კომენტარი

როგორ იცავს პოლიცია დაკავებულთა უფლებებს – “ღია საზოგადოება – საქართველოს” კვლევა

14 თებერვალი, 2016 • 1763
როგორ იცავს პოლიცია დაკავებულთა უფლებებს – “ღია საზოგადოება – საქართველოს” კვლევა

როგორია დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში –  “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში სამი მკვლევარი თბილისში, ქუთაისსა და თელავში პოლიციის სამ განყოფილებას აკვირდებოდა.

კვლევის ანგარიშის თანახმად, ძირითადი პრობლემები, რომლების პრაქტიკულ და საკანონდებლო დონეზე გამოიკვეთა, უკავშირდება დუმილის უფლების პრაქტიკულ განხორციელებას, თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობას, დამცველის ყოლის უფლებას და ა.შ.

კვლევის ფარგლებში, 2014 წელს, 2 თვის განმავლობაში მინდინარეობდა, ექსპერტებს მხოლოდ პოლიციის სამი დაწესებულების მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდათ. როგორც კვლევის ავტორებმა მოგვიანებით აღნიშნეს, უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც ასევე ჩატარდა მსგავსი სახის კვლევს, ექსპეტრები შეზღუდულნი არ იყვნენ კონკრეტული პოლიციის დაწესებულებებით და უფლება ჰქონდათ ნებისმიერ განყოფილებაში შესულიყვნენ.

გარდა ამისა, კვლევას ჰქონდა კიდევ ერთი შეზღუდვა – ექსპერტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ დაკითხვის პროცესს, ან საგამოძიებო მოქმედებას, რომლებიც მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთა მიმართ წარიმართებოდა.

კვლევა სამმა მოწვეულმა ექსპერტმა: გიორგი მშვენიერაძე, ბესარიონ ბოხაშვილმა და ირაკლი ყანდიაშვილმა ჩაატარეს.

პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე

კანონმდებლობით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, რომ პირის დაკავებისათვის საჭირო სასამართლოს განჩინება მოიპოვონ, ხოლო განჩინების გარეშე პირის დაკავება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი არსებობს პირის მიერ დანაშაულის თავის არიდების, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, უმეტეს შემთხვევებში, პოლიცია ჯერ აკავებს პირს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

“როგორც საქართველოში არსებული პრაქტიკა გვაჩვენებს, პრაქტიკა შებრუნებით ხდება, ანუ ჯერ ვაკავებთ და შემდგომში ვითხოვთ სასამართლოსგან კონკრეტული დაკავების დაკანონებას. თუმცაღა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მოსმართლის წინაშე პირბველად გამოცხადებისას, ანუ, როცა სასამართლო სხდომა ეხება პირისათვის წინასწარი, აღკვეთის ღონისძების შერჩევის საკითხს, სამწუხაროდ, სასამართლოები არ მსჯელობენ თავად დაკავების კანონიერებასთან დაკავშრებით,”- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ბესარიონ ბოხაშვილმა 10 თებერვალს გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე. 

პირთან “გასაუბრების” მიზნით დაკავების პრაქტიკა

კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებობს პოლიციის ოქმები ადამიანების ქუჩაში „გასაუბრების“ მიზნით გაჩერების შესახებ და “სამართალდამცავები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ გვერდი აუარონ ოფიციალურ წესებს ან ვადებს”.  როგორც კვლევის ავტორები წერენ, მსგავს წესს არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდა არც ნებისმიერი სხვა კანონი არ იცნობს.

“ხდება ისე, რომ პირს შესაძლებელია აღუკვეთონ თავისუფკლება, მიიყვანონ პოლიციის დაწესებულებაში, ან საერთოდ არ მიიყვანონ, რამდენიმე წრე დაარტყმევინონ მაგალითად, პოლიციის მანქანით, ან პოლიციის დაწესებულებაში მიიყვანონ თავად, ჩატარდეს გარკვეული გამოკითხვა, გასაუბრება და შედგომში, რამდენიმესაათიანი ასეთი გასაუბრების შემდეგომ, იქნეს გაშვებული და გათავისუფლებული,”- ამბობბს ბესარიონ ბოხაშვილი.

კვლევის თანახმად,  გამოხატული თანხმობის გარეშე, პირის პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანა მისი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვაა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების მაგალითს წარმოადგენს; პირის არარეგისტრირებული დაკავება ზრდის არასათანადო მოპყრობის რისკს. შესაბამისად, როგორც ექსპერტები წერენ, დაკავების წესები მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს, განსაკუთრებით დაკავების დროის ათვლის განსაზღვრისა და დაკავების ოქმის შედგენის ადგილის საკითხებთან მიმართებაში.

პირის უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ

როგორც კვლევაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირის უფლებას, არ დაიბრალოს დანაშაული, ექსპერტთა ჯგუფი არა ერთ შემთხვევას შეესწრო, როდესაც გამომძიებელი სხვადასხვა ხერხის მეშვეობით პირს მოწმის სტატუსით კითხავდა, ნაცვლად დაკავებულისა. მკვლევართა შეფასებით,  ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და უარყოფითად მოქმედებს პირის მიერ დუმილის და დანაშაულის არ დაბრალების უფლების გამოყენებაზე.

“უმეტეს შემთხვევაში, პირს მოწმის სტატუსით კითხავენ დაკავებულის ნაცვლად მაშინაც კი, როდესაც არსებობს მისი ბრალდებულად ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულება. პირის მოწმის სტატუსით დაკითხვისას, სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა პირს აგრძნობინონ, რომ მისი სამართლებრივი ვალდებულებაა მის ხელთ არსებული ინფორმაციის პოლიციისათვის მიწოდება მაშინაც კი, როდესაც ეს ინფორმაცია პოტენციურად პირდაპირ ან ირიბად შეიძლება გამოყენებული იქნას მის წინააღმდეგ. გამომძიებლები ხშირად ზედმეტ ყურადღებას ამახვილებენ მოწმის ვალდებულებაზე, მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცავებს ნაცვლად იმისა, რომ მეტი ყურადღება გაამახვილონ მოწმის უფლებაზე, არ უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება გამოძიების დროს მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული,”- წერია კვლევაში.

ბესარიონ ბოხაშვილმა განმარტა, რომ ასეთ შემთხვევებში, გამომძიებლები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ არა იმას,  რომ პირს უფლება აქვს, არ მისცეს გამოძიებას ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მის წინააღმდეგ შესაძლებელია იქნეს გამოყენებული, არამედ ხდებოდა იმ პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა, რომელიც პირს დაეკისრება, თუკი მოწმის სახითაა დაკითხვისას, იგი ჩვენებას არ მისცემს, ან გარკვეულ საკითხებს დამალავს.

ექსპერტების რეკომენდაციით, მოწმეს სამართალდამცავებმა ჯეროვნად უნდა განუმარტონ უფლებები:

“ისინი უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმასთან დაკავშორებით, რომ თუნდაც მოწმის სახით დაკითხვისას, შეუძლიათ არ მისცენ ჩვენება და არ ეკისრებათ სამართლებრივი ვალდებულება გაამახვილონ ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც შემდგომში შეიძლება მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული,”- ამბობს ბოხაშვილი.

ადვოკატის დაცვით სარგებლობის უფლება

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მათ მიერ შესწავლილი საქმეების 80% დაკავებულები უარს ამბობდნენ პირველი დაკითხვის დროს ადვოკატით სარგებლობის უფლებაზე. ექსპერტების განცხადებით, დაკავებულისათვის რთულია ადვოკატის მნიშვნელობის შეფასება პირველ რიგში იმიტომ, რომ დაკავების ოქმში მისი უფლებების განმარტება მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს.

კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, დაკავებულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ადვოკატის მონაწილეობა მნიშვნელოვანი მხოლოდ სასამართლოშია და არა დაკავების მომენტში. შესაბამისად, როგორც მკვლევარები წერენ, პოლიციელები დ სარგებლობენ დაკავებულის გაუცნობიერებლობით და მოწმის სტატუსით კითხავენ მას. კვლევის თანახმად, დაკავებული არც ადვოკატის დასწრებას თვლის მნიშვნელოვნად, ვერც დაკითხვის შედეგს აცნობიერებს და შიშობს, რომ ადვოკატის მოთხოვნით შეიძლება გამომძიებელი გააღიზიანოს.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, დგას დაკავებული პირის მიერ ადვოკატთან დაკავშირების საკითხიც. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აქვს უფლება დაუკავშირდეს ადვოკატს, შესაბამისი პროცედურული მექანიზმი არ არსებობს.

“თუკი პირს ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებმაც იციან, რომ ის დაკავებულია, ბუნებრივია, ამ საკითხის მოწესრიგებას სწორედ ახლო ნათესავები ცდილობენ. მაგრამ, პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც პირს ან არ უნდა შეატყობინოს დაკავების შესახებ საკუთარ ახლო ნათესავებს ან მას უბრალოდ არ ჰყავს საქართველოში ახლო ნათესავები და უნდა, თავად დაუკავშირდეს საკუთარ ადვოკატს. პოლიციელები შედიან ჩიხში, იმიტომ, რომ ისინი ვერ ბედავენ ერთი მხრივ, საკუთარი მობილური ტელეფონით სარგებლობის საშუალებს მისცენ ბრალდებულს და დაარეკინონ ადვოკატთან და მეორე მხრივ, თავად ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, საკუთარი მობილურით დაკავებულის ნაცვლად დაუკავშირდნენ მის ადვოკატს.

ეს იყო ჩიხი, რომელზეც პოლიციელებს განსხვავებული არგუმენტი ჰქონდათ ჩვენს შეკითხვებზე. შედარებით გამოცდილი გამომძიებლები ამბობდნენ, რომ მათ კარგად ესმით კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობა და ისინი მზად არიან, საკუთარი მობილურით დაარეკინონ. მაგრამ, გამომძიებლები, რომლებიც შედარებით ახლები არიან, არ აქვთ სათანადო გამბედაობა და თვლიან, რომ ისინი ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მისცენ პირს საშუალება საკუთარი მობილური ტელეფონით დაარეკინოს ადვოკატთან.

იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პირმა მოითხოვა და თქვა, რომ მას ჰქონდა სურვილი, დაკავშირებოდა საკუთარ ადვოკატს. გამომძიებელს შეეტყო აშკარად უხერხულობა: ერთი მხრივ, დაკვირვების პირობებში იმყოფებოდა, იმიტომ, რომ ვესწრებოდით პირადად დაკვირვების პროცესს. მიაწოდა მობილური ტელეფონი, რომელზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ არ ირეკებოდა იმიტომ, რომ მასზე ბალანსი არ არის და გამომძიებელმა უპასუხა, რომ სამწუხაროდ, რა ჰქნას, თუ ბალანსი არ არის, ხვალ აიყვანს ადვოკატს,”- იხსენებს გიორგი მშვენიერაძე.

კვლევის "ეჭვმიტანილტა საპროცესო უფლებები საქართველოში" პრეზენტაცია. 10.02.2016

კვლევის “ეჭვმიტანილტა საპროცესო უფლებები საქართველოში” პრეზენტაცია. 10.02.2016

თარჯიმნის მომსახურების უფლება

კვლევის ავტორების განცხადებით, პრობლემურია დაკავებულისთვის თარგმნა იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროა საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ენების მცოდნე თარჯიმანი.

“საგამოძიებო ორგანოებს აქვთ კონკრეტული ხელშეკრულებები თარჯიმანთა ფირმებთან, რომლებიც თარგმნიან იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება არსეობს. თუმცაღა, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული თარგმანი და თარჯიმანთა ბიუროს მომსახურებები ძირითადად ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც თარგმანი აუცილებელი არის ხოლმე რუსულიდან ან ევროპული ენებიდან. მაშინ, როდესაც თარგმანის საჭიროება ეხება საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების ენებს, აღნიშნული უფლება სამწუხაროდ არაჯეროვნად არის გარანტირებული.

ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კვლევის განხორციელების პროცესში, მაშინ, როდესაც ეროვნული უმცირესობის წევრი იქნა რამდენჯერმე მიყვანილი პოლიციის დაწესებულებაში. არანაირი ინსტიტუციური შესაძლებლობა, რომ პოლიციელს ან გამომძიებელს გამოეძახებინა ან სომხურიდან, ან აზერბაიჯანულიდან თარჯიმანი, რომელიც იქნებოდა ჯეროვნად სერტიფიცირებული და ჯეროვნად გადაუთარგმნიდა, სამწუხაროდ, არ არსებობდა. მეტსაც გეტყვით, გამომძიებელს უხდებოდა იქვე, ბაზარში გადარბენა, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ჩვეულებრივად ახორციელებდა ვაჭრობას, ან იდგა, ან იცოდა, რომ მან იცის აზერბაიჯანული ენა, მოჰყავდა პოლიციის დაწესებულებაში და აღნიშნული პირი თანხმობის შემდგომ იწყებდა თარგმნას. ან მაგალითად, მეორე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული პედაგოგები მოჰყავდათ. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც გამგებლის მოადგილე მოიყვანეს, რომელმაც იცოდა აზერბაიჯანული და ქართული,”- იხსენებდა ბესარიონ ბოხაშვილი.

მისი განცხადებით, ასეთი შემთხვევები პრობლემურია, როცა საქმე ეხება იურიდიულ ტერმინოლოგიას და ამასთან, გამომძიებელი ვერანაირად ვერ ამოწმებს, თუ რას უთარგმნის კონკრეტული “თარჯიმანი” ბრალდებულს ან მოწმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი