კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის ღია წერილი

4 თებერვალი, 2011 • 1257
არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის ღია წერილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 31 იანვარს  წუხილი გამოთქვა ” Amnesty International ”-ის მიერ 20-24 იანვარს თბილისში დევნილთა გამოსახლების საკითხზე გაკეთებული განცხადების თაობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებას “ცალმხრივი, სუბიექტური და არასამართლიანი” უწოდა. ” Amnesty International ”-ის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციას ანგარიშში დაშვებულ უზუსტობებზე მიუთითა და სწორი ინფორმაციის მიღებაში დახმარება შესთავაზა.

გვსურს, საგანგებოდ აღვნიშნოთ, რომ დევნილთა გამოსახლების დროს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დაშვებულ შეცდომებსა და დევნილთა უფლებების დარღვევებზე განცხადება გაკეთდა არა მხოლოდ ” Amnesty International”-ის მხრიდან.  “ Amnesty International”-ის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, რომლის თანახმად,  ”ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს  გამოსახლების შესახებ დევნილების წინასწარი გაფრთხილება; ყველა იმ პირის დაკმაყოფილება, ვისაც სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე უნდა მიეღო; დამკვირვებელთა სრული და შეუფერხებელი დაშვება; გამოსახლებულთათვის შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებლის სრული შესაბამისობა სტანდარტებთან”, ეთანხმებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც შეძლებისდაგვარად აკვირდებოდნენ დევნილთა გამოსახლების პროცესს.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ თემაზე სახალხო დამცველის მოწოდებაც: “ობიექტებიდან გამოყვანილი არც ერთი დევნილი არ უნდა დარჩეს კუთვნილი საცხოვრებლის/თავშესაფრის, ან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე. დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატივები უნდა იყოს ადეკვატური. მკაცრად იქნას დაცული კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით (სოპ) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი.” სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის გამოსახლებამდე უნდა ეცნობებინა გამოსახლების ზუსტი თარიღები, რადგან პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო.

ჩვენ, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვაწარმოებთ  გამოსახლების პროცესის მონიტორინგსა და დევნილთა სამართლებრივ დახმარებას,  ვუერთდებით ”Amnesty International”-ის და სახალხო დამცველის მოწოდებას ხელისუფლებისადმი,  და  მოვითხოვთ  ყველა სათანადო ღონისძიების გატარებას, რათა მოხდეს:

– გამოსახლების შემთხვევაში დევნილთათვის გამოსახლების ზუსტი თარიღის შეტყობინება;

– გამოსახლების დროს დევნილთა პატივის, ღირსებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრა და დევნილთა უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება;

– შესაბამის დევნილ პირებზე კომპენსაციების დროული გაცემა;

– დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება თვითდასაქმება ან ხელმისაწვდომი იქნება სამუშაო ადგილები; ყველა დევნილის განსახლების ადგილზე სკოლების, საბავშვო ბაღების, ტრანსპორტის, სამედიცინო პუნქტების და სხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

– დევნილთა შესაძლო  გამოსახლების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვება;

– გამოსახლების პროცესის წარმართვა დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

დევნილთა გამოსახლების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის წევრები:

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

აფხაზეთის ქალთა ასოციაცია “საბინები”

“დაეხმარე საკუთარ თავს” – აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაცია

დევნილ დედათა საინიციატივო ჯგუფი

დემოკრატია და კეთილდღეობა

კავკასიის ქალთა ქსელი

კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ფონდი “ტასო”

ცხინვალის სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი