კომენტარი

ყველაფერი ნებადართულია

10 იანვარი, 2011 • 1289
ყველაფერი ნებადართულია

ვანო მერაბიშვილმა ახალი პოლიციის ჰიმნი გადაიღო. რთულია აღწერო, თუ რაოდენ დიდ სევდას და მწუხარებას გგვრის იგი. ამასთან, აღმიშნულ გამწყობას ამძაფრებს იმის მკაფიო განცდაც, რომ ეს არაა დასასრული, რომ ამაზე უფრო მძლავრი მარაზმიცაა შესაძლებელი ვიხილოთ ეკრანზე.

მე იმ ჰიმნზე  ვსაუბრობ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ. პატრულის, სპეცრაზმელის, მეზღვაურისა თუ მესაზღვრის ტანსაცმელში გამოწყობილი პატარები პოლიციას უმღერიან. საქმიანად დააბიჯებენ შსს–ს შუშის ოფისში, სხდებიან ჯიპებში და იარაღმომარჯვებულნი გადიან საბრძოლო დავალებაზე, ათვალიერებენ დანაშაულის ადგილს, სადაც საბრალო კურდღელია მოკლული. უყურებ ამ კადრებს და ხვდები, რომ შენ წინაშე ვანო მერაბიშვილის სოცნებო საქართველოა. ქვეყანა, სადაც უკლებლივ ყველა: ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ბავშვი პოლიციელია. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქეს უკეთია სამხრეები. ბალერინა სცენაზე კაპიტნის სამხრეებით ცეკვავს, ექიმს ტაბელური იარაღი აქვს წელზე შემორტყმული,  აკვანში მწოლიარე ჩვილიც კი უკვე რიგითი პატრულის ფორმაშია გამოწყობილი. ნუ მოგეჩვენებათ ეს ნათქვამი უტრირებულად. სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამ უახლოეს მომავალში გადაიღონ. მუხრუჭები ხომ აღარ არსებობს. ჩვენს ხელისუფალთ აქვთ მკაფიო განცდა იმისა, რომ ყველაფერია ნებადართული.

მიშამ გაუძლო უმძლავრეს სახალხო პროტეტს, მას შერჩა უამრავი დანაშაული, იგი რუსეთთან ომიდანაც კი უვნებელი გამოძვრა. მაშ, რა საფრთხე უნდა ემუქრებოდეს სააკაშვილს?! არანაირი. რატომ არ უნდა გადაიღოს და ეთერში გაუშვას ის, რასაც მოისურვებს? რაც მისი და ვანოს მდარე გემოვნების საუკეთესო ნიმუში იქნება? რატომ არ უნდა გაერთოს, გვეხუმროს, დაგვცინოს? რატომ არ უნდა მოაწყოს წინასაახლწლო კონცერტზე უხამსობის ზეიმი? რატომაც არ უნდა გაასაღოს ერთი უნიჭო გოგონა, სოფო ნიჟარაძე “მსოფლიო დონის” ვარსკვალავად? რატომ არ უნდა ვეგონოთ მუნჯი, ყრუ და ბრმა მცენარეული წარმონაქმნები, რომელთაც ყველაფერს შეტენი, რომელთაც არ ექნებათ ასეთ მარაზმზე პროტესტის გრძნობა?!

მასობრივ ხელოვნებასთან ე.წ კიჩთან უშუალო შეხება მაქვს. ალბათ, ამიტომ ჩემთვის გაცილებით უფრო მტკივნეულია ამ სფეროში გამეფებული განუკითხაობა. ადრე, ვარდების რევოლუციამდე, იმ “ბნელ” დროს, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით, რომ ჩვენი ხელიდან გამოსული ნაკეთობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოწოდებოდა. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ წინსვლა, პროგრესი, ხალხის გემოვნების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შენი შემოქმედება მოსწონთ მასებს.

შესაბამისად, ჩვენ ვცდილობდით გადაგვეწყვიტა ურთულესი ამოცანა: გვქონოდა ნოვაცია, მაგრამ ისეთი, რომელიც ხალხში არ გამოიწვევდა გაღიზიანებას. ჩვენ ხშირად ვიხმობდით შინაგან ცენზორს. ზოგჯერ აღფრთოვანებულიც კი ვიყავით საკუთარი ნახელავით, მაგრამ შემდეგ მივიჩნევდით, რომ ხალხს ეს არ მოეწონებოდა და თავს ვანებებდით აღნიშნული იდეის განხორციელებას. დღეს კი საქართველოში თითქმის აღარაა მიშას და ვანოს კონტროლისგან თავისუფალი სივრცე. საუბედუროდ ამდენმა წარმატებებმა (ხიფათს სასწაულებრივად რომ გადაურჩნენ, იმას ვგულისხნობ) მათი შინაგანი ცენზორი მოკლა. ყველაფერია ნებადართული (ხომ გახსოვთ დოსტოევსკის ფრაზა– “თუ ღმერთი არაა – ყველაფერია ნებადართული”). ჩვენც აღმოვჩნდით ვიზუალურ–ვირტუალური ძალადობის მორევში. ამ ძალადობის განხორციელებას რესურსი სჭირდება (ინტელექტუალურ რესურსს ვგულისხმობ). დაკვეთა იმდენად მდარე და უგემოვნო პროდუქტზეა, რომ აღნიშნული დაკვეთის განმხორცილებელი მალე ირყვნება და იფიტება. უხეში მოპყრობა აჭკნობს ტალანტს, საროსკიპოში დატოვებული ქალივით ახუნებს მას. ამიტომ მუდმივად ახალი ხორცია საჭირო. ასე დაემართათ “მგზავრებს”, რომელთა მარტივი და გულწრფელი ტექსტები  და შესრულების მანერა  გარკვეულწილად მომხიბლავი იყო.

პოლიციისადმი მიძღვნილი ჰიმნის შემდეგ სიალალე და შემოქმედებითი ქალწულობა დაიკარგა. მათი ნაივი სრულიად კონკრეტულ მიზანს – ძალოვანი სტრუქტურის ხოტბას მოხმარდა (ამასთან მოხმარდა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). არა მგონია, აღნიშნული აქტით “ხელოვანები” კმაყოფილნი დარჩენილიყვნენ. არც რეჟიმია დაკმაყოფილებული. როგორც უკვე ვთქვი, მას მუდმივად სურს ახალი მსხვერპლი. გუშინ  იყვნენ “მგზავრები”, დღეს ბავშვები არიან. რა იქნება ხვალ? არავინ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი