმი, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო ცლვილებების მიღების პროცესში.

2006 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ქვეყნის განვითარების ნორმალური პროცესის უზრუნველყოფით თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა და ის პოლიტიკური და სხვა ტიპის კრიზისული სიტუაციებისგან დაიცვა. ამასთან, სიდიდით მეორე პოლიტიკური პარტია “არწახის დემოკრატიული პარტია” მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო წესრიგის სრულყოფის ამოცანა, არსებული გამოწვევების პარალელურად, მუდმივად უნდა მოექცეს პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფლების ყურადღების ცენტრში.

ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პარტიის აზრით, ყარაბაღი მიიღებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტურ და მოქნილ სისტემას, საკონსტიტუციო სამართლებრივ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თავისუფლების გარანტიას, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებითა და კონსტიტუციით ხელმძღვანელობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოვიდა ასევე ოპოზიციური პარტია “ეროვნული აღორძინება”, რომლის ხელმძღვანელი, დეპუტატი აიკ ხანუმიანი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგია, რადგანაც მიიჩნევს, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს  და შექმნის პრეცედენტს ყველა ხელისუფლებისთვის, საკუთარი სცენარის შესაბამისად ცვალოს კონსტიტუცია.

“თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ, მოქალაქეების ნაწილის მიერ ჩვენთვის ნდობის გამოცხადების გათვალისწინებით”, – განაცხადა პარტიის ხელმძღვანელმა.

ნეტგაზეთთან საუბარში სხვა ოპოზიციური პარტიის, მოძრაობა88-ის ხელმძღვანელი, ედუარდ აგაბეკიანი ამბობს, რომ პარტია ხელმღვანელობს თავისი წესდებით და პროგრამით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ყარაბაღი უნდა იყოს ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყანა, პრეზიდენტის მკაფიოდ განსაზღვრული როლით.

აგაბეკიანის თქმით, პარტია საპარლამენტო მმართველობის წინააღმდეგია და თუკი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში ეს პუნქტი იარსებებს, მას მხარს არ დაუჭერენ.

ჩვენს კითხვაზე, მაშინ რატომ მიმართეს პრეზიდენტს სხვა პარტიებთან ერთად კომისიის შექმნის თაობაზე, აგაბეკიანი ამბობს, რომ მათ ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართეს.

“ჯერ კიდევ 10 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებამდე, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით, რომლებიც არ გაითვალისწინეს. ამჯერად ჩვენ ისევ გამოვდივართ ჩვენი წინადადებებით და თუ პროექტში საპარლამენტო მმართველობის შემოღებაზე იქნება საუბარი, ჩვენ ცალსახად წინააღმდეგი ვიქნებით”.

სხვა საპარლამენტო ძალას – სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნს, ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს. NEWS.am- თან საუბარში ფრაქციის დეპუტატი, არმენ სარკისიანი ამბობს, რომ თანახმა არიან, გადავიდნენ საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის სომხური მოდელისგან გასხვავებული იქნება – “ყარაბაღში ომის დროს საპარლამენტო სისტემა იყო. თუკი ჩვენ იმ რთულ წლებში შევძელით, დღეს, დარწმუნებული ვარ, წარმატების მიღწევა შესაძლებელია”.

ყარაბაღის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის, მასის მაილიანის განცხადებით, დღეს მთიანი ყარაბაღისთვის პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“ჩვენი დამოკიდებულება რეფორმებთან დაკავშირებით იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იქნება ფორმულირებული ახალ პროექტში უსაფრთხოების საკითხები და რა მექანიზმები იქნება მასში ჩადებული. უფრო კონკრეტულად კი საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტის გამოქვეყნების შემდეგ შემიძლია ვისაუბრო”.

ჩვენს კითხვაზე, რა შედეგების მოტანა შეუძლია საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, მასის მაილიანი ამბობს: “საომარ პერიოდში ყარაბაღის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სისტემის ეფექტურობა დაბალია. მნიშვნელოვანია იპოვო და გამოიყენო გადაწყვეტილების მიღების ისეთი მექანიზმი, რომელიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა დაზარალდეს”.

ჯერჯერჯობით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა არასაპარლამენტო ძალების ან საზოგადოერივი ორგანიზაციების მხრიდან. სომხეთში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, აქ ჩუმად არის საზოგადოებაც. არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, საპროტესტო აქციები, უკმაყოფილება.

როგორც ჩანს, საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტი წლის ბოლომდე იქნება გატანილი რეფერენდუმზე. ზოგიერთი უკვე თარიღსაც ასახელებს – 10 დეკემბერი. სხვათა შორის, სწორედ 10 წლის წინ, 10 დეკემბერს იყო მიღებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი