კომენტარი

თამარ საბედაშვილი: ქალებს იგივე სურთ, რაც მამაკაცებს [არქივიდან]

8 მარტი, 2011 •
თამარ საბედაშვილი: ქალებს იგივე სურთ, რაც მამაკაცებს [არქივიდან]

ინტერვიუ გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილთან:

საზოგადოების ნაწილში დღემდე 8 მარტი საბჭოურ დღესასწაულთან ასოცირდება. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

მე დადებითად ვაფასებ ამ დღესასწაულს. მას დიდი ხანია ჩამოშორდა საბჭოთა ელფერი. დღესასწაული გაჩნდა მეოცე საუკუნის ათიან წლებში. მისი დაარსების იდეა სოციალისტ ქალებს უკავშირდება. ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, 8 მარტის აღნიშვნის იდეა კლარა ცეტკინის სახელთან არის დაკავშირებული. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს დღე  თებერვლის ბოლო კვირა დღეს აღინიშნებოდა. საბჭოთა კავშირში ამ დღის დღესასწაულად დადგენაში  დიდი როლი შეასრულა ალექსანდრა კოლონტაიმ.  შემდეგ გაერომ აღიარა საერთაშორისო დღედ და 1995 წლიდან მოყოლებული ოფიციალური დღესასწაულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის.  ასე რომ საბჭოური იარლიყი მას ჩამოცილდა.

როგორია ქალის როლი დღეს საზოგადოებაში? გაიზარდა თუ არა ის წინა წლებთან შედარებით?

საბჭოთა პერიოდს  თუ შევადარებთ, კი.  ახლა სხვაგვარად დგას ბევრი საკითხი. იმ პერიოდში სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა იყო ასეთი, რომ “გავათავისუფლოთ ქალები ოჯახური საქმისგან” და ა.შ, თუმცა ქალი მაშინაც ასრულებდა ყველანაირ საოჯახო საქმეს და ის სოციალური მომსახურების სხვადასხვა სტრუქტურები, რაც იყო შექმნილი, სამრეცხაოები იყო, სასადილოები, ბაღები თუ რა – ყველამ იცოდა, რომ არ იყო იმ ხარისხის, რაც შეიძლებოდა ადამიანს ოჯახში ჰქონოდა. განათლებაზეც მაშინაც მიუწვდებოდათ ქალებს ხელი, როგორც დღეს, მაგრამ რეალური პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით არ ჰქონდათ ბევრ საკითხზე ხელმისაწვდომობა. პოლიტბიუროს წევრი ქალი 50–იან წლებამდე არ ყოფილა საბჭოთა კავშირში. დამოუკიდებლობის პერიოდში სახელმწიფოში ბევრი რამ შეიცვალა, ოჯახური ძალადობის საკითხებიც წამოვიდა წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე არ არსებობდა ეს პრობლემა, უბრალოდ, სახელი არ ერქვა და არ იყო იდენტიფიცირებული. მოგეხსენებათ, 2006  წელს ხელისუფლებამ მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის დაძლევასთან დაკავშირებით და ამით  მოხდა ამ პრობლემის აღიარება.

თვლით თუ არა, რომ ქალის შრომა დღეს  ნაკლებად დაფასებულია?

დიახ, ქალები ძალიან ბევრ საქმეს ასრულებენ როგორც ოჯახის შიგნით, ისე მის გარეთ. მისი შრომა ნაკლებად დაფასებულია, სადღეგრძელოში დაფასება ხომ არ არის საკმარისი? მაგრამ მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს.  ვფიქრობ, ეტაპობრივად მოხდება მენტალიტეტის ცვლილება. ამ თემაზე სულ ვსაუბრობთ, უკვე ვაქცევთ ყურადღებას, ამ საკითხებზე სერიოზულად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ამ საკითხის მხარდამჭერები გვყავს ხელისუფლებაშიც, რომელთაც ძალიან გათავისებული აქვთ ეს პრობლემა და უნდათ იმუშაონ ამ საკითხებზე. პარლამენტში შექმნილია პარლამენტის სპიკერთან საკონსულტაციო საბჭო გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომლის ხელმძღვანელია რუსუდან კერვალიშვილი. ახლა პარლამენტში მიმდინარეობს ოჯახში გენდერული თანასწორობის კანონის განხილვა. ანუ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ასე, ერთ დღეში, ვერა, მაგრამ ნელ–ნელა  ვითარება შეიცვლება. ბევრი აქტორის მონაწილეობაა საჭირო,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიის.  მედიას ძალიან დიდი როლი აქვს, რომ არ გაამყაროს ნეგატიური სტერეოტიპი, რომ წარმოაჩინოს ქალები როგორც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და არა მხოლოდ როგორც მხოლოდ ვიღაცის ცოლი, ან დედა.

 

როგორ ფიქრობთ, რა სურთ ქალებს?

ქალებს იგივე სურთ, რაც მამაკაცებს. იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით და მაქსიმალურად რეალიზდნენ. გაიაზრონ, ვინ არიან, რა უნდათ და  თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ. სურთ, რომ არავინ შეზღუდოს ბედნიერებისაკენ სწრაფვაში.

 

8 მარტის ისტორია:

ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.

ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის “ავრორა” ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.

ka.wikipedia.org

მასალების გადაბეჭდვის წესი