კომენტარი

ამბავი ჩემი ტყვეობისა, ანუ პირველი ლედი და რიგითი მოკვდავები

26 დეკემბერი, 2010 • 1725
ამბავი ჩემი ტყვეობისა, ანუ პირველი ლედი და რიგითი მოკვდავები

   ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ცოტა ხნის შემდეგ ალბათ სასაცილოდ მომეჩვენება. თუმცა ჯერჯერობით იუმორით ვერ ვუყურებ.

 მოკლედ, დაახლოებით თვენახევრის წინ გადავწყვიტე, დანაშაული, რომელსაც ჩემი ჯანმრთელობის მიმართ უკვე მრავალი წელია ყოველდღიურად ვჩადივარ, ცოტა გამოვისყიდო. შევიძინე აბონემენტი კლინიკა მედის ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც ტრენაჟორებისა და ფიტნესდარბაზის გარდა პატარა აუზი, ჯაკუზი, წყლის მასაჟორები და საუნაა. არჩევანი ამ ცენტრზე ერთადერთი რამის გამო შევაჩერე : სრული სიწყნარე, არანაირი „მარიაჟობა“, ძალიან ცოტა ხალხი. დღემდე  მხოლოდ ამ ცენტრის აუზით და აკვა სიკეთეებით ვსარგებლობდი, თუმცა უახლოეს მომავალში ტრენაჟორების დაპყრობასაც ვგეგმავდი. მაგრამ ჩემი სპორტული მოღვაწეობა, ყოველ შემთხვევაში ამ ცენტრში, დღეს დასრულდა.

ოთხშაბათს ვარჯიშზე მისულ მე და ჩემს მეგობარს გვთხოვეს მამაკაცების გასახდელით გვესარგებლა, რადგან ცენტრში პირველ ლედის ელოდნენ. ამ ამბავს იუმორით შევხედეთ და მორჩილად გადავინაცვლეთ მამაკაცების გასახდელში, მითუმეტეს, რომ იმ მომენტში მამრობითი სქესის იქ არავინ იყო.

დღეს დილით ჩემს ტრენერს, რომლის მომსახურება აბონემენტის ღირებულებაში  შედის, დავურეკე და მისვლის დროზე შევუთანხმდი. იქ მისულმა კი შევიტყვე, რომ ტრენაჟორების დარბაზში წუთი–წუთზე პირველ ლედის ელოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ამ ამბისთვის არც დღეს მიმიქცევია და გასახდელის გავლით აუზში ჩავედი. ტრენერმა, რომლის მომსახურება ნაყიდი მაქვს და რომელმაც ყოველ ვიზიტზე დაახლოებით ნახევარი საათი მაინც უნდა დამითმოს, მომიბოდიშა, რომ დღეს  ჩემთვის არ ეცალა, რადგან პირველ ლედის ელოდა. არც ამ ამბისთვის მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება და ვეცადე დამოუკიდებლად გამეკეთებინა ის, რასაც აქამდე ტრენერის დახმარებით ვაკეთებდი. საათნახევარი გავატარე აუზში, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთ საათში უკვე წასვლა მინდოდა – საქმეც მქონდა და თან დავიღალე. თუმცა მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა დაცვით გარშემორტყმულ გასახდელში გასვლა და იმ დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩენა, რაც პირველი ლედის ვიზიტმა გამოიწვია. ამიტომ აუზში ყოფნა მაქსიმალურად გავაჭიანურე, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ წასვლა მონდომების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა. ეს მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა უკვე კარგა ხნის მოსულმა და დაღლილმა აუზის ერთ–ერთმა სტუმარმა ზევით ასვლა გადაწყვიტა. გაირკვა, რომ აუზიდან გასასვლელი ყველა კარი ჩარაზული იყო. საშუალო ასაკის მამაკაცი მორჩილად მობრუნდა უკან და შეეცადა კვლავ აუზში გაეყვანა დრო. ტრენერმა კი რამდენჯერმე შემოგვირბინა და მოგვახსენა, ზევით ასვლაზე არც გვეფიქრა. თავიდან ეს ამბავი ნახევრად ხუმრობით და მსუბუქად გავაპროტესტე და ცურვა განვაგრძე, თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ამბავი ხუმრობაზე მეტს იმსახურებდა.

–        კი მაგრამ, როდემდე უნდა ვიყოთ აქ ჩაკეტილები?

–        რა ვქნა ნინო, ჩემი ბრალი ხომ არ არის? ხომ უნდა გაიგო როგორი სიტუაციაა?

–        რა უნდა გავიგო? წასვლა მინდა უკვე  დიდი ხანია და ვერ მივდივარ.

–        კი მაგრამ, ცოტა კიდევ რომ იცურავო, რა მოხდება? სხვა დროს ამაზე დიდხანსაც ხომ ხართ ხოლმე.

–        აღარ მინდა ცურვა, თან მეჩქარება, საქმე მაქვს. თან არ მომწონს, როცა ჩაკეტილი ვარ აუზში ვიღაცის გამო.

–        კარგი რა ნინო, მართლა „ვიღაც“ ხომ არ არის? რას მიკეთებ? შენს გამო უნდა მომხსნან სამსახურიდან?

აქ კი ტრენერმა, რომელთანაც დღემდე ნორმალური ურთიერთობა მქონდა, ისე შემომხედა, როგორც ნამდვილ ინტრიგანს, რომელმაც იმდენი იკადრა, რომ მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ რაც მთავარია, მან გულწრფელად ვერ გაიგო, რა პრობლემა იყო, ასეთი საპატივცემულო სტუმრის გამო ცოტა ხანს ჩაკეტილებს რომ გაგვეძლო. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამ ქალბატონის მიმართ თანაგრძნობამ მაიძულა მანამდე დაახლოებით ნახევარი საათი აუზიდან ამოსულს წინ–და უკან მევლო კარის გაღების მოლოდინში, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ტონში აგრესია გაჩნდა, ეს თანაგრძნობაც გამიქრა. ტრენერმა ისევ ზევით აირბინა, ჩვენ კი, იძულებითი ჭყუმპალაობისთვის განწირული ოთხი  ზრდასრული ადამიანი და ორი ბავშვი დროის გაყვანას ვცდილობდით. მოთმინება მას შემდეგ ამომეწურა, რაც აღმოვაჩინე, რომ უკვე ორმოცდახუთი წუთი იყო  წასვლა მინდოდა და ვერ მივდიოდი,მომცრო ზომის აუზის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე  მრავალჯერ გავედ–გამოვედი უკვე არა ცურვით, არამედ სიარულით. ამ სიარულ–სიარულში რა აღარ გამახსენდა – ადამიანის უფლებები, ბევრი რამ, რაც  სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ  გამიგონია და მიფიქრია, ლიბერალიზმი, ტოტალიტარიზმი, კონფორმიზმი….

–        ალბათ სანდრამ არ იცის, გადასარევი ქალია, ალბათ დაცვის გაკეთებულია ეს ამბავი. – სიტყვა შემომაშველა საშუალო ასაკის მამაკაცმა, რომელსაც პირველი ლედის მიმართ აშკარა  და დაუფარავი სიმპატიის მიუხედავად  ნელ–ნელა  ჩემი შფოთი გადაედო და მგონი იძულებითი სეანსის დასრულებამდე კეთილი დედოფლის მითი ნელ–ნელა დაემსხვრა კიდევაც. მე კი, როგორც ნამდვილმა ინტრიგანმა ხმამაღლა გავაკეთე იმის დეკლარირება, რომ ნაკლებად მაინტერესებდა, იცოდა თუ არა სანდრამ, რომ მისი ვარჯიში რამდენიმე ადამიანის იძულებითი თავისუფლების აღკვეთის ფონზე მიმდინარეობდა და ეს ჩემთვის საქმის არსს არ ცვლიდა. მართლაც,  იმ მომენტში ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს გარდა, პრაქტიკულად ყველა– ტრენერიდან დაწყებული, აუზის სტუმრებით დამთავრებული უსიამოვნო, თუმცა ჩვეულებრივ და დასაშვებ ამბად თვლიდა ამ ტყვეობას.

დაახლოებით ერთსაათიანი ტყვეობის მანძილზე  ისიც გამახსენდა, რომ პრეზიდენტის ოჯახი მრავალ მილიონად ღირებულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც ჩემი ქვეყნის ბიუჯეტიდან აშენდა და სადაც ტრენაჟორებიც არის და სხვა მრავალი სიკეთეც.  რატომ გადაწყვიტა პირველმა ლედიმ სავარჯიშოდ ერთ პატარა დაწესებულებაში იაროს, სადაც სულ რამდენიმე ტრენაჟორია. პირველი ლედის თაყვანისმცემლები ალბათ მეტყვიან, რომ ის ძალიან თავმდაბალია, უბრალოა, უშუალოა,  კეთილშობილია, ხალხში გადის, როგორც ერთი რიგითი, ერთ–ერთი ჩვენგანი.  ქალბატონ სანდრასაც, ალბათ რიგით მოკვდავთათვის განკუთვნილ ტრენაჟორებზე ვარჯიშისას ერთხელ მაინც გაჰკრა გულში თვითკმაყოფილებამ და სიამაყემ საკუთარი სიქველის და თავმდაბლობის გამო. ალბათ ვერც შეამჩნია, რომ  იმ ხნის მანძილზე, სანამ ის ვარჯიშობდა, დარბაზში ბუზსაც არ გაუფრენია. თუმცა, შესაძლოა მთლად ასეც არ იყო, შესაძლოა გაიგო კიდევაც ჩემი ხმაურიანი პრეტენზიები, რაც ერთსაათიანი ტყვეობის შემდეგ მოთმინებაგამოლეულმა, საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა, პირსახოცშემოხვეულმა და თმაგაწეწილმა მისი უდიდებულესობის დაცვას წავუყენე. დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ.

 მოკლედ, მას შემდეგ, რაც პირველმა ლედიმ ტერიტორია დატოვა, გასახდელში შესვლის უფლება მოგვცეს. კლინიკა მედის პერსონალი მიყურებდა როგორც არანორმალურ ინტრიგანს, რომელმაც წარმოუდგენელი რამ იკადრა.   მოვითხოვე, უკან დაებრუნებინათ თავისი აბონემენტი, ჩემთვის კი გადახდილი თანხა, რადგან ჩემი ფეხი იქ აღარ იქნება. არ ვიცი, რამდენად გააკეთებენ ამას, მაგრამ მათ ხელმძღვანელობასთან საქმის გარკვევას სერიოზულად  ვაპირებ. შესაძლოა სასამართლოსაც მივმართო.

   მანამდე კი ერთ ამბავს მოგიყვებით. 1999 წელს თვენახევრით ამერიკაში მომიწია ყოფნა. ჩემი მასპინძელი სიმპათიური ოჯახი იყო – ცოლ–ქმარი  სელი და გრეგი. სელი იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, გრეგი კი ერთ–ერთი დიდი კომპანიის მაღალ თანამდებობაზე. იმ პერიოდში კლინტონის და მონიკა ლევინსკის სკანდალმა კულმინაციას მიაღწია. მე და სელი საღამოობით ყველაფერზე ვჭორაობდით – მათ შორის კლინტონის ამბავზეც. ერთხელაც ნახევრად ხუმრობით ვკითხე – რა გაუწყალეთ გული ამ კლინტონს, ცოლისთვის ვის არ უღალატია, ტყუილი ვის არ უთქვამს – მითუმეტეს პოლიტიკოსებსმეთქი.  მაშინ სელიმ ისეთი რამ მითხრა, რაც ამ სკანდალის პერიოდში და არც მას შემდეგ არავისგან მომისმენია და რაც დღემდე მახსოვს:

ჩემთვის ის არ არის მთავარი, რაც შენ მითხარი. ჩემთვის მთავარი სხვა რამეა: კლინტონმა რომანი გააბა სამსახურში, თავის თანამშრომელთან, შესაძლოა თანამდებობაც გამოიყენა ბოროტად, სექსი ჰქონდა სამსახურში. ეს რომ ჩემს გრეგს გაეკეთებინა, მას აუცილებლად დატოვებინებდნენ სამსახურს. რითია კლინტონი ჩემს გრეგზე მეტი?

სელის ამ სიტყვებმა ძალიან ნათლად დამანახა, რატომ არის ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანა. დღევანდელმა ისტორიამ კი კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რატომ იქნება საქართველო კიდევ დიდხანს არშემდგარი ქვეყანა,  რაც არ უნდა ამტკიცოს ქალბატონი სანდრას მეუღლემ, რომ ეს ქვეყანა შედგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი