სალომე ზურაბიშვილი პირველ აგვისტოს დაგეგმილ მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს გადამწყვეტი დღე იქნება და გამოააშკარავებს,  თუ ვინ არის სიმართლის მხარეს, ხოლო ვინ – უსამართლობის.

ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძეც შევა ისტორიაში, “როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული”.

მისივე თქმით, ამაყობს, რომ ისეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდითაა, როგორიც მზია ამაღლობელია.

ნეტგაზეთი აღნიშნულ “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე, თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ, ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს სახელის ესოდენ დისკრედიტაცია), ერთი ლოყაგალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა) და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით…

ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილი ადამიანობის გაღვიძების, მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს. ეს დღე ყველას ეხება და ყველას ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი, მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის:

მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის (თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავს და ესმის, რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუა და ყველაფერზე ამიერიდან დახუჭავს თვალს, სანამ მას არ შეეხებიან… უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!

აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ. ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი დასკვნითი პროცესი პირველ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.