ნეტგაზეთი | რუსეთი, თურქეთი და საქართველო რუსეთი, თურქეთი და საქართველო – Netgazeti
RU | GE  

რუსეთი, თურქეთი და საქართველო

რა დონეზე შეიძლება გამწვავდეს დაძაბული ვითარება რუსეთსა და თურქეთს შორის, გაბედავს თუ არა კრემლი ნატოს წევრ თურქეთზე თავდასხმას და რა არის საქართველოს როლი მეზობლების შესაძლო სამხედრო კონფლიქტში _ ამ თემებზე `ბათუმელები~ თურქეთში საქართველოს ყოფილ დესპანს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს და თსუ-ს მიწვეულ ლექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

უკვე მოვისმინეთ კრემლის განცხადება იმის თაობაზე, რომ სუ-24-ის ჩამოგდების გამო თურქეთთან ომს არ აპირებენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე რუსეთს ეხება, რომელსაც არაერთი პირობა დაურღვევია, მაინც არის პროცესების გამწვავების მოლოდინი. მითუმეტეს, რომ სირიაში უკვე შეაქვთ მსხვილი სარაკეტო კომპლექსი. თქვენი აზრით, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი?

ესკალაციის შესაძლებლობა გაჩნდა მაშინ, როცა რუსეთმა სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყო სირიაში. ამ ტერიტორიაზე არსებობს კონფლიქტი, რომელშიც გარკვეულწილად ჩართული იყო როგორც, ზოგადად, დასავლეთი, ისე თურქეთი. ანუ ამგვარი კონფლიქტის შესაძლებლობა შეიქმნა რუსეთის გამო მაშინ, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ფრენა იქ, სადაც მანამდე ნატოს თვითმფრინავები დაფრინავდნენ.

ანუ როცა რუსეთმა სირიაში ანტი-ISIS-ის კოალიციისგან დამოუკიდებლად დაიწყო თამაში?

დიახ.

რატომ გააკეთა ეს რუსეთმა? მას რამდენიმე მოტივი აქვს სირიაში: პირველი, მოსკოვს სურს ასადის რეჟიმის შენარჩუნება; მეორე მოტივი დაკავშირებულია რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ იზოლაციასთან [უკრაინის მოვლენების გამო] და სირიაში თავისი ჩართულობით სცადა დასავლეთის ქვეყნებისთვის მასთან დიალოგის დაწყება ეიძულებინა; მესამე _ ჩემი აზრით, კრემლს სურდა საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გადაეტანა პრობლემებიდან, რომელიც უკრაინაში შეექმნა, რადგან ფრონტის ხაზიდან გამარჯვების შესახებ ახალი ამბები შეწყდა და დიდი ალბათობით ეს აისახებოდა პუტინის რეიტინგზე. დღეს რუსეთის მოსახლეობას ართობენ ახალი ვიდეომასალებით, თუ როგორ მიფრინავს მათი რაკეტები კასპიის ზღვიდან სირიაში და როგორ გმირულად იმარჯვებენ რუსი მფრინავები სირიის ცაში.

თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება არანაირად არ ჯდებოდა იმ სურათში, რომლის დახატვაც პუტინს სურდა, ანუ პუტინის მიზნების საწინააღმდეგო რამ მოხდა. იმის ნაცვლად, რომ ახალი გამარჯვების შესახებ პატაკები მიდიოდეს მოსკოვში, მოხდა ასეთი რამ… ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმაა მისი პრესტიჟისთვის, მითუმეტეს სრულიად აშკარაა, რომ თურქეთის ქმედებაზე რუსეთს სამხედრო პასუხი არ აქვს, იმისათვის, რომ [შელახული] პრესტიჟი აღიდგინოს. ერთადერთი რაც რჩება, ეს არის ბოღმის გამოხატვა ეკონომიკური სანქციების საშუალებით. ვიღაცამ ამას ხუმრობით „ანტიტურისტული ოპერაციაც“ დაარქვა, რომელსაც რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ იწყებს.

ბატონო გიორგი, ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, პუტინს უნდა სჭირდებოდეს გარკვეული ტიპის რეაბილიტაცია საკუთარი მოსახლეობის თვალში, თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალის დემონსტრირება და არა ეკონომიკური საშუალებების გამოყენება თურქეთის მიმართ.

ასე იქნებოდა, შესაბამისი რეალური შესაძლებლობები რომ ჰქონდეს რუსეთს. მაგალითისთვის გეტყვით: არსებობს უამრავი ქვეყანა, რომელიც მეორე ქვეყნის სუვერენულ საჰაერო სივრცეს არღვევს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა ჩემთან კამათში თქვა, რომ თურქეთს 2200-ჯერ აქვს საბერძნეთის საჰაერო სივრცე დარღვეული. მოგეხსენებათ, ეს ქვეყნები პერიოდულად უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს. საბერძნეთი დიდი სიამოვნებით ჩამოუგდებდა თურქეთს თვითმფრინავებს, იმ შედეგებთან გამკლავების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, რაც ამას მოჰყვება.

თურქეთს გააჩნია იმის უნარი, რომ ერთი მხრივ, ჩამოაგდოს სხვა ქვეყნის თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეს არღვევს და შემდეგ მზად იყოს პასუხი გასცეს ნებისმიერ შემდგომ გართულებას.

თურქეთს შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია.

ეს არის შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს ომს თურქეთთან?

თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა დამოუკიდებლად ეფექტურად შეუძლია. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. მის უკან დგას ნატო. თუ [თურქეთს თავს დაესხმებიან და] ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მე-5 მუხლს აამოქმედებს და ნატოს ზოგიერთი ქვეყანა ვალდებულების შესრულებისგან თავს აიცილებს, მოიძებნება ამერიკის შეერთებული შტატები. მხოლოდ აშშ-ის ფაქტორიც საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, ვინც თურქეთზე თავდასხმას დააპირებს, ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს.

შეიძლება რუსეთმა პირდაპირ არ გამოუცხადოს ომი, თუმცა ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ რუსეთსა და თურქეთს, სირიაში, შავ ზღვაში და ა.შ. დაძაბულობის დონე საკმაოდ მაღალია. თქვენ გამორიცხავთ, რომ კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია სამხედრო თვალსაზრისით?

როდესაც საქართველოში ამ თემას განიხილავენ, მე ორი სახის ეიფორიას ვხედავ. ერთი, ეს არის საზეიმო ვითარება: რა კარგია, რომ რუსეთს დაარტყეს და მეორე – სასწრაფოდ მხარი დავუჭიროთ რუსეთს, თორემ დავიღუპებით. ორივე უკიდურესობაა და მგონი ორივე არასწორია. ნებისმიერი კონფრონტაციის დროს არსებობს ესკალაციის საფრთხე, რომელიც შეიძლება არც ერთი მხარის გათვლაში არ ყოფილა. ბევრი ომი და დიდი მოვლენა დაწყებულა შემთხვევითობების შედეგად, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში შემთხვევითობის შესაძლებლობა გაჩნდა იმ მომენტიდან, როდესაც რუსებმა დაიწყეს ფრენა იმ საჰაერო სივრცეში, სადაც მანამდე ამერიკელები, თურქები და სხვები დაფრინავდნენ. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ამის პირდაპირი შედეგია. თუ მკითხვათ ვისი ბრალია, ეს რუსეთის ბრალია და არა სხვა მხარის. გართულების შესაძლებლობა არსებობს და ახლა ყველამ უნდა სცადოს მისი მინიმიზება.

ჩემი აზრით, რუსეთის არჩევანი თურქეთისთვის პასუხის გაცემის თვალსაზრისით შეზღუდულია და მხოლოდ ეკონომიკის სფეროთია შემოფარგლული, რადგან სტრატეგიულ დონეზე დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო არ იქნება. თურქეთსაც სერიოზული ბერკეტები გააჩნია რუსეთთან მიმართებაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ კონფრონტაციის შემთხვევაში თურქეთს შეეძლება გამოიყენოს მონტროს კონვენციის პირობები და რუსეთს დარდანელის და ბოსფორის სრუტეები გადაუკეტოს, შესაბამისად, მისი იზოლაცია მოახდინოს ხმელთაშუა ზღვაზე.

რა შემთხვევაში შეუძლია ამის გაკეთება თურქეთს?

თურქეთის უსაფრთხოებისთვის მიყენებული სერიოზული ზარალი, ანკარასთვის იქნება საფუძველი, რომ ამგვარი ზომები მიიღოს.

თქვენ თქვით, რომ ძირითადად ორი ტიპის მოსაზრება ისმის საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთის მიხედვით, ადამიანებს გაუხარდათ ეს ფაქტი, ხოლო მეორე _ არიან შეშინებულები, რომ შესაძლოა დაიწყოს ომი, რომელიც გავლენას საქართველოზე იქონიებს. რა შედის საქართველოს ინტერესებში და რა არა ამ შემთხვევაში?

რა შედის საქართველოს ინტერესში და უნდა გვწყინდეს თუ გვიხაროდეს – ამ საკითხზე პასუხი ძალიან მარტივია. საქმე იმაშია, რომ ამ ორი სახელმწიფოდან ერთ-ერთი არის ქვეყანა [რუსეთი], რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვის საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, ხოლო მეორე [თურქეთი] არის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა. ამ ორიდან ერთი საქართველოს დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას სამხედრო გზით ებრძვის, ხოლო მეორე ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობას უწყობდა ხელს. 1990-იან წლებში მოსახლეობას შიმშილობა გაანადგურებდა, რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური დახმარება ამ ქვეყნისგან [თურქეთი] და მისი გავლით კიდევ სხვა სახელმწიფოებიდან. დღეს ჩვენ ერთთან რეალურად საომარ მდგომარეობაში ვართ, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი და ამით თავისი ამბიცია არ შეუზღუდავს _ თანმიმდევრულად ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობის შესუსტებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი პროდასავლური მისწრაფებების შეზღუდვის მცდელობაზე, ხოლო მეორე [თურქეთი] ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერია და როგორც მინიმუმ, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში იყო გამაოგნებელი შეკითხვა [ინტერაქტივის] და გამაოგნებელი შედეგი. რომლის მხარეს უნდა იყო?!

არ ვიცი რა ხდება იმ ადამიანების თავში, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთს უნდა დავუჭიროთ მხარი. ერთი ქვეყანა საქართველოს ებრძვის და მეორე სტრატეგიული მოკავშირეა. საქართველოს და თურქეთს ორმხრივი სტრატეგიული ინტერესი აქვთ. ჩვენ თურქეთისთვის წარმოვადგენთ კარიბჭეს კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიისკენ, მოკავშირე ვართ სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებში, ხოლო რუსეთი ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას და ყველანაირად ცდილობს ბოლო მოუღოს საქართველოს დამოუკიდებლობას. სულაც არ არის შორს წასვლა საჭირო იმისთვის, რომ მათ მიერ გადამწვარი სახლები ვიხილოთ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ჩვენ ბევრი არაფრის გაკეთება მოგვიწევს, თურქეთს არ უთხოვია რაიმეს გაკეთება, ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ თურქეთი რომ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც რუსეთი გადაჯეგავს და ჩვენც ზედ მიგვაყოლებს, ამაში შემიძლია ყველა დავარწმუნო. ვისაც შედეგების ძალიან ეშინია, ზედმეტ პანიკას არ უნდა მიეცეს.

სამწუხაროდ, გართულების პოტენციალი არსებობს და ის, რომ ჩვენ ამ ორ ქვეყანას შორის ვართ, ეს რასაკვირველია, რისკებს შეიცავს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვის უნდა ვგულშემატკივრობდეთ, მე მგონი ამაზე კითხვა არც უნდა დაისვას.

თურქეთი აშშ-ს შემდეგ ნატოს ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. მას ჰყავს 410500 სამხედრო მოსამსახურე, ათასზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, აქედან 223 უმეტესად F16-ის ტიპის ამერიკული გამანადგურებელი, რომელსაც თავად აწარმოებს ლიცენციით, მას გააჩნია ყველაზე ძლიერი სამხედრო ფლოტი როგორც შავ ზღვაზე, ისე ხმელთა შიაზღვაში (აშშ-ის შემდეგ) – სულ 115 ხომალდი. თურქეთს აქვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე სისტემაც. ასე რომ თურქეთი კარგადაა დაცული როგორც ჰაერიდან ისე ზღვიდან. სახმელეთო ოპერაციას არც კი განვიხილავ, რადგან რუსეთმა კარგად იცის, რომ ამ ქვეყანას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს, რომელსაც 12000-ზე მეტი თანამედროვე ტანკი, ჯავშან-ტრანსპორტიორი და თვითმავალი ქვემეხი გააჩნია.

დასკვნისათვის ვიტყვი, რომ თურქეთს საკმარისი სამხედრო ძალა გააჩნია იმისთვის, რომ მასთან შეიარაღებული კონფლიქტი არავის სურდეს. დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეს კარგად ესმის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com