კომენტარი

სონღულაშვილი: დროა დამთავრდეს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ღირსების ხელყოფა

1 მარტი, 2016 • 1504
სონღულაშვილი: დროა დამთავრდეს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ღირსების ხელყოფა

გთავაზობთ ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის წერილს, რომელიც მან ადიგენში მუსლიმთა თემთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოუგზვანა რედაქციას.


 

სრულიად აღმაშფოთებელია დაპირისპირება ქრისტანებსა და მულიმებს შორის სოფელ ადიგენში.

ბოლო წლებში კონფლიქტები საქართველოს მუსლიმსა და ქრისტიან მოქალაქეებს შორის პერმანენტულ ხასიათს ღებულობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხები კვლავ მოუგვარებელია საქართველოში. ხელისუფლება ზოგ შემთხვევაში გულგრილობას იჩენს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ზოგ შემთხვევაში თავად გვევლინება ამ კონფლიქტების გამღვივებლად და იმპლემენტატორად.

ასეთი ხასიათის რყევები აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს. ის ხელყოფს საქართველოს მოქალაქეების მუსლიმებისა და ქრისტიანების ღირსებას. ადამიანის დევნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ქრისტიანობისა და ქრისტეს სახელით პირველ რიგში ქრისტიანობას აზიანებს და უთხრის ძირს. მუსლიმებისა და ქრისტიანების ღმერთი ერთია, რადგან ღმერთი ერთის მეტი არ არის.

ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმყარე და ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის რელიგიურ თავისუფლებას ყასიდად აღიარებს, სხვებისათვის მოსაჩვენებლად, თუ მართლაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ყველა მკვიდრი თანასწორი იყოს და ლარად გრძნობდეს ამ ქვეყანაში თავს.

თუ მართლა აღიარებს, გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და მისცეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, და განსაკუთრებით მუსლიმურ უმცირესობას, რწმენის აღსარების თავისუფლება. ამ ნების გამოხატულება იქნება ის, თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოაგვარებს სადავო საკითხებს და ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის განახლებული ურთიერთობის ნიშნად ბათუმელ მუსლიმებს მისცემს საშვალებას ააგონ მეჩეთი, სადაც ყველა მუსლიმი მლოცველისთვის იქნება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშვალება.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
თბილისი, მშვიდობის საკათედრო ტაძარი

მასალების გადაბეჭდვის წესი