გადადგა თუ გადააყენეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რა გავიგეთ მისი განცხადებიდან? – ნეტგაზეთის შეკითხვებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია პასუხობს.
რამდენად დამაჯერებელი იყო პრემიერის განცხადება და თუ მოისმინეთ მისგან რეალური მიზეზი, რის გამოც პოსტი დატოვა?
მიზეზი ვერ მოვისმინე. მისი განცხადებიდან გამომდინარე, ნათელი არაფერი ყოფილა. პირველად თავის სამადლობელ სიტყვაში ღარიბაშვილმა არ მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩემი აზრით, რაღაცნაირად მიუთითებს იმაზე, რომ ის უკმაყოფილოა და ეს [გადადგომა] მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. მას რეალურად არაფრის შეცვლა არ შეეძლო ამ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ღარიბაშვილი] 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრია, ის ეროვნულ პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, თუნდაც კოალიციის შიგნით მას ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ძალიან გაუჭირდებოდა. ასე რომ, ეს შედეგი მეტნაკლებად პროგნოზირებადი იყო.
ღარიბაშვილს მადლობა არ გადაუხდია, თუმცა ივანიშვილის როლს ახსენებდა კოალიციის გამარჯვების კონტექსტში, ასევე გამოყო ის ფაქტი, რომ ივანიშვილი მაშინ წავიდა, როცა ზენიტში იყო რეიტინგის თვალსაზრისით…
ღარიბაშვილი მაინცდამაინც კმაყოფილი არ ჩანდა ამ გადაწყვეტილებით. ის ახალგაზრდა ადამიანია, ამბიციები აწუხებს, ბუნებრივია, პირადად შეიძლება სულ სხვა აზრი ჰქონდეს საკუთარ და გუნდის შესაძლებლობებზე…
ამ მოვლენებმა უფრო გააღრმავა არაფორმლაური მმართველობის დამადასტურებელი ეჭვები?
რა თქმა უნდა, უკვე არა ეჭვებით, არამედ მაგალითებით დასტურდება, რომ არსებობს ადამიანი პოლიტიკურ ველს და სახელისუფლებო სტრუქტურების მიღმა, რომელიც მართავს. ის არ მალავს და ამბობს, რომ არჩევნების დროს მხარს დაუჭერს მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას, თუმცა პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ის ფორმალურად პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ რეალურად წყვეტს საკითხებს. სხვა ალტერნატიული ლიდერი, რომელსაც გადამწყვეტი ზომების მიღება შეუძლია, “ქართულ ოცნებაში” არ არსებობს.
რაც შეეხება ღარიბაშვილის თანაგუნდელებს პარლამენტში, რამდენად ადეკვატური იყო ის ყველაფერი, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი. თუ აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის თანაგუნდელების რეაქციას, საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი აცხადებდა, რომ საქმის კურსში არ იყო, აპირებდა თუ არა ღარიბაშვილი გადადგომას. ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ- იმდენი ვიცით, რამდენიც თქვენო. რამდენად არის ეს ყველაფერი ადეკვატური პოლიტიკაში?
ცხადია, ნორმალური არ არის და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რის გამოც საზოგადოება არაერთხელ გამოთქვამს წუხილს, რომ არაფორმალური მმართველობის შედეგად პოლიტიკური ინსტიტუტების როლი დაკნინდა. პარლამენტი, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს, ფაქტობრივად, თავის როლს ვერ ასრულებს და ის “ქართული ოცნების” კულუარული თუ არაკულუარული ლიდერების გამხმოვანაბელი გახდა. გარედან როგორც ჩანს, იქაც არსებობს პატარა ელიტური ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ამ ვიწრო წრეში ეს გადაწყვეტილება იცოდნენ. მე ვფიქრობ, სხვებმაც იცოდნენ მეტნაკლებად, უბრალოდ, თარიღში არ იყვნენ დარწმუნებული.
მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც საარჩევნო თემეტიკას უკავშირდება. აქ იმიჯის აღდგენის მცდელობაა. ახალი ლიდერის გამოჩენით ცდილობენ იმიტაციას, რომ ახალი გუნდი მოდის, ახალი ხედვებით და უფრო დიდი შანსია, რომ მიიმხრონ მოსახლოების ის ნაწილი, რომელიც გულაცრუებულია “ქართულ ოცნებაზე”, ისევე როგორც ენმ-ზე. სხვანაირად ისინი უმრავლესობაში ვერ მოვლენ.
როგორ უყურებთ კვირიკაშვილის პერსპექტივებს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე? თუ საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის არაფორმალური სისტემა არსებობს, ალბათ ყველას უნდა გაუჭირდეს ასეთ პირობებში მუშაობა.
კვირიკაშვილს ღარიბაშვილთან შედარებით შეიძლება რამდენიმე პლუსი ჰქონდეს: ისეთი ხისტი არ არის სამოქალაქო საზოაგდოებასთან, ჟურნალისტებთან მიმართებაში. უხეში რიტორიკა არ ახასიათებს. მას შეუძლია იყოს ტექნოკრატი ლიდერი, მაგრამ გაუჭირდება გახდეს საერთო ეროვნული პოლიტიკური ლიდერი, გამომდინარე იქიდან, რომ არაფორმალური ლიდერი უკვე არსებობს. ჩვენი პარტიული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ეგუება რამდენიმე ლიდერს ერთ სივრცეში. ამიტომ [ახალი პრემიერიც] ჩარჩოებში იქნება მოქცეული, რაც მას ხელს შეუშლის იმაში, რომ დამოუკიდებელ ლიდერად ჩამოყალიბდეს. ისიც ერთგული დარჩება იმ კურსისა, რომელსაც აქამდე ატარებდა ღარიბაშვილი. ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს ის, რომ იგი უფრო რბილად იმოქმედებს და ხისტი პოზიციებიდან არ ისაუბრებს საზოაგდეობასთან.