თავს დავდებ, რომ მკითხველი სათაურმა დააინტრიგა, მაგრამ სუშიზე და მიხეილ სააკაშვილზე ამ წერილში სიტყვას ვერ ამოიკითხავთ – დღეს კულინარიასა და სახელმწიფო დასვენების დღეებზე, გენდერულად უაღრესად გაწონასწორებულ სფეროებზე ვისაუბრებთ. იმასაც შეიტყობთ, თუ რატომ ვახსენეთ სათაურში პრეზიდენტი და ბოლოს საავტორო დასკვნასაც შემოგთავაზებთ, თუ რატომ არ შეიძლება ფქვილის ნაწარმის ჭარბად მოხმარება, მავნეა.
კულინარია საუკეთესო თვალსაჩინოებაა იმის გასარკვევად, თუ რა ისტორიული და კულტურული პროცესები ხდებოდა ამა თუ იმ გეოოგრაფიულ არეალში, ვისთან მეგობრობდნენ თუ მეზობლობდნენ ესა თუ ის ერები, როგორი მადა ჰქონდათ ადრე და როგორი აქვთ დღეს … მაგალითად, საინტერესოა, თუ რატომაა დღეს საქართველოში რესტორნებისთვის სალათი “ცეზარი” ფინანსურად მომგებიანი და წამგებიანია “ღოლოს შეჭამანდი”, ან რატომ ეტანება მადიანი ქართველი კლიენტი “ტირამისუს” და ზედაც არ უყურებს “ნაზუქს”; რატომაა, რომ “ხინკალი” საჭმელად ძალუმ დისკომფორტულია, მაგრამ ეროვნულია – დემოკრატიული და პოპულარული, ხოლო ქართული “ჩაის სახლი” აღარ არსებობს, სამაგიეროდ “სტარბაქსის” ყავა უკვე სოციალურ სტატუსზე მიუთითებს… და აქ მაგალითებს ვეხსნები.
ხინკლის პრინციპი, თურმე, ლიტვურ თანამედროვე კულინარიაში მიღებულია და მის სხვადასხვაობებს ლიტვური სამზარეულო გვთავაზობს. რესტორნების მენიუში არ არის მითითებული, რომ ეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების, ხევისა და ხევსურეთის მკვიდრთა რეცეპტითაა მომზადებული, მაგრამ არც ისაა მითითებული, რომ ეს ტრაკაის მხარის უძველესი ლიტვური სასწაულიაო. ეგ კი არა, საინტერესოა, რომ დღევანდელი ლიტვურ სამზარეულოში ძველი ლიტვური ელიტური სამზარეულო ისე ჩაეწნა გლეხკაცურ სუფრას, რომ რესტორნების სამზარეულოში მოთხოვნილებით გაწონასწორებულია ღორის ხორცისა და კარტოფილის კერძები და ფასი მხოლოდ გემოვნების ტესტია – აი, ისე, ზოგს რომ მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მღვდლის ცოლი.
შუა საუკუნეებში ლიტვის სახელმწიფო (მერე სამთავრო) აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ ღონიერი, მაგრამ რთულად განტოტვილი (უფ, ზოგჯერ სიტყვა საიდან გაჩნდება, კაცმა არ იცის!) სტრუქტურა იყო, რომელსაც განვითარებული საგარეო ურთიერთობები ჰქონდა – ოქროს ურდოსთან იქნებოდა ეს, ყირიმის სახანოსთან, ოტომანებთან და ა.შ. ეს ურთიერთობები ისე ჰარმონიულად აისახა სამზარეულოზე, რომ დღეს ლიტვური “გალუპცების” შეკვეთის დროს არავის ახსენდება, რომ მისი წინაპარი ლვოველი სომხების ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა იყო. ლიტვის ენდემური ფლორის და ფაუნის ან აღმოსავლური ინგრედიენტებით შემზადებულ კერძს არ უთითებენ, ეს ჩვენი ძირძველი კერძიაო. იგივე ტოლმა კი საქართველოში თუ ვაზის ფოთოლშია გახვეული, “ზნაჩიტ”, სომხურია, ხოლო თუ კომბოსტოშია, სომხური რომ არაა, ფაქტია (საინტერესოა, კომბოსტოს წარმომავლობაზე რას ამბობს კომბოსტოლოგია ?!).
ლიტვურ ეროვნულ სამზარეულოში ბევრია გერმანული, პოლონური პრეისტორიის კერძი, ბევრია აღმოსავლურიც და მათ შორის ნახსენებ ხინკალთან ერთად არის პილმენიც – ეს იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთ ცნებაში, აღმოსავლურ კულინარიაში, თანაბარი სტატუსით მოხვდეს რუსეთი და საქართველო.
საკუთრივ ლიტვურ ეროვნულ კულინარიაში ჩართულია ყველა მცენარე, რაც ლიტვურ მიწაზე ხარობს, ყველა ცხოველი, რაც ამ მიწაზე ცხოვრობს და ყველა თევზი, რაც მის მდინარეებში დაცურავს. ამ პროდუქციის დამუშავების ტექნოლოგიები საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. თბილისში დღეს არის ლიტვური საცხობი, ლიტვური პური (ერთი სული მაქვს ფქვილთან დაკავშირებით ქართული სინამდვილიდან პარალელი გავავლო, მაგრამ არა, დავამუხრუჭებ).
ცნობილი ტულის “პრიანიკები” რუსული ველიკოდერჟავული ტკბილეული კი არ არის, პრიანიკების სამშობლო ლიტვაა და გერმანულ სამზარეულოს არ უტყდება აღნიშნოს, რომ გერმანელები ოდესღაც ლიტვური თაფლით იტკბარუნებდნენ პირს და, რომ ის ცნობილი გრიმების ზღაპრის ტკბილი სახლი, ოდესღაც ლიტვური ფქვილის ნაწარმის შთამომავალი ნამცხვრებითაა აგებული.
რეჩი პოსპოლიტისა თუ რუსეთის კომუნისტური იმპერიის შემადგენლობაში ლიტვური სამზარეულო ერწყმოდა უცხოს, ითვისებდა, ეგუებოდა და იგუებდა. ვილნიუსიდან ჩამოსული საშუალო შეძლების ადამიანისგან ვიცი, უგემრიელესი სამზარეულო მენიუ აქვთ და ისე, რომ ყოველ დღე მწვადი არ ჭამო, შენი მადა არ დაიჩაგრება, გადასარევ დროს გაატარებსო.
ერთი ინფორმაცია გავიგე, რომ თვე ისე არ გავა, დასვენების დღე არ იყოსო, ესეც მითხრეს და თუ სხვა ევროპულ სახელმწიფოზე მეტი არა, საქართველოზე ნაკლები დასვენების დღეები არ აქვთო. იქ აღნიშნავენ, როგორც სამი მეფის დღეს, ასევე ლიტვის დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს, ცოდნის, ლიტველ ებრაელთა გენოციდის, თავისუფლების დამცველთა, ყველაწმინდის, ივანეს, ჟოლინესის, უსაფრთხო მოძრაობის, დაკარგულ ბავშვთა, კულტურის, კლაიპედის მხარის … დღეებს (სულ 44 დღეა). მაისის პირველ კვირადღეს დედის დღეა, ხოლო ივნისის პირველ კვირადღეს – მამის, სუპერ გენდერული ჰარმონიაა. დავამატებ, რომ პირველ იანვარს გარდა იმისა, რომ ახალი წელია, ლიტვის დროშის დღეცაა. ქალის დღეს ლიტვაში არ აღნიშნავენ, თუნდაც, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას მექანიკურადაც კი, საბჭოური მეხსიერებით კალენდარში ამ დღისკენ თვალი არ გაურბის, ვერც იხსენებენ ამ დღეს ოდესღაც აღნიშნავდნენ თუ არა.
ქალის დღე არ აქვთ, მაგრამ 2008 წლის თებერვალში ოფიციალურად დაასახელეს ქალი ლიტვის პრეზიდენტობის კანდიდატად და იმავე წლის 17 მაისს არჩევნებში ხმათა 68, 18 პროცენტით პრეზიდენტი გახდა დალია გრიბაუსკაიტე. განათლებით ლენინგრადის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ვაშინგტონში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების სკოლის კურსი გაიარა, ის ლიტვის ყოფილი ფინანსთა მინისტრია, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაპარაკობს ინგლისურად, ფრანგულად, პოლონურად და რუსულად.
მოგეხსენებათ, ლიტვა მცირე ფართობის, მცირე მოსახლეობის, მაგრამ ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, რუსულენოვანი მოსახლეობაც არის, მაგრამ კომუნისტურ ვილნიუსში მაღაზიაშიც კი ვერ მოგიტრიალდებოდა ენა რუსულად და თუ მაინც არ დაიშლიდი, გამყიდველი უკმაყოფილო სახით მოგაჩეჩებდა პურს და იძულებული ხდებოდი, უპურო დიეტასა და ლიტვურ ენას შორის სწრაფი არჩევანი გაგეკეთებინა.
ლიტვა ოთხ მხარედ იყოფა და თითოეული მხარე ერთმანეთისგან გამოირჩევა არა მხოლოდ ეთნოგრაფიული კოსტუმებით, გეოგრაფიითაც და ადამიანთა აზროვნებითაც. სხვაობები იმდენად საგრძნობია, რომ “ფარული” სეპარატიზმიც ხელის გაწვდენაზეა. მაგალითად, სამოგიტელი, ანუ ჟემაიტელი, ანუ ქვემოლიტველი მოითხოვს, რომ პასპორტში ჩაეწეროს სამოგიტელი და არა ლიტველი და, საერთოდ, ჟემაიტიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადოსო (ლიტვის მოსახლეობა სამი მილლიონ-ნახევარია!) . მათ ერთხანს ავტონომიის სტატუსიც ჰქონდათ; ხოლო კლაიპედაში პროპაგანდისტული მონუმენტი დგას – მასიური გრანიტის სვეტი დიდ ლიტვას განასახიერებს, ხოლო მცირე მარმარილოს სვეტი – მცირე ლიტვას, მათ შორის არქიტრავზე გადებულია ბაზალტის ჰორიზონტალური ნახევრადგადატეხილი ძელი; ეს დაკარგული ტერიტორიების სიმბოლოა, პირველ რიგში, გერმანელებისგან წართმეულ ქალაქ კენისბერგის, მერე რუსეთის კალინინგრადის ოლქის და ამ კომპოზიციას აწერია: ,,ESAME VIENA TAUTA, VIENA ŽEMĖ, VIENA LIETUVA“, ( “ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი მიწა, ერთი ლიტვა”).
მთავრობა, ლანდსბერგისიდან დაწყებული დღემდე, ცდილობს ამ ისტორიული ავბედითობით გამოწვეული მემკვიდრეობის წაშლას, თუმცა სამოგიტელები სახელმწიფო თვითშეგნებით ისევე აღნიშნავენ დიდი ლიტვის ისტორიას, როგორც ვილნიუსელები. მაგრამ ჟემაიტიის პრობლემა სახელმწიფოში მაინც იგრძნობა.
საქართველოსთან შედარებით არც ისე ძველი ისტორია აქვთ, უძველესი ხელნაწერი, რომელშიც ლიტვაა მოხსენებული, მეათე საუკუნეს განეკუთვნება, მაგრამ ეროვნული შეგნების დეფიციტი ნამდვილად არ აქვთ. საუკუნეების განმავლობაში მძლავრი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფო “დიდი ლიტვის სამთავროდ” მოიხსენება, ჰყავდათ მეფე მინდაუგასი, რომლის დღეც სახელმწიფო დღედ აღინიშნება (დავით აღმაშენებლის დღე – 8 თებერვალი).
ლიტვის ახალი პრეზიდენტი ლიტვური სამზარეულოს მოყვარული და ტკბილი ფქვილეულის ნაწარმის ცხობის დიდოსტატი ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ლიტვაში 90-ან წლებში მიიღეს ე.წ. “ლუსტრაციის კანონი” დეპუტატების მანდატების შემოწმების შესახებ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რათა ოდესღაც სპეცსამსახურებთან თანამშრომელ პირებს ხელისუფლებაში მოხვედრის შანსი არ ჰქონოდათ და სახელმწიფოს ხელისუფლებას მოქალაქეთა ნდობა ჰქონოდა. ამ საცერს ისევე, როგორც ქალბატონმა დალია გრიბაუსკაიტემ გაიარა, გადის ლიტვის ყველა მოქალაქე, რომელსაც უმაღლეს ეშელონებში უნდა მოხვედრა.
ხვალ საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვევა ოფიციალური ვიზიტით და თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.
P.S. ვინც ინტერნეტს ეტანება მისთვის Facebook-ური ცხოვრებაც ცნობილია. იქ არის ე.წ. “ქვიზები”, კითხვარი და კითხვაზე, რა არის შენი მოწოდებაო, ერთმა “ფრენდმა” იხუმრა: პოლიტიკოსობა და ხვალვე გამოვაქვეყნებ ჩემს პლატფორმასო – ხუმრობა იქით იყოს და, რატომაც, არა?!