კომენტარი

“ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ბერკეტად გამოიყენებ და მერე დალუქავ”

17 იანვარი, 2011 • 1198
“ირანი არ არის  ის ქვეყანა, რომელსაც ბერკეტად გამოიყენებ და მერე დალუქავ”

მსოფლიო პრესა წერდა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, გაწირა, საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტების ახლანდელი და სამიტის მიმდინარეობისას შემდგარი შეხვედრა ცვლის თუ არა რეალობას, რომელიც ასე ჩანდა, გარკვეული ანალიტიკოსების თვალსაზრისით?

საუბარი ობამას ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს გაწირვაზე იყო ყველგან, სადაც გადატვირთვის პოლიტიკა ფასდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი “რესპუბლიკელებმა”  გააკეთეს. მათ  უსაყვედურეს კიდეც ობამას ადმინისტრაციას, რომ მან პარტნიორები რუსეთის გამო გაწირა, მათ შორის – საქართველო,  რასაც მოყვა ის, რომ ობამას ადამინისტრაციამ სცადა ამ ვერსიის გადაფარვა ჰილარი კლინტონისა  და სხვა ოფიციალური პირების საქართველოში ჩამოსვლით.

ბოლო შეხვედრა ობამასთან მე მიჩენს ვარაუდს, რომ ეს არის ამ საკითხზე პასუხი, წირავს თუ არა პარტნიორებს ამერიკა.

უფრო “რესპუბლიკელებთან” დისკუსიისთვის იდგმება ეს ნაბიჯები, ვიდრე ის, რომ თითოეულ ამ შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს, იმიტომ, რომ გარდა ტრაფარეტის განმეორებისა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და მადლობელია ავღანეთში დახმარებისთის, ამ შეხვედრებზე სხვა არაფერი ხდება. და რადგან ტრაფარეტულია, ე.ი. მნიშვნელოვანი შეხვედრაა და არა ის, თუ რა ითქმევა ამ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ისევ ყურადღებით ეპრყობა საქართელოს და მას მეგობრები არ დაუვიწყებია.

იყო თუ არა რეალური საშიშროება, რომ ამერიკას დაეკარგა ინტერესი საქართველოს მიმართ? გასულ წელს პრეზიდენტი რამდენჯერმე ჩავიდა ამერიკაში, თუმცა მას ობამა ნოემბრამდე არ შეხვედრია.

ნოემბრის წინა პერიოდში იყო,  ეს თემა რომ გამწვავდა ამერიკაში, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა შიდა მდგომარეობის გამოწვევის გამო იყო და არა ის, რომ ამერიკას ცალკე საქმე გაუჩნდა საქართველოსთან.

ანუ საქართელო ამერიკაში პოლიტიკური დებატების თემაა?

შიდაპოლიტიკური დებატები არის იმდენად, რამდენადაც საქართველოსთან დამოკიდებულება ტესტია რუსეთთან დამოკიდებულებაში. რადგან „რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ რუსეთის მიმართ დამთმობი არ უნდა იყოს ამერიკა, დათმობის ერთ–ერთი თემა არის საქართველო. ისინი ფიქრობენ, რომ არ უნდა დათმო რუსეთის ყოფნა საქართველოში ისე, როგორც ის არის ახლა და ამის გამო გამუდმებით უნდა მოახდინო რუსეთზე ზეწოლა.

რომ არა რესპუბლიკელები, დემოკრატები ამ კუთხით თმობდნენ საქართველოს?

ორი ტიპის ტაქტიკაა, მიზანი შეიძლება იგივე დატოვო. შეიძლება ძალა იხმარო იმისთვის, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთს კლანჭებიდან გამოართვას და შეიძლება- ხერხი.

ხერხის ხმარება კი რაში გამოიხატება: აუსრულო რუსეთს რაღაც სურვილები, იყო მის მიმართ დამთმობი და ამ ფერება–ფერებაში გამოართვა საქართველო.

რამდენად რეალისტურია აღნიშნული ტაქტიკა?

განხორციელებადი არის. მეჩვენება, რომ ერთ–ერთი ამის ნიშანი რუსეთის მიერ პერევის დათმობა იყო. სწორედ იმ დათმობის ფონზე, რაც გადატვირთვის პოლიტიკამ მოიტანა. ანუ რუსეთმა ამერიკისგან გარკვეული დათმობები მიიღო და ამიტომ საქართველოსთან მიმართებაში დათბა.

ჩემი პირადი მოსაზრების გარდა, უფრო თამამად ამ ვერსიას იმიტომ ვემხრობი, რომ ზბიგნევ ბზეჟინსკის აქვს ნათქვამი, რომლის ავტორიტეტს ეჭვქვეშ არავინ ვაყენებთ. ის ამბობს, რომ რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა რუსეთ–ამერიკას შორის, მით უფრო დაძაბული იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა და პირიქით.

ფაქტიურად, ამ ფორმულით იგი გადატვირთვის პოლიტიკას ამართლებდა. ბზეჟინსკის ვერ დააბრალებ პრორუსულობას, უბრალოდ, რუსეთთან ურთიერთობის ტაქტიკაზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ბზეჟინსკიც არ ამბობს, რომ დათმეთ საქართველო, ის ამბობს, რომ საქართველოს  თემის მოგება შესაძლებელია უფრო  რბილი და  დათმობის პოლიტიკით იყოს ადვილი.

„რესპუბლიკელების“ დაპირისპირების პოლიტიკის შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს იყო 2008 წლის ომი, იმდენად გამწვავდა ამერიკის ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის ურთიერთობა და იმდენად პიკში ავიდა არდათმობის პოლიტიკა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა,  ამერიკის მეგობარი ქვეყნისთვის  დაერტყა და ეჩვენებინა ამერიკისთვის, რომ ის უძლურია თავისი მეგობარი დაიცვას.

რამდენად ჰარმონიულია ამერიკის ადმინსტრაციისა  და საქართველოს ხელისფლების  დამოკიდებულებები რუსეთთან?

ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა გადატვირთვის პოლიტიკაა და არც მისი პარტნიორების პოლიტიკა უნდა იყოს კონფრონტაციაზე აწყობილი, წესით. საქართველოც მიდის იმ დასკვანამდე, რომ ამ პირობებში  სამშვიდობო პოლიტიკა მისთვის ერთადერთი რეალური პოლიტიკაა.

მე ვერ ვიტყვი, თუ რა დასკვანამდე მივა საქართველო, თუ ამერიკის ადმინისტრაციის სათავეში „რესპუბლიკელები“ მოვლენ.

ამ შემთხვევაში შეიძლება საქართველომ დაასკვნას, რომ ვისაც ჩემი ღონიერი მეგობარი დაეჭიდება, მეც იმას დავეჭიდებიო.

ანუ  გამოდის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკასთან ჰარმონიაშია?

ქართული პოლიტიკა კარგად რომ იყოს ჩამჯდარი ამერიკულ პოლიტიკაში, კარგი იქნებოდა. აგვისტოს ომამდე ამერიკის ადმინისტრაცია აფრთხილებდა საქართველოს, არ ჩაბმულიყო რუსეთთან ომში, მაგრამ ასე არ მოხდა.  

საქართველო პატარა ქვეყანაა, მას რუსეთთან მწვავე პრობლემები აქვს და ამ პრობლემების გადაწყვეტა სხვა დიდი ქვეყნების დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება, ანუ საქართველოს მათი ქმედებების უგულვებელყოფის პრაქტიკული შესაძლებელობა უკვე აღარ აქვს,  უნდა გაუწიოს ანგარიში.

რუსეთის და ამერიკის გარდა, კიდევ ერთი ქვეყანა შემოვიდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ეს არის ირანი, იყო თუ არა ეს გარკვეული მინიშნება ამერიკისთვის?

 

ეს იყო მინიშნება ამერიკისთვის, რომ საქართველო დამოკიდებულია დიდ ამერიკაზე და რომ ამერიკა არ არის უალტერნატივო, პარტნიორების თვალსაზრისით. სწორედ ამ ნაბიჯის შემდეგ ჩამოვიდა კლინტონი საქართველოში.

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯი უშედეგო იყო, უბრალოდ, არ ვიცი, ეს რამდენად შორს გათვლილი ნაბიჯი იყო.

ირანი არ არის  ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება ბერკეტად გამოიყენო და მერე დალუქო.

ეს პროცესი როგორ შეიძლება განვითარდეს? საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არ გამოიყენებს ძალას, ირანთან უვიზო რეჟიმი დაიწყება, ამავდროულად, პრეზიდენტი ბარაკ ობამას შეხვდა …

მე მეჩვენება, რომ ირანთან წამოწყებული კამპანია საქართველოს აიძულებს შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, შემდეგი ნაბიჯი რასაც გულისხმობს, იქ არის თუ არა გათვლილი, რას მოიტანს უვიზო რეჟიმი, არ ვარ დარწმუნებული. იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი ქვეყანასთან, რომელიც ეკონომიკურად ძალიან ძლიერია შენთან შედარებით, რომელსაც უპრეცედენტოდ იაფი ენერგეტიკა აქვს და კერძო ბიზნესი მასთან დოტაციურია, ენერგეტიკულ ხარჯებს სახელმწიფო იღებს თავის თავზე, ირანს ჭარბი წარმოება აქვს და ჭირდება ბაზარი, და ასეთ ბაზარი შენ რომ გახდები, ერთი ციცქნა ქვეყანა, იგი წაგლეკავს. რაც შემოვა სხვა ქვეყნებიდან, თან ძალიან იაფად, ძალაუნებურად, იმ სფეროების ატროფიას გამოიწვევს, რომლის ნიშასაც ეს პროდუქცია დაიკავებს. ეს გათვლილი აქვს თუ არა სახელმწიფოს, არ ვიცი.

გარდა ეკონომიკური ჭრილისა, პოლიტიკურ ჭრილში უვიზო მიმოსვლა რას შეცვლის.

უვიზო მიმოსვლა ინტენსიური ურთიერთობების სიმბოლოა. პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება შეცვალოს ერთი რამ, პარტნიორები გარკვეული უნდობლობით მოგეკიდონ. თუ ეს ნაბიჯი არ იყო შეთანხმებული პარტნიორებთან.

ერთი აგვისტოს ომიც არის იმის მანიშნებელი, რომ შეიძლება არ იყო სანდო პარტნიორი, ახლა მეორე, ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებთან ურთიერთობასაც დასავლეთი თავს არიდებს.

ასეთი ნაბიჯი გულისხმობს, რომ შენში ეჭვი შეეპაროთ. ეს ეჭვი შეიძლება სასარგებლოც იყოს, რადგან, როცა თვლიან, რომ მისი ხარ, ყურადღებას ნაკლებად გაქცევენ.

ობამასააკაშვილის შეხვედრა, თქვენი აზრით, ყურადღების დამსახურება იყო?

გამორიცხული არ არის, რომ ყურადღება ამით დავიმსახურეთ, მაგრამ ეს უფრო დაძაბული და რთული პოლიტიკური თამაშია და უფრო მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს.

ამდენ ფლანგზე ერთად ბრძოლას რა პერსპექეტივები აქვს – ამერიკა , ირანი, ევროპა – მაშინ, როცა ის აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამავდროულად, მისტრალზე ვაჭრობს რუსეთთან.

საფრანგეთის მისტრალიც კარგი მაგალითია იმისა, რომ დემოკრატიის და მშვიდობის იდეებით იშვიათად ხელმძღვანელობენ ქვეყნები, როცა ფული ჩანს. მეორეს მხრივ, რთულია სამყარო და საქართველოსაც ამ სირთულეში უწევს ჩართვა.

გულდამშვიდებული არ ვართ ექსპერტები, რადგან ჩვენ არც ერთ სფეროში არ გვიდევს მეტნაკლებად გამართული სტრატეგიული დოკუმენტი. საით მიგვაყვს უშიშროება, საით მიგვაყვს ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და ა.შ.

მინიშნების დონეზეც არ ვიცით, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ, როცა სტრატეგია არ გაქვს  და სიტუაციურად მოქმედებ, შეიძლება მიზნამდე ვერ მიაღწიო.

მაგალითად, გაზსადენის გაყიდვა, იმიტომ, რომ მთელი გეოპოლიტიკური ფუნქცია ამ გაზსადენით შევიძინეთ და ახლა ამ ფუნქციას ვყიდით. ქვეყანამ თავისი ფუნქცია თუ გაყიდა, ეს თვითმკვლელობაა.

იმ ნაბიჯებით, რომლებიც ხელისუფლებამ გადადგა გასული წლის მანძილზე, რა შეგვიძლია ვთქვათ, რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, სად მიდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები?

ხელისუფლებას კარგად ყოფნა უნდა.

კარგად ყოფნა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ამ შემთხვევაში თქვენ მატერიალურ კარგად ყოფნას გულისხმობთ?

უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს პოპულარული თემაა, როგორც შიდა, ასევე საგარეო ურთიერთობაში.

ის, რომ საქართველოს აქვს პოლიტიკა – მიჭირს და დამეხმარეთ. ეს არის  პოლიტიკა და არა ის, რომ ვიყო იმდენად გაძლიერებული, რომ სხვებს დავეხმარო, ეს არის პრობლემა, ანუ, როცა სისუსტე სტრატეგიული მიზანი ხდება, რაც უფრო უსუსური ვარ, მით უფრო მეხმარებით, ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ დავდგებით ფეხზე ისე, რომ იქით დავეხმაროთ სხვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი