კომენტარი

“მოდით, დავასრულოთ ეს “ზაზუნას დღე” – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

22 იანვარი, 2026 •
“მოდით, დავასრულოთ ეს “ზაზუნას დღე” – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

გთავაზობთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.


ძვირფასო მეგობრებო, ყველას ახსოვს შესანიშნავი ამერიკული ფილმი ‘ზაზუნას დღე’ (Groundhog Day). არავის სურს ასე ცხოვრება — იმავეს გამეორება კვირების, თვეების და, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში. და მაინც, ზუსტად ასე ვცხოვრობთ ჩვენ ახლა. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ყოველი ასეთი ფორუმი ამას ადასტურებს.

გასულ წელს აქ, დავოსში, ჩემი სიტყვა დავასრულე ფრაზით: ‘ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი’. გავიდა ერთი წელი და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ იმავე ვითარებაში ვართ, სადაც, უნდა ვთქვა, რომ იმავე სიტყვების თქმა მიწევს.

მაგრამ, რატომ? პასუხი არ არის მხოლოდ იმ საფრთხეებში, რომლებიც არსებობს ან შეიძლება გაჩნდეს. ყოველ წელს რაღაც ახალი ხდება. მაგალითად, ყველამ მიაპყრო ყურადღება გრენლანდიას. ცხადია, ლიდერების უმეტესობამ უბრალოდ არ იცის, რა მოიმოქმედოს ამასთან დაკავშირებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა უბრალოდ ელოდება ამერიკას, რომ სიტუაცია ჩაცხრეს ამ თემასთან დაკავშირებით. იმედოვნებენ, რომ ეს თავისით გაივლის. მაგრამ თუ არ გაივლის? რა მოხდება მაშინ?

იყო ბევრი საუბარი ირანში მიმდინარე პროტესტებზე, მაგრამ ისინი სისხლში ჩაახშეს. მსოფლიო საკმარისად არ დაეხმარა ირანელ ხალხს და ეს სიმართლეა — ის გვერდზე გადგა. ევროპაში კი იყო შობა და ახალი წლის ზეიმი, სეზონური არდადეგები. სანამ პოლიტიკოსები სამსახურს დაუბრუნდნენ და პოზიციის ჩამოყალიბება დაიწყეს, აიათოლამ უკვე ათასობით ადამიანი დახოცა.

რა გახდება ირანი ამ სისხლის ღვრის შემდეგ? თუ რეჟიმი გადარჩება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი ყველა მოძალადისთვის: ‘დახოცე საკმარისი რაოდენობის ხალხი და შეინარჩუნებ ძალაუფლებას’. ვის სჭირდება ევროპაში, რომ ეს გზავნილი რეალობად იქცეს? და მაინც, ევროპას არც კი უცდია საკუთარი პასუხის ჩამოყალიბება.

შეხედეთ დასავლეთ ნახევარსფეროს. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაატარა ოპერაცია ვენესუელაში და მადურო დააკავეს. იყო განსხვავებული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — მადურო ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშეა. ბოდიში, მაგრამ პუტინი — არა.

და ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის მეოთხე წელიწადი. კაცი, რომელმაც ეს დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ კვლავ იბრძვის ევროპაში გაყინული საკუთარი ფულისთვის. იცით, რა? მას გარკვეული წარმატებაც აქვს, ეს სიმართლეა. ეს პუტინია, რომელიც ცდილობს გადაწყვიტოს, როგორ უნდა იქნას გამოყენებული რუსული გაყინული აქტივები და არა ისინი, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, დასაჯონ იგი ამ ომისთვის.

მადლობა ღმერთს, ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა და მე ამისთვის მადლიერი ვარ… მაგრამ როცა დადგა დრო, რომ ეს აქტივები უკრაინის დასაცავად გამოგვეყენებინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება დაიბლოკა. პუტინმა მოახერხა ევროპის გაჩერება, სამწუხაროდ.

შემდეგი საკითხი: ამერიკის პოზიციის გამო, ხალხი ახლა თავს არიდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თემას. ეს გასაგებია, ეს ამერიკის ისტორიული პოზიციაა. მაგრამ, ამავდროულად, არ არის რეალური პროგრესი რუსული აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის კუთხით. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, სიმართლეა, მრავალი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ევროპას ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ წერტილისთვის, რომ ფიზიკური ადგილი ჰქონდეს ტრიბუნალისთვის, პერსონალით და რეალური სამუშაო პროცესით.

რა გვაკლია — დრო თუ პოლიტიკური ნება? ევროპაში ძალიან ხშირად რაღაც სხვა უფრო ‘აჩქარებული’ ხდება, ვიდრე სამართლიანობა.

სწორედ ახლა აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან უსაფრთხოების გარანტიებზე და მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ ეს ეხება პერიოდს ომის დასრულების შემდეგ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, იქნება კონტინგენტები, ერთობლივი პატრულირება და პარტნიორების დროშები უკრაინულ მიწაზე. და ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი და სწორი სიგნალი, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მზად არიან, რეალურად განათავსონ თავიანთი ძალები ადგილზე. უკვე არსებობს პირველი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ‘მსურველთა კოალიცია’ იქცეს ‘მოქმედების კოალიციად’. და ისევ, ყველა ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ… ყოველთვის არის ‘მაგრამ’. პრეზიდენტ ტრამპის ზურგი (მხარდაჭერა) აუცილებელია. და ისევ — უსაფრთხოების არცერთი გარანტია არ მუშაობს აშშ-ის გარეშე.

მაგრამ რა ვუყოთ თავად ცეცხლის შეწყვეტას? ვინ დაეხმარება მის განხორციელებაში? ევროპას უყვარს მომავალზე მსჯელობა, მაგრამ გაურბის დღევანდელ მოქმედებას, მოქმედებას, რომელიც განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება. ეს არის პრობლემა.

რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს გააჩეროს ‘ჩრდილოვანი ფლოტის’ ტანკერები და ჩამოართვას ნავთობი, ევროპას კი — არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება ევროპის სანაპიროების გასწვრივ. ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნავთობი ეხმარება ევროპის დესტაბილიზაციას. ამიტომ რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მოხდეს მისი კონფისკაცია და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. რატომაც არა?

თუ პუტინს არ ექნება ფული, ევროპაში ომი არ იქნება. თუ ევროპას ექნება ფული, მაშინ მას შეეძლება დაიცვას თავისი ხალხი. ახლა კი, ეს ტანკერები ფულს შოულობენ პუტინისთვის, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის გატარებას.

ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები. ძალები, რომლებსაც ნამდვილად შეეძლებათ ევროპის დაცვა. დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ თუ საფრთხე მოვა, NATO იმოქმედებს. მაგრამ ალიანსი მოქმედებაში რეალურად არავის უნახავს.

თუ პუტინი გადაწყვეტს ლიეტუვის აღებას ან პოლონეთზე დარტყმას, ვინ უპასუხებს? ახლა NATO არსებობს რწმენის ხარჯზე, რომ აშშ იმოქმედებს, რომ ის არ გადგება განზე და დაეხმარება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა? მერწმუნეთ, ეს კითხვა ტრიალებს ყველა ევროპელი ლიდერის გონებაში. ზოგი ცდილობს დაუახლოვდეს პრეზიდენტ ტრამპს — ეს სიმართლეა. ზოგი ელოდება და იმედოვნებს, რომ პრობლემა გაქრება. ზოგმა დაიწყო მოქმედება: იარაღის წარმოებაში ინვესტირება და ა.შ. მაგრამ გავიხსენოთ: სანამ ამერიკამ არ დააძალა ევროპას თავდაცვაზე მეტის დახარჯვა, ქვეყნების უმეტესობა არც კი ცდილობდა მიეღწია მშპ-ს 5%-ისთვის — მინიმუმისთვის, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის.

თუ თქვენ გაგზავნით 30 ან 40 ჯარისკაცს გრენლანდიაში, რისთვის არის ეს? რა გზავნილია ეს? რა გზავნილია ეს პუტინისთვის? ჩინეთისთვის?  რაც მთავარია, რა გზავნილია ეს დანიისთვის — თქვენი ახლო მოკავშირისთვის?

თქვენ ან აცხადებთ, რომ ევროპული ბაზები დაიცავს რეგიონს რუსეთისა და ჩინეთისგან და აარსებთ ამ ბაზებს, ან რისკავთ, რომ სერიოზულად არ აღგიქვამენ. რადგან 30 ან 40 ჯარისკაცი ვერაფერს დაიცავს.

ჩვენ ვიცით, რა უნდა ვქნათ. თუ რუსული სამხედრო ხომალდები თავისუფლად დაცურავენ გრენლანდიის გარშემო, უკრაინას შეუძლია დახმარება. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა და იარაღი, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ეს ხომალდი არ დარჩეს. მათ შეუძლიათ ჩაიძირონ გრენლანდიასთან, ისევე როგორც ყირიმთან. ჩვენთვის ზღვა არ არის თავდაცვის პირველი ხაზი, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ. და ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ იქ, თუ გვთხოვენ და თუ უკრაინა NATO-ში იქნებოდა. მაგრამ ჩვენ არ ვართ.

რაც შეეხება ირანს, ყველა ელოდება, რას იზამს ამერიკა. მსოფლიო არაფერს გვთავაზობს, ევროპა არაფერს გვთავაზობს…

როცა უარს ამბობ, დაეხმარო ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, შედეგები ბრუნდება და ის ყოველთვის ნეგატიურია. ბელარუსი 2020 წელს ამის მაგალითია. არავინ დაეხმარა მათ ხალხს და ახლა რუსული ‘ორეშნიკის’ რაკეტები განლაგებულია ბელარუსში, ევროპის დედაქალაქების უმეტესობის წვდომის არეალში.

რაკეტები არასდროს არის უბრალოდ დეკორაცია. ევროპა კი ისევ ‘გრენლანდიის რეჟიმშია’ — ეგებ ,ოდესმე ვინმემ რამე გააკეთოს.

რუსული რაკეტები იწარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს სანქციების გვერდის ავლის გზები. რუსეთი იღებს კომპონენტებს კომპანიებისგან ევროპაში, აშშ-ში და ტაივანში. დიახ, ტაივანისგან, რომლის სტაბილურობაშიც ახლა ინვესტიციას დებენ ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ შეუძლიათ თუ არა ტაივანურ კომპანიებს შეწყვიტონ ელექტრონიკის მიწოდება რუსეთის ომისთვის? ამერიკა ამბობს არაფერს, ევროპა — თითქმის არაფერს, პუტინი კი რაკეტებს ამზადებს.

ჩვენ მადლიერი ვართ ‘პატრიოტის’ რაკეტებით დახმარებისთვის, მაგრამ ხომ არ იქნებოდა უფრო იაფი და მარტივი, უბრალოდ მოგვეჭრა რუსეთისთვის კომპონენტების მიწოდება, ან თუნდაც გაგვენადგურებინა ქარხნები, რომლებიც მათ აწარმოებს?

გასულ წელს დროის უმეტესი ნაწილი დაიხარჯა უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღზე საუბარში. ყველა ამბობდა, რომ გამოსავალი მანძილის დაფარვაშია. ახლა კი ამის შესახებ აღარავინ საუბრობს. მაგრამ რუსული რაკეტები და ‘შაჰიდები’ ისევ აქ არის.

ჩვენ გვირჩიეს, არ გვეხსენებინა ‘ტომაჰავკები’ ამერიკელებთან, რომ განწყობა არ გაგვეფუჭებინა. გვითხრეს, არ გვეხსენებინა ‘ტაურუსის’ რაკეტები. როცა თემა თურქეთია, დიპლომატები ამბობენ: ‘არ აწყენინოთ საბერძნეთს’. როცა საბერძნეთია: ‘ფრთხილად იყავით თურქეთთან’.

ევროპაში არის უსასრულო შიდა კამათი და უთქმელი რამეები, რაც ხელს უშლის ევროპას გაერთიანებაში და გულწრფელ საუბარში რეალური გადაწყვეტილებების მისაღებად.

„დღეს ამერიკამ წამოიწყო ‘მშვიდობის საბჭო’. უკრაინა მიწვეული იყო, ისევე როგორც რუსეთი და ბელარუსი, თუმცა ომი არ გაჩერებულა. ყველას ჰქონდა თავისი მიზეზი, ვინ შეუერთდა და ვინ არა.

მაგრამ აი, რა ხდება: ევროპას ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია ერთიანი პოზიცია ამ ამერიკულ იდეაზე. შესაძლოა, დღეს საღამოს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტოს რამე, მაგრამ დოკუმენტებს ხელი უკვე მოეწერა დილით.

თუმცა გუშინ ღამით მარკ რუტე (NATO-ს გენერალური მდივანი) ესაუბრა პრეზიდენტ ტრამპს. მადლობა მარკს პროდუქტიულობისთვის. ამერიკა უკვე ცვლის პოზიციას. მაგრამ არავინ იცის ზუსტად, როგორ. ასე რომ, მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ, ვიდრე ევროპა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ არ უნდა დავჯერდეთ მეორეხარისხოვან როლებს, როცა გვაქვს შანსი, ვიყოთ დიდი ძალა ერთად. ევროპა უნდა იყოს გლობალური ძალა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სხვებს, გახდნენ უფრო ძლიერები, ვიდრე არიან. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

დღეს ჩვენ გვჭირდება ეს ძალა, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ თქვენც გჭირდებათ უკრაინის დამოუკიდებლობა, რადგან ხვალ შეიძლება თქვენი ცხოვრების წესის დაცვა მოგიწიოთ. და როცა უკრაინა თქვენთანაა, ვერავინ ‘შეიწმენდს ფეხებს’ თქვენზე.

მოდით, დავასრულოთ ეს ‘ზაზუნას დღე’. დიახ, ეს შესაძლებელია. გმადლობთ. დიდება უკრაინას!“

მასალების გადაბეჭდვის წესი