ნეტგაზეთი | თიბილოვი: “ქართული თემა” ჩვენი ხალხისთვის ძალიან მტკივნეულია თიბილოვი: “ქართული თემა” ჩვენი ხალხისთვის ძალიან მტკივნეულია – Netgazeti
Batumelebi | RU

თიბილოვი: “ქართული თემა” ჩვენი ხალხისთვის ძალიან მტკივნეულია

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების, “რუსთავისა” და “ბანის” დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით გამოწვეულ მღელვარებას ცხინვალში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი გამოეხმაურა:

“ამ საკითხთან დაკავშირებით ოსური საზოგადოება ჩრდილოეთში და სამხრეთში მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაიყო”.

თიბილოვი ამბობს, რომ სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს ხედავს, რაც მას და ხელისუფლებას აღელვებს.

“მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პროვოკაციები არ ემსახურება ოსური ხალხის მთლიანობასა და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ხალხით მანიპულირება, ძმების დაპირისპირება. საქართველო ოსეთის სამხრეთის ხალხისთვის რთული მეზობელია. სწორედ საქართველომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რომელმაც მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ხუთ დღეში ასეულობით ადამიანი შეიწირა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეების მხრიდან ბოდიში არავის მოუხდია.  “ქართული თემა” სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარეა”.

თიბილოვი ამბობს, რომ კარგად ესმის, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის სტრატეგიაში ჯდება ეს კონცერტები, მაგრამ ” იარები ჯერ მოუშუშებელია და ქართველი არტისტების დემარშისთვის  ოსეთში ჯერ მოუმზადებელია საზოგადოება”.

“მოვუწოდებ ჩვენს ხალხს გამძლეობისკენ და არ აყვნენ ემოციებს”.

ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების, “რუსთავისა” და “ბანის” დაგეგმილი კონცერტების გამო ცხინვალში საზოგადოების ნაწილისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების პროტესტი აქტიურ ფაზაში შევიდა. საპროტესტო განცხადებები და მიმართვები როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვლადიკავკაზში ქართული კულტურის საზოგადოების “ერთობა” ხელმძღვანელი შიშობს, რომ “რუსთავისა” და “ბანის” კონცერტების დროს ადგილი ექნება პროვოკაციას.

ქართული საზოგადოების “ერთობა” ხელმძღვანელი, რობერტ ცინდელიანი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ვლადიკავკაზში კონცერტი გამართა თამარ გვერდწითელმაც.

“პროვოკაციის მცდელობები უკვე იყო, როდესაც აქ “ერისიონი” ჩამოვიდა – ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც არიგებდა ფურცლებს სხვადასხვა მოწოდებით, თუმცა ასეთი სიმწვავე მაშინაც კი არ ყოფილა. იქნებ უკვე საკმარისია. მით უმეტეს, აქედან საქართველოში ბევრი ადამიანი მიდის სამკურნალოდ, დასასვენელბად, სპორტულ ღონისძიებებზე”- ცინდელიანის კომენტარს ჩრდილოეთ ოსეთის პორტალი “აბონი” ავრცელებს.

ბიოლი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი