სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე „გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
„ნეტგაზეთს“ წყარომ მიაწოდა სამხარაულის ექსპერტის დასკვნა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა შეეხებოდა 21-ე საჯარო სკოლის სეისმური მდგრადობას და რენტაბელურია თუ არა არსებული შენობის რეაბილიტაციის განხორციელება. ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კი 2026 წლის 10 სექტემბრითაა დათარიღებული.
დასკვნის თანახმად:
„21-ე საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული დაზიანებების ინტენსიურობიდან და შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“.
სამხარაულის ექსპერტიზის სრული დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღეს
