სამხრეთ კავკასიის ამბები

გამყოფ ხაზთან ახალ შეზღუდვებზე ქართული მხარე ერგნეთში ისაუბრებს

14 მარტი, 2016 • 1230
გამყოფ ხაზთან ახალ შეზღუდვებზე ქართული მხარე ერგნეთში ისაუბრებს

15 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე გეგმავს გამყოფ ხაზთან მოსახლეობისთვის შექმნილ ახალ პრობლემებზე ისაუბროს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

“ასევე, დღის წესრიგშია ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები”, – აცხადებენ მინისტრის აპარატში.

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორია არ არის, ახალი გზის გასაყვანად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ კვეთს. მათი განცხადებით, სამუშაოებს საოკუპაციო ძალები აწარმოებენ.

“ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის მშენებლობის სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება მდგომარეობას და იმოქმედეს ვითარების შესაბამისად,” – აცხადებენ სუს-ში.

გზის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გზა მათ ნაკვეთებსა და საძოვრებზე გადის, რომლებსაც წლებია ვეღარ იყენებენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი