Interviewsკომენტარი

რას შეცვლის აზერბაიჯანიდან მიღებული დამატებითი გაზი საქართველოსთვის- ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

29 იანვარი, 2016 • 2184
რას შეცვლის აზერბაიჯანიდან მიღებული დამატებითი გაზი საქართველოსთვის- ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” აცხადებს, რომ “სამხრეთ კავკასიის მილსადენსა” და “შაჰ დენიზის” კონსორციუმთან შეთანხმება მიღწეულია და საქართველოს ზამთარში 50 მილიონ კუბურ მეტრს მიაწვდის, რაც დღეში 200 000 კუბურ მეტრია. რას ნიშნავს ეს ფაქტი საქართველოს გაზმომარაგებისათვის და რა ეფექტს იქონიებს ის “გაზპრომთან” მოლაპარაკებებში? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი პასუხობს:

შაჰ დენიზის კონსორციუმთან უკვე არაერთი წელია, რაც ამ საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს. ამ შემთხვევაში შაჰ დენიზის კონსორციუმის კომერციული ოპერატორი სოკარია და, ბუნებრივია, მას არაერთხელ მივმართეთ. სოკარის ხელმძღვანელობის ბოლო ვიზიტისას, როდესაც ისინი პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, ჩვენ შევთანხმდით, რომ სამუშაო რეჟიმში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედებოდა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ძალიან კონსტრუქციულად იქნა აღქმული ჩვენი მოთხოვნა. სოკარმა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე გუშინდელი დღიდან საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიის მილსადენიდან ყოველდღიურად გაზის მიწოდება 200 000 კუბური მეტრით გაიზარდა. აქამდე ამ მილსადენიდან ყოველდღიურად დაახლოებით 3 მილიონ კუბურ მეტრს ვიღებდით, ახლა დღეში 3.2 მილიონი კუბური მეტრი მოგვეწოდება. ამ დროისთვის საქართველო დღეში დაახლოებით 11 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ბუნებრივია, 200 000 კუბური მეტრი გარკვეულ შეღავათს იძლევა, თუმცა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მხოლოდ აზერბაიჯანული გაზით საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვილაპარაკოთ.

როგორც უკვე გითხარით, დღეში 3,2 მილიონი კუბური მეტრი მოგვეწოდება სამხრეთკავკასიური მილსადენიდან, სოკარის მიერ ოპერირებული ე.წ. ყაზახის მილსადენით მოგვეწოდება 6-6.5 მილიონი კუბურ მეტრი გაზი. დანარჩენი, ანუ დაახლოებით 1,5-2 მილიონის ფარგლებში კომპენსირდება რუსული გაზით [სომხეთის] სატრანზიტო მილსადენიდან.

შაჰ დენიზს მეტი მოცულობის მოწოდების საშუალება არ ჰქონდა?

როდესაც ვლაპარაკობთ 50 მილიონზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წლის განმავლობაში მოცულობა არ გვემატება, უბრალოდ, ზამთარ/ზაფხულის, ანუ სეზონურობის ნომინაციები გადაიხედა. ანუ ეს 50 მილიონი შაჰ დენიზის ნომინაციებიდან ზაფხულის განმავლობაში დაგვაკლდება და ზამთრის განმავლობაში მოგვემატება. ზაფხულში დაბალი მოხმარებაა და ამ მოცულობის კომპენსირება სოკარის მიერ ოპერირებული მეორე მილსადენით შეიძლება. ანუ მოცულობა კი არ გვეზრდება, არამედ სეზონურ ჭრილში ხდება ოპტიმიზაცია. ეს ძალიან კარგია, რადგან ზაფხულში ჩვენ ფიზიკური შეზღუდვა არ გვაქვს.

შესაბამისად, ამ 50 მილიონ კუბურ მეტრს არავითარი დამატებითი თანხა არ დასჭირდება, ხომ?

დიახ.

200 000 კუბურ მეტრი დღიური მოხმარების რამდენი პროცენტია სულ საქართველოსთვის დღეში?

2%. მაგალითად, ახალი თბოსადგური დღეში დაახლოებით 800 000 კუბურ მეტრს მოიხმარს, ანუ ეს მისი მოხმარების მეოთხედია.

რაც შეეხება “ყაზახის მილსადენზე” კომპრესორების დამონტაჟების თემას, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა აზერბაიჯანიდან საქართველოს გაზმომარაგების შესაძლებლობას. თუ არის ამ მიმართლებით რაიმე პროგრესი?

ტექნიკური ჯგუფები ამაზე მუშაობენ, თუმცა ჩვენ პრობლემა 2-3 წლიან პერსპექტივაში გვაქვს. 2019-2020 წლიდან გაზის მიწოდების სტრუქტურა იცვლება. საკმაოდ დიდი მოცულობები დაგვემატება შაჰ დენიზის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ. ამ დროისთვის ჩვენ გვექნება გაზსაცავიც, რომელიც პირდაპირ ემსახურება სეზონური დისბალანსის თემას, ანუ ზაფხულში შევინახავთ და ზამთარში მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება. 2-წლიანი პერსპექტივისთვის [კომპრესორებისთვის] 40-50 მილიონის ინვესტიცია, პროექტის მომზადება, მისი განხორციელება, რომ ამან რეალურად ეფექტი დადოს… სწორედ ამის შესწვალა მიმდინარეობს ახლა, არსებობს თუ არა ამ ხარჯის გაწევის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. თუ ფული და სურვილი არსებობს, ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს, უბრალოდ, საჭიროა გარკვეული ეკონომიკური დასაბუთება.

თქვენ თქვით, რომ გარდა იმ ორი მილსადენისა, საიდანაც საქართველო აზერბაიჯანისგან იღებს გაზს, დაახლოებით 1,5 – 2 მილიონი კუბური მეტრი მაინც სჭირდება გაზპრომისაგან დღეში. ამ მოცულობას ფარავს თუ არა ის, რაც საქართველოს გაზპრომისაგან ისედაც ეკუთვნის ნატურით სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10 პროცენტის სახით, თუ ახლა დამატებით ყიდულობთ გაზპრომისგან?

დამატებით არაფერს ვყიდულობთ. აქამდე მანამ, სანამ ხელშეკრულება იყო [გაზპრომთან] ჩვენ ფიზიკურად უფრო მეტს ვიღებდით, ვიდრე 10 პროცენტის ფარგლებში გვეკუთვნოდა, თუმცა ეს ხდებოდა მომავალი სატრანზიტო სერვისების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ ფიზიკურად გვჭირდებოდა უფრო მეტი და მოვიხმარდით უფრო მეტს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით გვეკუთვნოდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა.

ცოტა უცნაურია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არაფერს ვყიდულობთ გაზპრომისგანო, რადგან მინისტრი ხშირად აპელირებს ხოლმე იმაზე, რომ აზერბაიჯანს მილების ტექნიკური მიზეზების გამო მეტის მოწოდება არ შეუძლია და გაზპრომთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ ამას ახსენებს ხოლმე…

ამას იმიტომ ვახსენებთ, რომ… თუ [გაზპრომთან] შეთანხმება მოხდება იმაზე, რომ ტრანზიტის მომსახურების ანაზღაურება ფინანსური სახით მოხდეს, გაზის ეს მოცულობა [სომხეთის ტრანზიტის 10%] აღარ იარსებებს… ის მოცულობა, რასაც 10- პროცენტიანი ტრანზიტის კვოტა ავსებდა, საიდანღაც უნდა დაკომპენსირდეს. კომპენსაციის მექანიზმი აზერბაიჯანული გაზით დღესდღეობით არ არსებობს იმ მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, უნდა მოხდეს ყიდვა. თუ გაზის დღიური ბალანსიდან 150-200 მილიონი კუბური მეტრი მოგვაკლდება, ეს დანაკლისი გარკვეული რესურსით უნდა შევავსოთ. ეს რესურსი გვაქვს მხოლოდ ორი: აზერბაიჯანული ან რუსული. აზერბაიჯანულზე ოპტიმიზაციის თვალსაზრისით რისი მიღწევაც შეგვიძლია, დღეს გაცხადდა, რაც არის. ბუნებრივია, დეფიციტი ისევ გვრჩება და ამისი ალტერნატივად განიხილება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისე, როგორც საქართველოს გაზის ბალანსში მონაწილეობდა ხოლმე ტრადიციულად 10-12 პროცენტის ფარგლებში.

გაზპრომისგან ნატურით 10 პროცენტის მიღების ხელშეკრულება დღეს უკვე ძალაში აღარ არის. ეს ხელშეკრულება დასრულდა. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფორმით გაგრძელდეს აღნიშნული მომსახურების გაწევა: ნატურის ფორმატში თუ ფინანსური ანაზღაურების სახით.

ხელშეკრულება დასრულდაო, თქვენ თქვით, ანუ ახლა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხდება გაზის მიწოდება სომხეთისთვის და შემდეგ ნატურის სახით საქართველოსთვის?

მიუხედავად კონტრაქტი არსებობა/არარსებობისა, კეთილი ნების თემაც არის და სამართლებრივი საფუძველიც აქვს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ტრანზიტის შეზღუდვის არც სურვილი და არც საშუალება. იმის გამო, რომ სერვისის საფასურზე ვერ შევთანხმდით, ვერ დავუშვებთ იმას, რომ იზარალოს სომხეთმა, რომელიც სრულად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე ტრანზიტი განხორციელდება და ხორციელდება, ჩვენ ამის შეწყვეტას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ვცდილობთ რაციონალურ შეთანხმებას მივაღწიოთ, რათა მივიღოთ სამართლიანი ანაზღაურება იმ მომსახურებისთვის, რომელსაც ჩვენს საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით ვახორციელებთ მეზობელი ქვეყნისთვის. ამავდროულად, თუ დეფიციტი შეიქმნება და ფაქტია, რომ ეს მოცულობები არის, ასევე მოხდეს ამ მოცულობების შესყიდვა რუსეთიდან, ოღონდ ბუნებრივი აირის ასევე სამართლიანი ფასით.

თქვენ ამბობთ, რომ ამ მოცემულობაში საქართველო იძულებულია ტრანზიტი გაატაროს, ხოლო რუსეთი ვალდებული არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის 10 პროცენტი დაუტოვოს საქართველოს?

ჩვენ არაფერი გვზღუდავს, მოვითხოვოთ 10 პროცენტი, 20 ან 50. უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რამდენად დავითანხმებთ მეორე მხარეს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას ექნება დავის ფორმატი: როგორც ჩვენ მოვითხოვთ კომპენსაციას მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ისე რუსეთი მოითხოვს კომპენსაციას იმ გაზის სანაცვლოდ, რომელიც საქართველოს მიეწოდა უკონტრაქტობის პირობებში. ეს არის დავის ფორმატი, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ორმხრივ ფორმატში ჯერ კიდევ არსებობს რაღაც რესურსები იმისა, რომ მაქსიმალური სარგებლიანობით გამოვიდეთ ამ მოლაპარაკებებიდან.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური შედეგი ამ მოლაპარაკებებში?

მაქსიმალური თანხა და კარგი ფასი იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც საქართველოს ბაზარს სჭირდება.

ნატურით მოწოდებაზე ხელი უკვე ჩაქნეულია?

ნატურით მოწოდებაზე ჩვენ პრინციპული უარი მივიღეთ. რუსეთს თავისი პოზიციები გააჩნია ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხი პირველად არ იყო დაყენებული: ადრე გვქონდა საუბრები, რომ იქნებ პროცენტი შეიცვალოს, იქნებ მოცულობა გაიზარდოს… დღეს უკვე ცალსახად ერთ პოზიციაზეა რუსული მხარე. ამბობს, რომ ის ტრანზიტის მოცულობას ყველგან ფულით ანაზღაურებს, მათ შორის უკრაინაში, ლიტვაში თუ სხვა ქვეყნებში. ანალოგიურ ფორმატში უნდა ჩვენი გადაყვანა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ფინანსური სარგებლიანობის თვალსაზრისით გარკვეული შედეგი დავდოთ. რადგან ეს მოთხოვნაა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. სწორედ ამაზეა საუბარი, თუ რა არის ის სამართლიანი საფასური, რომელიც საქართველოს შეუძლია მოითხოვოს და დაიცვას თავისი პოზიციები.

თუ თანხაზეა ლაპარაკი, ალბათ ამ თანხით საქართველოს მინიმუმ უნდა მოსდიოდეს ის 10 პროცენტი, რომელსაც მანამდე იღებდა რუსეთისგან ტრანზიტის სახით.

უკრაინასაც ძალიან უნდოდა [ტრანზიტის] 10 პროცენტი ჰქონოდა, მაგრამ ვერც უკრაინა ყიდულობს სატრანზიტო მოცულობებით იმ გაზს, რომელიც მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს პროპორციები რამდენად დაცული იქნება, ეს არის მოლაპარაკებების თემა. ჯერჯერობით მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ყველაზე საუკეთესო შედეგი არის ეს. ოღონდ ამ შემთხვევაში გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით დაბალი გამოდის. საკითხავია, რამდენად წამოვა ამაზე რუსული მხარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი