კომენტარი

ბერძენიშვილი: სეკულარულ სახელმწიფოში პატრიარქის, მუფტის, დალაი ლამას ავტორიტეტი არაფერ შუაშია

5 დეკემბერი, 2015 • 1765
ბერძენიშვილი: სეკულარულ სახელმწიფოში პატრიარქის, მუფტის, დალაი ლამას ავტორიტეტი არაფერ შუაშია

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის სურვილი, ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება, ბუნებრივია, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი.

როგორც ბერძენიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანები არიან განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი. მისი თქმით, ეს ხან პატრიარქია, ხან მწერალი და ხან სხვა საზოგადო მოღვაწე:

”ბუნებრივია, პატრიარქის სურვილი, ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება, ჰუმანურია, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი. საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანები არიან განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი, ეს ხან პატრიარქია, ხან მწერალი და ხან სხვა საზოგადო მოღვაწე. ეს სოციალური კაპიტალი პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ კაპიტალად ვერ იქცევა, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმისა და ხელისუფლების დაყოფის ფუნდამენტურ პრინციპებს.”

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და აქ პატრიარქის ავტორიტეტი არაფერ შუაშია.

”მე, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდი, რადგან საქართველო არის რესპუბლიკა, სეკულარული სახელმწიფო და აქ პატრიარქის, მუფტის თუ დალაი ლამას ავტორიტეტი არაფერ შუაშია. პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ წინადადებას მხარს დაუჭერს, ან საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფო მოწყობის შესახებ, ან აპირებს თეოდიცეური გადატრიალება მოახდინოს ფაქტობრივად ურწმუნო და ფარისევლური მოტივებით,” — აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ხელაღებითი დეიზაციის მცდელობა არის გაუაზრებელი და არსებითად მცდარი წამოწყება. მისი თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში მოხდება:

“ჩვენი პატრიარქისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, სწორედ იმიტომ, რომ იგი, როგორც ადამიანი, იმსახურებს ნდობას, ხოლო მის რანგში სხვებიც გვინახავს, რომლებიც ასეთ ნდობას არ იმსახურებდნენ, საქართველოს რესპუბლიკის ხელაღებითი დეიზაციის მცდელობა არის გაუაზრებელი და არსებითად მცდარი წამოწყება, რომლის შედეგები ახლავეა ცნობილი: ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში. როგორც ყოფილმა პატიმარმა შემიძლია გითხრათ, რომ პატრიარქს პატიმრებისთვის გაცილებით მეტი შეუძლია — შეავედროს ისინი უფალს.”

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი,” – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი