ავტორი: ნიკა სიმონიშვილი, იურისტი
ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვისას შსს-ს მიეცა უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თვითონ დააჯარიმოს მოქალაქე 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული წესი მხოლოდ 7 თებერვლის შემდგომ მომხდარ შემთხვევებზე ვრცელდება.
7 თებერვლამდე მომხდარ ფაქტებზე შსს ოქმს ადგენს და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს ზეპირი განხილვის შემდეგ.
ახლა ოქმის შედგენის და მოქალაქის დაჯარიმების შემთხვევაში, შსს ვალდებულია, პირადად ან ფოსტის მეშვეობით ჩაგაბაროთ საჯარიმო ქვითარი თქვენ ან თქვენი ოჯახის სრულწლოვან წევრს. გაითვალისწინეთ, რომ თუ უარს განაცხადებთ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირი შესაბამის აღნიშვნას გააკეთებს ოქმზე და ის მაინც ჩაბარებულად ჩაგეთვლებათ, ამიტომ უარი არ განაცხადოთ ჩაბარებაზე.
საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან წარმოიშობა ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ეს უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში.
თუმცა დაჯარიმება საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეგიძლიათ გაასაჩივროთ:
- ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდგომ სასამართლოში;
- ან პირდაპირ სასამართლოში.
გასაჩივრებისას არც ერთ ინსტანციაში ბაჟის გადახდა არ მოითხოვება. გასაჩივრებას ორმხრივად აქვს მნიშვნელობა.
- ეს გადატვირთავს სისტემას და ნაკლებ რესურსს დაუტოვებს რეჟიმს სხვების დასაჯარიმებლად;
- საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში, მისი ყველა ინსტანციაში განხილვის დასრულებამდე უნდა გაჩერდეს მისი მოქმედება და ჯარიმის გადახდის აღსრულება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება საჩივრდება ასევე ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
შსს-სთვის გასაგზავნი საჩივრის შაბლონი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან. ყვითლად მონიშნული ადგილები უნდა ჩაანაცვლოთ ან მიამატოთ უშუალოდ თქვენთან დაკავშირებული დეტალებით.
ამ ბმულზე კი ნახავთ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის ფორმას.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული და/ან დაჯარიმებული მოქალაქეების მხარდასაჭერად შექმნილია სამართლებრივი დახმარების ქსელი. ქსელში ერთიანდებიან როგორც უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები, ისე კერძო ადვოკატები, რომლებიც, უსასყიდლოდ ეხმარებიან მოქალაქეებს სამართალწარმოებაში. მათთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 577 07 05 63








