“აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ექცევა” – ამ სათაურით საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი.
გაზეთის სარედაქციო კოლეგიის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული ხდება, საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიის სტრატეგიას.
გთავაზობთ სტატიის თარგმანს სრულად.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს ერევანს ეწვია, სადაც ხელი მოაწერა შეთანხმებებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის შესახებ და მხარი დაუჭირა სომხეთის დასავლურ კურსს ივნისის არჩევნების წინ. ეს იყო მაღალი დონის ვიზიტების სერიის უახლესი ნაწილი, რაც იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას.
მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას აქვს სუსტი წერტილი. აშშ-ის ოდესღაც ერთგული მოკავშირე რეგიონში, საქართველო, სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. მისი მთავრობა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, წლებია ღიად ეარშიყება რუსეთს დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ის ასევე ავითარებს ურთიერთობებს ირანთან.
ჰადსონის ინსტიტუტის ბოლოდროინდელი ანგარიში ასახავს ამ ცვლილების მასშტაბებს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანს ნება დართო, შეექმნა რელიგიური სკოლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საქველმოქმედო საფარისა და მედიასაშუალებების ქსელი, რომელიც მიმართულია საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელი შიიტი უმცირესობისკენ.
ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2020 წელს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) რეკრუტირების არხად გამოაცხადა, საქართველოში სამ კამპუსს ამუშავებს. „აჰლ ალ-ბაიტის“ მსოფლიო ასამბლეამ, რომლის ყოფილი ხელმძღვანელიც მართავდა ჰამბურგის ისლამურ ცენტრს (რომელიც გერმანიამ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსით დახურა), საქართველო თავისი კავკასიური ოპერაციების სტრატეგიულ „ბაზად“ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს ორჯერ ეწვია თეირანს და გადაიღო ფოტო „ჰამასის“ გარდაცვლილ ლიდერ ისმაილ ჰანიეს გვერდით.
ამ ფლირტის შედეგები უკვე თვალსაჩინოა. საქართველოს მოქალაქე აგილ ასლანოვი 2025 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა მას შემდეგ, რაც ირანის „ყუდსის ძალებმა“ ბაქოში ებრაელი ლიდერის მკვლელობისთვის გადაიბირეს. საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ფოლად ომაროვს, გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აშშ-ის ტერიტორიაზე ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის IRGC-ის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. მარტში კი საბერძნეთის დაზვერვამ კრეტაზე, სუდას ყურის სამხედრო ბაზაზე, სადაც იდგა ამერიკული გემი USS Gerald R. Ford — ჯაშუშობის ეჭვით დააკავა წარმოშობით აზერბაიჯანელი, საქართველოს 36 წლის მოქალაქე.
სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების განმტკიცებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო დერეფნის გახსნას ეფუძნება, საქართველო ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდასთან თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ეჭვგარეშეა, რომ მისი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში.
„ქართული ოცნება“ ნამდვილად შეეცდება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტრანზაქციული ანუ გარიგებაზე დაფუძნებული ურთიერთობა შესთავაზოს, თუმცა ეს არის მთავრობა, რომელიც ღიად ეარშიყება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერს. მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისში, ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი იყო მიძღვნილი, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ტრამპის ადმინისტრაციამ სულ უფრო ავტორიტარულ საქართველოს მთავრობას ისე, რომ პირველ რიგში არ დაინახოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ თბილისს შეუძლია, უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს, ვიდრე ამას ბოლო წლებში აკეთებდა? ეს ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენას და პროდასავლურ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის დასრულებას. ქვეყანაში სახიფათო პროირანული ქსელების დემონტაჟი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ამის გარეშე, ვაშინგტონს არანაირი საფუძველი არ აქვს, განიხილოს საქართველო, როგორც პოტენციური მოკავშირე. ამჟამად ის უფრო ჰგავს ამერიკის მოწინააღმდეგეებთან მოკავშირე ქვეყანას, რომელიც ვაშინგტონის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესის გზაჯვარედინზე დგას.
შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
