კომენტარი

გამადანა, კიბერდანა თუ მექიდანა ?!

19 იანვარი, 2011 • 2362
გამადანა, კიბერდანა თუ მექიდანა ?!

დიდი ხნის ამბავია და  გასახსენებლად  არც ღირს ის, რომ  სტამბოლის ბაზარზე ქართველების მიერ გამეტებული თანამემამულეებით  ვაჭრობდნენ. ამ ისტორიული ფაქტის გახსენება მხოლოდ კითხვის დასასმელად დაგვჭირდა. კითხვა კი ესაა: დღესაც იმეტებენ თანამოქალაქეებს ? დიახ, იმეტებენ   და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინოება ტრეფიკინგია, როცა მავანთ მავანნი განზრახ შეცდომაში შეყავთ.

 ახლა სხვა ტიპის გამეტებაზე უნდა გიამბოთ. ამ გამეტების შეფასება და მისთვის  სახელის დარქმევა, თქვენთვის მომინდვია _ როცა ექიმი იმეტებს პაციენტს და მას უცხოეთში “იქ” აგზავნის სამკურნალოდ, სადაც პაციენტის დიაგნოზს , აპრიორი, ვერ არჩენენ.  ამის არცოდნა ექიმის უვიცობაზე მიუთითებს, ან წინასწარგანზრახულ მოქმედებაა, ან “ფეხებზე მკიდიას” რომ ეძახიან, იმას ჰგავს. 

ვინაიდან, ჩვენი მიზანი დასჯა კი არა, მხილებაა, რათა მომავალში  პაციენტი გაფრთხილდეს და, იქნებ, ექიმიც ყურადღებით იყოს, ჩვენ მოქმედი პირების მხოლოდ ინიციალებს მივუთითებთ, რადგან იურისპრუდენცია ჩვენთვის უცნობი სფეროა და მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც ვიცით, ვწერთ-ხოლმე. 

ისტორია

 პაციენტ დ.კ-ს, რომელსაც ოპერაციიდან ხუთი წლისთავზე თავის ტვინში მენინგიომის რეციდივი დაუფიქსირდა და ხელმეორე ტრადიციული ოპერაცია ნაკლებშედეგიანი ან სულაც, უშედეგო იქნებოდა, შესთავაზეს ალტერნატიული გზა – სტამბოლის აჯიბადემის კლინიკაში, დღეს  მსოფლიოში აპრობირებული, გამადანის ერთჯერადი სხივი, რომელიც მენინგიომას აქრობს. გამადანა ორსაათიანი, ორგანიზმისთვის უვნებელი ოპერაციაა, ექიმისავე თქმით, კოსმონავტიკის სიზუსტესაა მიახლოებული და ასიდან ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი წარმატებით მთავრდება.  ხუთი პროცენტის ამბავი კი არავინ იცის… მკითხველო, მაინც დაიმახსოვრე ამ ხუთი პროცენტის შესახებ.

ექიმი ი.თ.  (ან სამედიცინო ჯგუფი:  ლ.ბ. , ნ.ს. ) , რომელიც  ცნობილ კერძო კლინიკაში მსახურობს, აჩიბადემთან  პროფესიულად დაკონტაქტებული პირია (ასეაო და …) და მან  კლინიკასთან ყველა საშუამავლო პროცედურა თავად იკისრა. სტამბოლიდან მოსული დასტური და საბუთი ოპერაციის ღირებულების შესახებ ექიმმა ი.თ-მ პაციენტის ოჯახს წარუდგინა.  დაიმედებულმა,  რომ  ექიმ   ი.თ-ის (ან სამედიცინო ჯგუფის:  ლ.ბ. , ნ.ს.) სახით სამედიცინო პროცესს თავისი კურატორი ჰყავდა, პაციენტის ოჯახი დაფინანსების მოსაძიებლად გაეშურა.

ფინანსური პროცესი  გაჭინაურდა, რაც ბუნებრივად მისაღები ფაქტი იყო  თუ გავითვალისწინებთ,  რომ ეს დეკემბერ- იანვარში  ხდება : ჯერ წლის ბოლო იყო და მერე _წლის დასაწყისი.  ერთხელაც, ნაწილობრივ დაფინანსებაზე თანახმა მხარემ საბუთებში უზუსტობა აღმოაჩინა – სტამბოლიდან გამოგზავნილი დოკუმენტის თარიღი   პაციენტის მაგნიტურ-რეზონანსული სურათის გადაღების თრიღს  ორი კვირით უსწრებდა და წინასწარმეტყველებას სულაც არ ჰგავდა, უფრო უნებურ შეცდომა ან “აფიორა” ეთქმოდა. ბუნებრივია, რომ ამის აღმომჩენ პირს თუ ორგანიზაციას ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ  აქ ისე არ არის საქმე, როგორც გვაწოდებენო, დაფინანსებისგან თავი შეიკავეს და მთხოვნელს (პაციენტის ოჯახს) დოკუმენტის გადამოწმება ურჩიეს.

ამ  შენიშვნას მალე მოჰყვა ერთი „უმნიშვნელო დეტალიც“:  რატომღაც, შუამავლმა ექიმმა პაციენტის ოჯახი გააგზავნა რადიოლოგთან, რომელმაც  მათ აუხსნა, რომ გამადანა პაციენტის მენინგიომას არ განკურნავდა, რადგან  სურათით იკვეთებოდა და დასკვნაშიც ეწერა, რომ  მენინგიომა ექვსი მეათედი სანტიმეტრით მეტი იყო, ვიდრე გამადანით მკურნალობა ითვალისწინებდა. ყურადღება მიაქციე მკითხველო, რომ ეს ხდება სურათის გადაღებიდან და სტამბოლში შეკითხვის გაგზავნიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, როცა პაციენტი დაიმედებული იმით, რომ სამედიცინო თვალსაზრისით საშველი არსებობს, მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ფიქრობს. რადიოლოგმა პაციენტს ურჩია კიბერდანის პეოცედურა, რომელსაც შეუძლია ამ ზომის მენინგიომა გააქროს.  

შეცდომაა  თუ _ გაზრახვა ?!

პაციენტმა დ.კ-მ თვიდანვე დაწვრილებით შეისწავლა პოპულარული ინფორმაცია, გაეცნო სტამბოლის კლინიკის საიტს და იქ წაიკითხა, რომ ის „ჯოჯო“ თავში სამ სანტიმეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მაშინ იმოქმედებდა გამადანა, მაგრამ პაციენტს სურათის აღწერა დროულად არ წაუკითხავს და თავისი მენინგიომის ზომა თვითონ არ დაუანგარიშებია. მკითხველი შემომედავება, წაეკითხა, მამაცხონებულს, და მიუთითებდა ექიმსო. პაციენტს ეგონა, რომ ექიმმა ყველაფერი იცოდა, ან თითქმის ყველაფერი და მას ენდობოდა –ის ხომ ექიმი იყო.

საინტერესო ვერსიების მოფიქრება შეიძლება, მაგალითად, რომ ექიმ ი.თ-ს სტამბოლში პაციენტის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული პეიზაჟი არ გაუგზავნია, მაშინ ის მხარე მაინც შეამჩნევდა, რომ მათი საქმე არ იყო; ან ეჭვიანად კორპორაციულ, ორმხრივ აფერისტებზეც შეიძლება ვიფიქროთ; ან ,მარტივად არაპროფესიონალიზმის დიაგნოზი დავსვათ და სხვა. 

რას გადაურჩა პაციენტი ?!

საერთოდ, არც ზოგადად და  არც  კონკრეტულად , იმის გარანტია, რომ პაციენტი რეციდივის დაფიქსირებიდან ორ თვეს დადებით დინამიკაში გაატანდა, არ შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა –ეს მაინც თავია და საქმის თავი და თავიც ესაა;  იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დაფინანსდებოდა  და სტამბოლს თავისი ნებით წავიდოდა, მაშინ, ან  ფული აღმოჩნდებოდა  წყალში გადაყრილი და ისინი ალალად ეტყოდნენ, თქვენი ექიმი ალაოდ ხომ არ არის ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთი, ან  მაინც გააკეთებდნენ და პაციენტი, ალალად აღმოჩნდებოდა იმ ხუთ პროცენტში, რომელზეც ზევით მოგახსენეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი