კომენტარი

“ნანუკას შოუს” შესახებ

3 მარტი, 2011 • 1275
“ნანუკას შოუს” შესახებ

რამდენიმე ხნის წინ, ფეისბუქზე მიმდინარე მწვავე დაპირისპირების შემსწრემ, ნანუკა ჟორჟოლიანს დავპირდი, რომ თუ მოვახერხებდი, კრიტიკას დავუწერდი. საქმე იმაში იყო, რომ შეწუხებული ვიყავი. რით? ახლავე გაიგებთ. 

დღეს ქართული ვირტუალური თემი კიდევ ერთხელ გახდა მწვავე დაპირისპირების მომსწრე. საუბარია ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახლახანს გასულ “ნანუკას შოუს” ეგვიპტურ ეპიზოდზე. როგორც ოპორტუნისტმა ვიფიქრე, მიმდინარე კამათი, სადაც ათასობით განსხვავებული აზრი გამოითქვა, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, ქართულ საჯარო სივრცეში დებატის კულტურაზე და ეთიკის შესახებ გამომეყენებინა. ასეც მოვიქცევი.

კამათის ეთიკაზე მსჯელობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვლავ ნათლად გამოჩნდა: არ გვაქვს დემოკრატიული მსჯელობის კულტურა. არც მე და სხვა, ჩემთვის ცნობილ ქართველს. უბრალოდ, არ შეგვიძლია მესამე პირში საუბარი. ყველაფერს, რაც ითქმება, საკუთარ თავზე ვიღებთ. ყველაფერს, რასაც სხვას ვეუბნებით, საკუთარი გამოცდილებიდან ვიღებთ. და კიდევ, ბევრი აგრესია გვაქვს, ყველას. 

გამოითქვა აზრები, რომ კრიტიკული სტატია, რომელიც ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალ ლიბერალში “ნანუკას შოუს” ხსენებულ ეპიზოდს მიუძღვნა, მის სულიერი პრობლემაზე უფრო მიუთითებს. მეორე მხრივ, მოწინაღმდეგე ბანაკშიც არ დაიშურეს შეფასებები და ჯერ ნანუკა  გააყვითლეს, შემდეგ არც ჩემი სეხნიის მოხსენიება დავიწყებიათ და ბოლოს, საბრალო დოდოშკას საპატიო ადგილიც ვერ აცდა ხაზგასმით მოხსენიებას. 

რასაკვირველია, ვაცნობიერებ იმის აუცილებლობას, რომ სხვების მითითებას, სჯობს საკუთარი თავიდან დავიწყო. ამიტომ, ყველაფერს რასაც ვწერ, ჩათვალეთ რომ სარკის წინ მდგარი ვეუბნები საკუთარ თავს. ხმამაღლა!

● ვისურვებდი, უფრო მეტად ნეიტრალურები ვყოფილიყავით ყველანი.

● ვისურვებდი, პირადი იმედგაცრუებების პროექცირება არ მოგვეხდინა საჯარო საკითხებზე საუბრისას.  მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და შეუძლებელია ყველა ყველას არ იცნობდეს, ვიღაცა ვიღაცის მეგობარი ან მტერი არ იყოს.

● ნანუკას “ბანაკს”: ნუ აგიჟებთ ნანუკას. არ შეიძლება ამდენი დაუსაბუთებელი კომპლიმენტი. მისი კომპლიმენტი მისი რეიტინგია. დანარჩენი ვნებს. ნანუკა არაფერ შუაშია აქ. ყველა ადამიანს ვნებს ეს.  ყველა ადამიანს, გადაცემას, მოვლენას აქვს ერთზე და ორზე მეტი მხარე. თუ მართლა მასზე ზრუნავთ, დადებითი განმტკიცების გარდა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია, შეეცადეთ, წახნაგის სხვა კუთხეებიც დაანახოთ თქვენს მეგობარს. ბევრჯერ შევსწრებივარ, ლამის პანიკაში ჩავარდნამდე რომ ახვევენ ხოლმე კომპლიმენტებს და გულწრფელად მებრალება. ალბათ, სადღაც გულის სიღრმეში სწუხს კიდეც, მაგრამ ამას ხომ ვერ გამოამჟღავნებს? საშინელებაა, როდესაც გეპირფერებიან. ძალას გართმევს.

● მიხარია, რომ ნანუკა, შეიძლება ხუმრობანარევი ტონით, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მაღლა დგება ხოლმე და კრიტიკოსებს იწვევს გადაცემაში. გავიხსენოთ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში თეო ხატიაშვილის მიწვევის ფაქტი. ამჟამად ნინია კაკაბაძე მიიწვია.  ვფიქრობ, დღის ბოლოს, ეს უფრო კეთილშობილური საქციელია, ვიდრე “პროფილის” სამარისებური დუმილი და სრული იგნორირება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სასოწარკვეთილების. სასოწარკვეთილი ციფრული ყვირილი არის ერთადერთი, რაც ბევრ ადამიანს რჩება ამ გადაცემით გამოწვეული ტრამვის გასაპროტესტებლად. თუმცა ასათიანის “გუნდს” “გვიყვარხააართ!” და “გაბრიელის ზეთის მადლი გფარავდეთ!” კომენტარების მეტი ალბათ არაფერი აინტერესებს. ძალიან ცუდი მათთვის.

ობიექტური მიზეზების გამო “ნანუკას შოუს” ეგვიპტური ეპიზოდი პირადად არ მინახავს. ამიტომ   შეფასებას არ გავაკეთებ. თუმცა არც ამ წერილის მიზანია ერთი გადაცემის კრიტიკა. უფრო პოზიციების გაკრიტიკებას ვისახავ მიზნად. პოზიციების, რომლებსაც ჩემთვის მეტად საპატივცემულო ადამიანები იჭერენ ამ კამათში.

მოდით, ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება გააკეთოს ნანუკა ჟორჟოლიანმა იმ კრიტიკის საპასუხოდ, რასაც ხშირად დამსახურებულად და ხშირადაც დაუმსახურებლად იღებს? 

“ინწილიკტუალური” დებატები რომ მოაწყოს, მეორე დღესვე მოხსნიან ეთერიდან. ჯერ არ უნდათ ქართველებს სერიოზული საუბარი. იმდენი ტკივილი აწუხებთ, რომ გაქცევა ენატრებათ. როდესაც შუქი ქრება და ერთ წერტილს აშტერდებიან, განათებულ ეკრანთან იკარგებიან; მას უზარმაზარი გარდასახვის ეფექტი აქვს. გავიწყებს რეალობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს რეალობა გტკივა და ძალიან გინდა დაემალო. ძილის წინ მაინც.

ახლა უფრო გავკადნიერდები. ვფიქრობ, არც იმ აზრს გამოუჩნდებოდა ბევრი მოწინააღმდეგე, თუ ვიტყოდი, რომ ასათიანის ყველაზე ცუდი გადაცემა სჯობს ყველაზე კარგ ლათინურ ამერიკულ სერიალს. ხოლო, ყველაზე ცუდი “ნანუკას შოუ” სჯობს ყველაზე კარგ “პროფილს”.  რატომ? 

ჯერ იმას ვიტყვი, “გულწრფელობის” არგუმენტი, რომელიც ამ ორ გადაცემას შორის ზღვარის გასავლებად მოაქვთ ხოლმე, ჩემთვის ამჯერად მნიშვნელოვანი არაა. საქმე იმაშია, რომ

 ეს გადაცემები ჩვენი რეალობის სარკეა. ნანუკას ან მაიას არ გამოუგონიათ “კაკულია” (რა დამიშავა? მხოლოდ მაგალითად მომყავს). ეს ისაა, რაც გვაქვს. რაც ვართ. თვალი უნდა გავუსწოროთ ერთმანეთს. კაკულია თუ სხვა, ვინც აღგვაშფოთებს, არის კოლექტიური “ჩვენ”. საკუთარ თავს ვხედავთ მასში და ეს გვაცოფებს. აბა, უცხო იყოს? ერთ ყურიდან მეორეში ისე გაირბენდა მისი ყურებით/მოსმენით გამოწვეული რეაქციები, ქვეცნობიერშიც არ დაილექებოდა ინფორმაციად. ისინი ჩვენს ენაზე საუბრობენ, ჩვენ შორის ცხოვრობენ. ეთერი ჩვენი ნაკლოვანებების, სიყალბის, “ყავარზე კუდის გადადების” ქართული ტრადიციის მხოლოდ გაზვიადებას ახდენს.

როდესაც სატელევიზიო შოუებს ვუყურებთ, შეგვიძლია გავბრაზდეთ, დავგმოთ და მოვითხოვოთ შეცვლა იმისა, რასაც ვხედავთ. ირიბად, მაგრამ მაინც შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ ამ ხშირად ოდიოზურ გმირებზე. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ ავთენტური ქართული, ხშირად ვითომ ყვითელი შოუებით სჯობს სატელევიზიო ბადის შევსება. აქამდე სერიალებით და ფილმებით აკავებდა ექსკლუზიურად ქართული ტელევიზია წლების განმავლობაში ჩვენს გონებას.

პარაზიტი, გამადიდებელი შუშით დაინახავ თუ არა, პარაზიტად რჩება. დაუნახაობა მის არსებობას თუ შემაწუხებელ ეფექტს არ უარყოფს. მოდით, მადლობა მოვუხადოთ ამ გადაცემების ავტორებს იმისათვის, რომ წინასწარგანზრახვით თუ განუზრხველად, ჩვენს თავს გვაჩვენებენ; სანამ დოდოშკას, კაკულიას, გრიგოლიას და მათ კომპლექსებს გავაქილიკებდეთ, საკუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად წარმოგვაჩენენ ისინი ჩვენ? ნუთუ ერთი წამით მაინც გეპარებათ ეჭვი, რომ ბარბრა სტრეიზანდი, არეტა ფრანკლინი ან მერილ სტრიპი რომ საქართველოში ცხოვრობდნენ, იმათ არ მოიწვევდნენ და არა იმ ქართველ “ფეისებს”, ასე სამართლიანად რომ იწვევენ თქვენს აღშფოთებას? ეს რეტორიკული კითხვაა.

უფრო მტკივნეული კი ამაზე დაფიქრებაა:“რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ნაკლებად პათეტიკური ვიყო მე?” ნუ დავსჯით მაცნეს. ყურადღებით წავიკითხოთ მოტანილი ინფორმაცია და სამყაროს შევცლა საკუთარი თავიდან დავიწყოთ. 

ახლა კი მოდით, ვიფიქროთ დადებითზე. მარტივი ლოგიკური პრინციპია ის, რომ ორ ნაკლოვანს შორის თუ ერთი მცირედ ნაკლულია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სრულია. აქ იმას ვგულისხმობ, რომ ნანუკას და მის გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას. 

მე მჯერა, რომ ნელ-ნელა ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ გასართობი შოუ ისე, რომ არ მივაყენოთ რომელიმე სოციალურ ჯგუფს შეურაცხყოფა. ამის მაგალითად გივი სიხარულიძის ამაზრზენად ჰომოფობური “ხუმრობები” გამოდგებოდა, რომლებიც მან 3 თებერვალს რუსთავი 2-ს ეთერში გადაცემა “კონცერტი 2”-ში გაახმოვანა. ამის გამო ჩვენ, “განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციამ” ამ ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმს საჩივრით მივმართეთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ვფიქრობ, ასეთი უკუკავშირი დაეხმარება ახალგაზრდა ქართულ მედია კომპანიებს, მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ ყველა მაყურებლის წინაშე და ნებსით თუ უნებლიეთ რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას არ შეუწყონ ხელი. 

ქართული საზოგადოება – მე, ნანუკა, გივი, პეტრე, პავლე, სხვები – შევთანხმდებით, რომ გლამური არ ნიშნავს განყენებულს, ადამიანებს მოწყვეტილს, დამცინავს და თავის თავში გამოკეტილს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მცირედი შეხება მომიწია ე.წ. “გლამურის” თუ “ფეისების” ქართულ სამყაროსთან და ჩემი პირადი შეფასებით ე.წ. “ფეისებსაც” ისეთივე გაუცხოება აქვთ მოქალაქეების მიმართ- რომლებიც ხშირად მტრულად უყურებენ წარმატებულ ადამიანებს საქართველოში -როგორც ჩვენ, სხვა “არაფეის” ადამიანებს მათ მიმართ.  ეს გაუცხოება რთული დასაძლევია, მაგრამ შესაძლებელი. მე მას “მეტროში ჩასვლის შიში” დავარქვი.

 ჩვენი, მოქალაქეების მოთხოვნით, შოუების პროდიუსერები ნელ-ნელა ისწავლიან, თუ როგორ გაამდიდრონ “ყვითელი” მასალა საზოგადოებისთვის სასარგებლო და აღმზრდელობითი დანიშნულების შინაარსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი