კომენტარი

განმარტება კონკორდატზე საპატრიარქოს განცხადების გამო

20 იანვარი, 2011 • 1732
განმარტება კონკორდატზე საპატრიარქოს განცხადების გამო

2011 წლის 18 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების მშენებლობის (რესტავრაციის) შესახებ საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებას.

გავრცელებული განცხადება რამოდენიმე სამართლებრივ უზუსტობას შეიცავს. აღნიშნული სამართლებრივი უზუსტობები კი საფუძვლად უდევს საპატრიარქოს (ლეგიტიმურ?) მოთხოვნას, თურქეთის მხარესთან წარმოებული მოლაპარაკების დეტალები წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული მათთან.

საპატრიარქოს განცხადებაში (მე–2 აბზაცი) აღნიშნულია, რომ „საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიამონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.“

აღნიშნული აბზაცის შინაარსს (ეკლესია–მონასტრების მესაკუთრეობას) საპატრიარქო სავარაუდოდ ეყრდნობა კონკორდატის მე–7 მუხლის 1 პუნქტს, რომლის თანახმად: „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.“

განსხვავებით განცხადების ტექსტისგან, კონკორდატის ხსენებული მუხლი ეკლესიის საკუთრებაში აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებს და არა ზოგადად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია–მონასტრებს. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან ალოგიკური და კომიკურიც კი იქნებოდა გადაწყვეტილება, ეკლესიის საკუთრებად გამოეცხადებინა ის, რაც მისი საკუთრება არ არის.

ამავდროულად, კონკორდატის პირველი მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად,  „ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობა განისაზღვრება 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლის მდგომარეობით).

შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საკუთრებას არ წარმოადგენს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრები, მიუხედავადი იმისა, ის ქართულ მართლმადიდებელ ტაძარს წარმოადგენს თუ არა. ეს ტაძრები ეკლესიის საკუთრება შეიძლება გახდეს თურქეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს კონკორდატის მე–10 მუხლიდან, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე , საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლაპატრონობისა და საკუთრების თაობაზე“, სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართვა სახელმწიფოს ნება–სურვილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება საპატრიარქოსთან ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე აწარმოოს სხვა სახელმწიფოსთან, ეს მისი უფლებაა.

სხვა საკითხია, რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ან/და აწარმოებდეს მოლაპარაკებას სხვა სახელმწიფოსთან, ნაცვალგების პრინციპით, ეკლესია–მონასტრებისა და მეჩეთების „გაცვლის“ შესახებ. რა თქმა უნდა, თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოში ისურვებს საკუთარი საყდრის აშენებას, მას ამისათვის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები არ უნდა სჭირდებოდეს. ის რომ აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობა უნდათ, თურქეთთან მოლაპარაკების საგანი ნამდვილად არ უნდა გახდეს.

ასეთი ტიპის სახელმწიფო „მოლაპარაკებები“ საქართველოს „სამოქალაქოობას“ აყენებს ზიანს. ასევე მიუღებელია, საქართველო საკუთარი მუსლიმი მოქალაქეებისათვის მეჩეთის ასაშენებლად მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოსთან აწარმოებდეს და ამ საკითხით „ვაჭრობდეს“.

 

ავტორის შესახებ

გიორგი მშვენიერაძე, იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი