კომენტარი

კონგრესმენი უილსონის თქმით, მუშაობს რომ ამოქმედდეს აქტი, რომელიც “ოცნების” ლიდერების სანქცირებას ითვალისწინებს

23 ნოემბერი, 2024 •
კონგრესმენი უილსონის თქმით, მუშაობს რომ ამოქმედდეს აქტი, რომელიც “ოცნების” ლიდერების სანქცირებას ითვალისწინებს

კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ “მეგობარი აქტი” საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. “მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს”, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.

ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა. აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.

“ამერიკის ხმის” ცნობით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგაც ამერიკის დედაქალაქში ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთება ისმის. სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა მიუთითეს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ეს არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდეს. არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები. ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას:

“მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში”, – ამბობს უილსონი.

„მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ივლისში დაამტკიცა. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პალატის სრული შემადგენლობისთვის მის წარდგენასა და მხარდაჭერას, უილსონი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც “მეგობარი აქტი” კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს”, – უთხრა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას”.

ორპარტიული საკანონმდებლო აქტია წარდგენილი სენატშიც – სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის კანონპროექტი, რომელიც ასევე ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ წარედგინათ კანონმდებლებს, და რომელსაც ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები უჭერენ მხარს. ისიც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისთვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების დაყენებას და საქართველოს პროდასავლური გზის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი