სამხრეთ კავკასიის ამბები

პარიზში ტურიზმის გამოფენიდან აფხაზეთის სტენდი ჩამოხსნეს

21 მარტი, 2016 • 1301
პარიზში ტურიზმის გამოფენიდან აფხაზეთის სტენდი ჩამოხსნეს

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, პარიზში ტურიზმის მსოფლიო გამოფენაზე, სადაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, აბრით “აფხაზეთის რესპუბლიკა”, საქართველოს საელჩოს მიმართვის შემდეგ ცვლილება განხორციელდა.

როგორც საელჩო აცხადებს, საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაუყოვნებლივ მიმართა სალონის დირექტორს, “მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა, აუხსნა მას, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას”.

საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუკა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი.

“ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას. საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით, აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი ფაქტები, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, არცთუ ისე იშვიათია. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, საქმეში ოფიციალური თბილისი ან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩო ერევა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, გამოფენებიდან ხსნიან. ეს სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალური საპროტესტო განცხადებებს იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი