კომენტარი

აქციის მონაწილე: „დარბევის დროს ქაშუეთის ეკლესიის კარი არ გაგვიღეს“

1 ივნისი, 2011 •
აქციის მონაწილე: „დარბევის დროს ქაშუეთის ეკლესიის კარი არ გაგვიღეს“

ნუნუ ნათობიძე, 50 წლის: სცენასთან ახლოს ვიდექი დარბევამდე. ჰაერში ტყვიები რომ დავინახე, რამდენიმე ქალი ეკლესიისკენ გამოვიქეცით და კარზე ბრახუნი დავიწყეთ, მაგრამ არ გაგვიღეს, არადა, ვიცი, რომ იქ ვიღაც იყო. მერე ვნახე, იქვე ბიჭი ღრიალებდა, ყურის ძირში ჰქონდა რეზინის ტყვია მოხვედრილი. რითიც შემეძლო, დავეხმარე, კიდევ კარგი თან წყალი და ხელსახოცები მქონდა.

ამ დროს გაზის ბალონები ფეხებთან გვიფეთქდებოდა და ეკლესიასთან დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ ყველა გასასავლელი ჩაკეტილი იყო. დასაკარგი არ გვქონდა არაფერი. ხოდა ქვემოთ, სპეცნაზთან მივირბინეთ. მივხვდი, მათ ჯერ არ ჰქონდათ დარბევის ბრძანება მიღებული და  გაშეშებულები იდგნენ. ქალები რომ დაგვინახეს, ხმა არ გაუციათ, სულ კედელზე აკრულები ჩავედით ქვევით. მერე ყველა სახლის კარზე ვრეკავდით ზარს და ბოლოს ვიღაცამ გაგვიღო. არ მკითხოთ, როგორ გავათენეთ ის ღამე.

რომ მცოდნოდა, ასეთი რამე მოხდებოდა, დარბევის დაწყებამდე გამოვაღწევდი. აბა, შიშველი ხელებით გამხეცებული ადამიანების პირისპირ რა დამაყენებდა? მაგრამ ჩემ გარშემო ვინც იყო, თავში არავის გაუვლია მსგავსი რამე თუ მოხდებოდა. ისიც კი არ ვიცოდით, რომ პოლიცია და სპეცნარაზმი იდგა სადმე.  როცა  სცენიდან საჯაროდ წაგვიკითხეს მუხლი კონსტიტუციიდან, სადაც ეწერა, რომ დღესასწაულებზე შეკრებისა და აღნიშვნის უფლება ყველას აქვს და არაფერს დავაშავებდით იქ დგომით, კიდევ უფრო დავმშვიდდით. ახლა ვფიქრობ, როდესაც მერიის და პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ და თუ მართლა ჩვენი სიკეთე უნდოდათ, თავადვე უნდა გამოეცხადებინათ მეგაფონით და გავეფრთხილებინეთ, რასაც გვიპირებდნენ.

პირადად მე და ჩემ გარშემო რამდენიმე დღის განმავლობაში მდგარი ადამიანები ბურჯანაძისტები არ ვყოფილვართ. თავიდან როცა შეიქმნა ეს სახალხო კრება თუ გაერთიანება, მართლა მჯეროდა, რომ მასში ყველა ოპოზიციური გაერთიანება იქნებოდა და ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, ნონა გარფინდაშვილი და სხვები, იმედს მიტოვებდნენ, რომ რაღაცას უკეთესობისკენ შეცვლიდნენ. მით უმეტეს, მე უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ლეიბორისტულ პარტიაში ვირიცხები. იმ მიტინგზე მეც, როგორც უმრავლესობა, ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, უმუშევრობას და გაჭირვებას ვაპროტესტებდი. პროფესიით ეკონომისტი ვარ, სულ ვმუშაობდი უკანასკნელ წლებამდე, მაგრამ ახლა ჩემი შემოსავლის წყარო ახლობლების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულია. სხვები, იქ ვინც იდგა, ჩემზე უარეს დღეში არიან. იქ იდგნენ ბიჭები, რომლებსაც ცოლის მოყვანის საშუალებაც არ აქვთ.

საერთოდ, მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს კარგი დედა, დედას კი ყველა შვილი თანაბრად უნდა უყვარდეს, იმის მიუხედავად, ლამაზი იქნება, მდიდარი, კოჭლი თუ ავადმყოფი. ჩვენს პრეზიდენტს გაჭირვებული ადამიანები არ უყვარს, პირიქით, მისთვის ზედმეტი ტვირთი ვართ.

ისე, აქამდე მეგონა, რომ დემოკრატია მაინც იყო ჩვენთან. ახლა ეს არავინ თქვას. ჩემ გარშემო ყველა დაშინებულია. ჩემი ნაცნობები, ვინც იცის, რომ აქციაზე ვიყავი, არ მეკონტაქტებიან. ალბათ, ეშინიათ. მთელი იმ დღეების განმავლობაში საკუთარ დასაც არ დაურეკავს და არ მოვუკითხივარ. ალბათ, იმასაც შეეშინდა, ვინმეს რომ რამე არ დაებრალებინა, არ ვიცი. გუშინ კი ერთმა ნაცნობმა დამირეკა საბერძნეთიდან, იქაა სამუშაოდ წასული და რას მეუბნება, ნეტა კიდევ უფრო კარგად ეცემეთ აქციის მონაწილეები, სააკაშვილს ვენაცვალე ხელებში. დაგავიწყდათ, რა პირობებში ცხოვრობდით მის მოსვლამდეო?

მასალების გადაბეჭდვის წესი