კომენტარი

wikileaks-ახალი გასართობი “დიდებისათვის”

3 დეკემბერი, 2010 • • 1427
wikileaks-ახალი გასართობი “დიდებისათვის”
თუ გინდა რომ მსოფლიო 
გაასულელო,   უთხარი სიმართლე.
ოტო ფონ ბისმარკი

ნოემბრის ბოლოს wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. კაცობრიობის ისტორიაში დღემდე ინფორმაციის არც ერთ “გაჟონვას” არ გამოუწვევია ამხელა საინფორმაციო ისტერია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი ვიკილიკს 11 სექტემბის მოვლენებსს ადარებს და მსოფლიო ისტორიაში ახალი ერის დასაწყისად მიიჩნევს, ყველაფერი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს გავს და რაიმე  სერიოზული გართულება ამ აჟიოტაჟს არ მოჰყვება. 

 

პირველ რიგში დაძაბულობის ინდექსი იმდენად დაბალია, რომ გამორიცხულია, ეს რომელიმე ქვეყანამ სერიოზული კონფრონტაციის დაწყების მოტივად გამოიყენოს, დღეს მსოფლიო გაცილებით უფრო ცივილიზებულია, ვიდრე თუნდაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, მაშინ, როცა ანალოგიურ სიტუაციაში “ციმერმანის ტელეგრამა” აშშ-ის პირველ მსოფლიო ომში ჩართვის საბაბი გახდა.

ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ინფორმაციის გავრცელება და, რაოდენ წინააღმდეგობრივადაც არ უნდა ჩანდეს ეს შეხედულება, ერთადერთი ლოგიკური პასუხია– თავად ვაშინგტონის. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები, რომ სენატორმა ჯო ლიბერმანმა wikileaks-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მოითხოვა, არაფრის მომცემია. ხოლო ორგანიზაციის დამაარსებლის, ავსტრალიელი ჯულიან ასანჟეს ძებნა ინტერპოლის მიერ, საერთოდ არ უკავშირდება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მასალებს, რადგანაც მასზე შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ძიება სექსუალური დანაშაულებების გამო.

wikileaks-ი 2006 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში 1,2 მილიონი დოკუმენტის დაუფლება მოახერხა. ავღანეთსა და ერაყთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალების საშუალებით უკვე შეძლო ყურადღების მიქცევა და ვაშინგტონის გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და პრევენციული ღონისძიებების არჩატარება, დიდ ეჭვს აჩენს. როდესაც სუპერსახელმწიფოს დიპლომატიური და სპეცსამსახურებიდან 3 წლის განმავლობაში ხდება მილიონზე მეტი დოკუმეტის გადინება, ამას ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ უნდა უყურებდეს და მხოლოდ კრიტიკა-აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

საკმაოდ ლოგიკურად მეჩვენება მოსაზრება, რომ ამერიკამ თავად შეუწყო ხელი ამ დოკუმენტების გამომზეურებას. ამის თქმის საშუალებას იძლევა ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებიც, უნდა აღინიშნოს, რომ wikileaks-ის ხელთ არსებული 251 ათასამდე დოკუმენტიდან არც ერთი არ არის სამხედრო საიდუმლოებებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული და არც ერთი მათგანი არ მიეკუთვნება კატეგორიას “სრულიად საიდუმლო”. 15 ათასი დოკუმეტი კლასიფიცირებულია, როგორც “საიდუმლო”. 101 ათასი – “კონფიდენციალური”, 135 ათასი კი საერთოდ არ არის კლასიფიცირებული.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ ფაილების 2 კატეგორიად დაყოფა უფრო მიზანშეწონილია. 1 ნაწილი – “სასაცილო”, სხვას ვერაფერს უწოდებ ინფორმაცის იმის შესახებ, რომ ამერიკულ დიპლომატიურ სამსახურში პუტინი მოხსენიებულია, როგორც “ბეტმენი”, ან “ალფა მამრი”. მედვედევი, როგორც “რობინი” ან “ბეტა მდედრი,” სარკოზი, როგორც “შიშველი იმპერატორი,” ბერლუსკონი, როგორც “ტიპიური ევროპელი უმოქმედი ლიდერი” და კიმ ჩენ ირი, როგორც “დაჩაჩანაკებული მოხუცი.”

მეორე კატეგორიას კი მივცემდი კლასიფიკაციას – “აშშ-სთვის სასარგებლო”. რადგანაც ყოველი ეგეთი “გამოგდებული” დოკუმენტის უკან სერიოზული გათვლები იმალება. უფრო კონკრეტულად რომ მივუდგეთ საკითხს, ცივი ომის პერიოდში ამერიკის მიერ არჩეული საკმაოდ მოქნილი დიპლომატია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კლინტონის ადმინისტრაციის დროს საკმაოდ ხისტი გახდა, ხოლო ბუშის მმართველობის დროს საკმაოდ აგრესიულობის ელემენტები შეიძინა, მაგალითად “ბუშის დოქტრინის” არსებობაც საკმარისია. wikileaks-ის დოკუმეტებით გაკეთებული მესიჯებიც სწორედ რომ ამ აგრესიული დიპლომატიის ნაწილია. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის მონარქი ამერიკას ირანზე დროული იერიშის მიტანას სთხოვს, სწორედ რომ აშშ-ს ინტერესებში შედის, რადგანაც ირან-არაბულ სამყაროს შორის უნდობლობასა და ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევს და მომავალში მათ შორის მეგობრობის ჩამოყალებების ნებისმიერ მცდელობას შეუშლის ხელს. კორეის გაერთიანებაზე საუბარი ნათელი მესიჯია ჩინეთისთვის, რომ ამ საკითხით ამერიკის შეერთებული შტატებია დაინტერესებული და ამ იდეის განხორციელებამ შეიძლება სერიოზული სარგებელი მოუტანოს თვით პეკინსაც, გარდა ამისა, თურქული გაზეთის Hurriyet-ის მიერ განრცელებული ინფორმაციით, ანკარა იმდენად შეაშფოთა wikileaks-ის საშუალებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს თურქული სპეცსამსახურები ალ-ქაიდას საქმიანობას უწყობდნენ ხელს, რომ მზადყოფნას გამოთქვამს, თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამერიკელებს საკუთარ საიდუმლო მასალების შემოწმების საშუალებაც კი მისცეს.

თუ wikileaks-ის დაპირებას ვენდობით, ახლო მომავალში უფრო საინტერესო “გასართობს” უნდა ველოდოთ. რთული სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება მსოფლიო მასმედიის ერთ საკითხზე მიჯაჭვა და მისი საშუალებით ხალხის მანიპულირება, ერთი რამ კი ნათელია, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, მშვენივრად გამოსდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი