“ეს გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას” – ასე აფასებენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები “ქართული ოცნების” კანონპროექტს “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ”.
მათ – ფსიქოლოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მედიატორებმა- სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც დეტალურად ხსნიან ინიციატივის მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს.
ერთ-ერთი, ვინც განცხადებას უერთდება არის ფსიქოლოგიის დოქტორი თინათინ ბანძელაძე. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სექტორში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. მათ შორის, იმ პერიოდში, როცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ჩატარდა.
ნეტგაზეთმა თინათინ ბანძელაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რას და რატომ აკრიტიკებს და როგორ მიდგომას მიიჩნევს სწორად ბავშვთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ალტერნატიულ მეთოდად.
რატომ უერთდება ამ განცხადებას ფსიქოლოგთა პროფკავშირი და თქვენ, როგორც ამ პროფკავშირის წევრი?
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენი, როგორც ფსიქოლოგების მთავარი სათქმელი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვგონია, რომ ნებისმიერი ცოდნა უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ამიტომ არ შეგვიძლია, არ გავაკეთოთ კომენტარი კანონპროექტის ჩვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანების – 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსებას დახურული ტიპის დაწესებულებაში.
ჩვენ გვაწუხებს არა მხოლოდ ეს ნაწილი, არამედ, რა თქმა უნდა, თვალს ვუსწორებთ რეალობას და გვაწუხებს მოზარდებში რთული ქცევის გაზრდილი სიხშირე. გვგონია, რომ ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სამეცნიერო ცოდნა, მტკიცებულებები, რაც დარგშია დაგროვილი. ეს მტკიცებულებები, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ მოზარდების ქცევის მთავარი საფუძველი და წყარო არის გარემოში. მოზარდების რთული ქცევა არის არაჯანსაღი გარემოს სიმპტომი. შესაბამისად, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გრძელვადიან, მდგრად შედეგებზე გავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად გარემოს შეცვლაზე ვიზრუნოთ – ერთხელ და სამუდამოდ ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა – და არ მოვახდინოთ ბავშვის იზოლაცია. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება გვაქვს, რომელიც მიუთითებს, რამდენად რთული და რისკის გაზრდის საფუძველი შეიძლება იყოს იზოლაცია.
რა რისკებზეა საუბარი? რა უარყოფით შედეგებს მოიტანს ბავშვების გადაყვანა დახურული ტიპის დაწესებულებაში?
ბავშვის იზოლაციასთან, ანუ დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან ასოცირებული რისკები შეგვიძლია პირობითად დავყოთ განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებად და თავად კრიმინოგენულ რისკებად:
განვითარების რისკებში ვგულისხმობთ იმას, რომ დახურული ტიპის დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ ემოციურ კავშირს. 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალია ალბათობა, შეფერხდეს სოციალური განვითარება, ემოციური განვითარება, მათ შორის, დეპრესიის და შფოთვის რისკები.
ასევე, შეიძლება- რისთვისაც, წესით, მივმართავთ ამ იზოლაციას – შემცირდეს რთული ქცევა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ამ დახურულ დაწესებულებაში, სადაც მოვათავსებთ ბავშვებს, ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ რთული ქცევის ფორმებს და ნორმებს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ, რომ ბავშვების მახასიათებელია, ერთმანეთზე დაკვირვებით ისწავლონ. ასეთი ტიპის რეაგირება ზრდის “პრობლემური ბავშვების” იარლიყს, რაც ქცევის კიდევ უფრო გართულებას უწყობს ხელს.
ამ რისკების გათვალისწინებით, მგონია, რომ ორმაგად მეტად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რამდენად შეიძლება დაგვეხმაროს აქტუალური პრობლემის დაძლევაში დახურული დაწესებულება, როგორც რთულ ქცევაზე რეაგირების ერთ-ერთი ზომა.
ინიციატორები ამბობენ, რომ კანონპროექტი საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნება, რომ ეს არის გერმანული მოდელის ანალოგი.
მინდა გითხრათ, რომ ბევრ იმ ქვეყანაში, რომლის მაგალითიც იქნა ნახსენები კანონმდებლის მხრიდან (შევისწავლეთ ამ ქვეყნების პრაქტიკაც) დახურული ტიპის დაწესებულებაში 10-დან 14 წლამდე ბავშვის გადაყვანა მიიჩნევა საგამონაკლისო, უკიდურეს აუცილებლობად.
რამდენიმე კრიტერიუმითაა განსაზღვრული ეს უკიდურესი აუცილებლობა:
- როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე თვითდაზიანების, ან სუიციდის რისკის გათვალისწინებით;
- როდესაც ოჯახი არის საფრთხის შემცველი ბავშვისთვის და ეს საფრთხე არის მყისიერი და მკაფიო;
- როდესაც სხვა ყველა ღონისძიება – ოჯახის გაძლიერების, ბავშვის სკოლაში რეინტეგრაციის, გარემოს გაჯანსაღების, ბავშვის ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ყოველდღიური და აქტიური მონიტორინგის და ჩართულობის და ა.შ. როცა ყველა სხვა მხარდაჭერის ღონისძიება არის ამოწურული.
ჩვენი წუხილიც, პრინციპში, ამას უკავშირდება: ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე [ბავშვის დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანამდე]?! ყველა რესურსი ამოვწურეთ ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვის სკოლაში რეინტეგრაციის, თავად ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობის და როგორც უკიდურეს, დროებით ღონისძიებას, ისე გამოვიყენებთ დახურულ დაწესებულებას?! ჩვენ გვაქვს საფუძველი ეჭვისა, რომ ჩვენს რეალობაში ასეთი კრიტერიუმები შეიძლება არ იყოს მკაფიო. ეს განცხადებაც ამას უკავშირდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა არის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნა, სადაც ბავშვებს, მათ შორის, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად გადაიყვანენ. თქვენ, სფეროს პროფესიონალები, ამას აფასებთ როგორც დასჯას. თუმცა დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტის მიზანი 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების პრევენციაა. მინდა გკითხოთ, რატომ არ არის დასჯა პრევენცია?
მე შემიძლია ამაზე, როგორც ფსიქოლოგმა, გიპასუხოთ. ორი მთავარი საფუძველი აქვს ამას:
პირველი არის ის, რომ დასჯა ყოველთვის გვაძლევს მოდელს, რა არ არის კარგი, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. მაგრამ დასჯა არ გვაძლევს მოდელს იმასთან დაკავშირებით, რა არ არის კარგი და როგორ ვიმოქმედოთ და, მით უმეტეს, არ გვაძლევს შესაძლებლობას და რესურსს, რომ ასე ვიმოქმედოთ.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დასჯა ხშირ შემთხვევაში ზემოქმედებას ახდენს ადამიანის თვითშეფასებაზე, მის ემოციურ მდგომარეობაზე. ხშირად, როცა ქცევას ასეთი რეაგირება მოჰყვება, ეს იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, დაკავშირებულია სტრესის, შიშის, შფოთვისა და ბრაზის ზრდასთან. ამ ყველაფრის ნიადაგზე მოზარდი ნაკლებად არის მოტივირებული, ნაკლებად აქვს შესაძლებლობა და რესურსი, რომ გააცნობიეროს და დაიწყოს ფიქრი საკუთარი ქცევის პოტენციურ შედეგებზე.
ისედაც რთულია ეს მოზარდობის ასაკში. ბავშვობის პერიოდში გრძელვადიანი შედეგების გაცნობიერება არ არის მარტივი ამოცანა. ეს ასაკობრივი განვითარების თავისებურებაა. ასაკობრივი განვითარების ეს თავისებურება პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც გარემოა არაჯანსაღი. თორემ ასაკობრივი განვითარების ეს თავისებურება არის ყველა ბავშვის ბუნებრივი მახასიათებელი.
დასჯა ასოცირებულია საფრთხესთან თვითშეფასებისთვის, სტრესთან, სევდასთან და ბრაზთან, რაც ხშირად ძირს აცლის საფუძველს იმას, რომ ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.
მინდა გითხრათ, რომ მხარდაჭერის ის ღონისძიებები რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, არ გამორიცხავს და არ უგულებელყოფს ბავშვის პასუხისმგებლობას. პირიქით, ეს არის ღონისძიებები, რომლებიც მტკიცებულებებზე დაფუძნებით გვეუბნება, რომ ხელს უწყობს პასუხისმგებლობის განცდას და ქცევის შეცვლას.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა – ამგვარი მტკიცებულებები არც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული – ბოლო პერიოდში ბავშვთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების არაერთი შემთხვევა გახმაურდა. ამ ფონზე საზოგადოების ნაწილი მიესალმება კანონპროექტს. თუ თქვენ ამბობთ, რომ დასჯა და ბავშვების მოთავსება დახურული ტიპის დაწესებულებებში მიუღებელია, მაშინ რა არის სწორი მიდგომა?
ეს ძალიან აქტუალური კითხვაა საზოგადოებაში და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ კითხვის არსი და მნიშვნელობა. თუმცა ამ კითხვის პარალელურად ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს კითხვა იქნება მუდამ ცოცხალი და აქტუალური, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ გადავწყვეტთ, რომ მთელი ძალისხმევა, რესურსი და ცოდნა ჩავდოთ პრევენციასა და მხარდაჭერაში. სხვა შემთხვევაში ეს კითხვა იქნება ყოველთვის აქტუალური, ახალი და ცოცხალი, და ყოველ ჯერზე გავივლით ერთსა და იმავე ციკლს, რომელზეც, მე თუ მკითხავთ, საკმაოდ დიდი ხანია დავდივართ.
მეორე მხრივ, თუ შევხედავთ საკითხს შედარებით უფრო ცივი, სამეცნიერო პერსპექტივით, როდესაც ვსაუბრობთ 10-დან 14 წლის ბავშვის ქცევაზე, გარეგანი კონტროლი არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. გარეგან კონტროლში ვგულისხმობ მეთვალყურეობას, მონიტორინგს, ქცევის კონტროლს, პოზიტიური დისციპლინის ზედამხედველობას. ამის განხორციელება ეფექტურია მაშინ, თუ ეს ხორციელდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში, ანუ იქ, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს და ფუნქციონირებს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, ოჯახის სოციალურ მხარდაჭერას.
ბავშვთან მუშაობა მისი ქცევის მართვისთვის აუცილებლად პირდაპირ ბავშვთან მუშაობას კი არ გულისხმობს – მიზეზებთან მუშაობას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, პრობლემური ქცევის საფუძველი, არის ოჯახი. თავის მხრივ, ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორები სოციალურ საკითხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ოჯახის სოციალური საკითხების გარეშემო სახელმწიფო სტრუქტურების გაერთიანება არის ბავშვის რთული ქცევის მართვა.
ამავე თემაზე:
- “ეს გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას” – განცხადება “ოცნების” ახალ კანონპროექტზე
- ბავშვის მოთავსება დახურულ დაწესებულებაში დასჯაა და არა დანაშაულის პრევენცია – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
- ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის – თოლორაია
- „ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას
- “კანონთან კონფლიქტში მყოფ” 14 წლამდე მოზარდებზე კანონპროექტი შემუშავდა







