„დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.
„პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობლები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ბოლო წლებში თბილისის საჯარო ბაღებში დაინერგეთ HACCP-ის სტანდარტი, რაც შესაძლებლობას იძლევა, „მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან დაწყებული ბენეფიციარამდე დასრულებული“, სრულად გაკონტროლდეს საკვები პროდუქტები.
„არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ არ გვაქვს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები. სურსათის სააგენტო სისტემატურად ამოწმებს პროდუქტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებას, ბავშვების სათამაშოებს, რათა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. თეთრეულზეც კი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება“, — განაცხადა კალაძემ.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.
ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის
“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრი
